თითოეულ ბავშვს, როგორც საზოგადოების სრულფასოვან წევრსა და მოქალაქეს, აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი შეხედულება. უფროსების მხრიდან აუცილებელია ამ ფუნდამენტური უფლებების აღიარება, პატივისცემა და დაცვა, რაც ჩვენც რეალობაში ხშირად უგულველყოფილია.
არასამთავრობო ორგანიზაცია EWMI ACCESS -ის მხარდაჭერით, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რეგიონებში სამოქალაქო კამპანია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით, მომზადდა საინფორმაციო მასალა, რომლის მიხედვითაც გთავაზობთ მოზარდების დამაფიქრებელ, რეალურ მესიჯებს უფროსებისადმი, მათი წაკითხვა უემოციოდ ნამდვილად გაგიჭირდებათ:
„მეშინია, საჭმელს თუ არ შევჭამ, დედა მომიკვდება, ასე მეუბნებიან ბაღში“. „არ მიყვარს მაწვნის სუპი რაღაცები დაცურავს. მე თვითონ თუ არ შევჭამ ძალით მაჭმევენ, რა ვქნა?“ „დღეს ბაღში აღმზრდელმა ყველას ნაცრისფერი კურდღელი დაგვახატინა, მე კი წითელი გოჭის დახატვა მინდოდა, იასამნისფერი ყურებით.“ „მამიკო სულ გვიან ბრუნდება, არადა დღეს მინდოდა მომეყოლა, ბაღში უშველებელი ქაღალდის მანქანა გავაკეთეთ, მე მძღოლი ვიყავი.“ „მინდა დავდიოდე სკოლაში, სადაც არასდროს ყვირიან მასწავლებლები და გაკვეთილები საინტერესოა“. „ვხედავთ, რომ ხელფასისა და მოვლეობების გამო ატარებენ გაკვეთილებს, ასე ჩვენ აღარ გვინდა სწავლა“. „როგორი ასატანია მასწავლებელი კლასის წინაშე რომ გეჩხუბება? თან ამ დროს ბავშვებიც დაგცინიან და თავს სულელად გრძნობ“. „რატომ უნდა მიყვიროდეს და მაყენებდეს მასწავლებელი შეურაცხყოფას ჩემი ცისფრად შეღებილი თმების გამო?“ „დამამცირებელი და მტკივნეულია, როცა გიყვირიან და უტვინოს გეძახიან ხალხში“. „ბავშვები სულ დამცინიან სკოლაში, ამიტომ არავისთან ვმეგობრობ. დიდად, სწავლის სურვილიც აღარ მაქვს. ნეტა სკოლას ბულინგის შეჩერება შეეძლოს“. „ვვოცნებობ, რომ მე და ჩემი მშობლები ვმეგობრობდეთ“ „ჩემი მეგობრის მსგავსად, მეც მინდა, რომ დედაჩემს ყველაფერს ვუყვებოდე, „დამითმე რა დრო, პრობლემა მაქვს, მჭირდები“. „მინდა, რომ დასჯისა და საყედურის ნაცვლად რჩევასა და მხარდაჭერას ვიღებდე“. „სულ მეჩხუბებიან და მეუბნებიან, რომ არაფერი გამომივა ცხოვრებაში“. „რა რთულია, როცა მშობლების ოცნებების ასრულებას ემსახურები“. „ნეტავ მამაჩემს ჩემს მაგივრად არ გადაეწყვიტა, სად უნდა მესწავლა“. „რთულია, როცა გაიძულებენ იმის კეთებას, რაც არ გაინტერესებს“. „ბედნიერი მინდა ვიყო, ისე, როგორც მე გამიხარდება და არა, როგორც ამას სხვები თვლიან“.