ართროზი სახსრების დაავადებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. სტატისტიკის მიხედვით, ეს დაავადება დედამიწის მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. გავრცელების კუთხით, ართროზი გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური პათოლოგიების შემდეგ მესამე ადგილზეა.
სამწუხაროდ პაციენტების მომართვიანობა იმდენად დაგვიანებულია, რომ ართროზის მედიკამენტოზური მკურნალობა ფაქტობრივად შეუძლებელია და ქირურგიული ჩარევა აუცილებელი ხდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, პრევენციის მიზნით, პერიოდულად მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ სადიაგნოსტიკო კვლევები.
როგორ ვითარდება ართროზი და რატომ არის ქირურგიული ჩარევა მისი მკურნალობის ერთადერთი ეფექტიანი გზა? ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი კვარაცხელია გვესაუბრება.
საქართველოში მენჯ-ბარძაყის პრობლემა უფრო აქტუალურია, ვიდრე მუხლის სახსრის, რადგან ჩვენი რეგიონი დისპლაზიური, ანუ არასწორად განვითარებული სახსრისკენ მიდრეკილი რეგიონია.
რაც შეეხება პრევენციას, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კლინიკაში გვაქვს დიაგნოსტიკის მრავალი საშუალება, რომლითაც დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაა შესაძლებელი, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს რომ საწყის ეტაპზევე გამოვლინდეს დაავადება, დაინიშნოს შესაბამისი კონსერვატიული მკურნალობა და რიგ შემთხვევაში გადავადდეს ქირურგიული ჩარევა.
კვლევის მეთოდებიდან აღსანიშნავია დენსიტომეტრია. ოსტეოდენსიტომეტრიის ეს მეთოდი წარმოადგენს უზუსტეს, არაინვაზიურ და სწრაფ მეთოდს, რომელიც განსაზღვრავს ძვლის მინერალურ სიმკვრივეს, ადგენს ძვლის განლევის ხარისხს და მოტეხილობის რისკებს.
ქალბატონებში ყველაზე საყურადღებო პერიოდი, ამ მხრივ, 50 წლიდან იწყება. ამ ასაკის ქალებმა პროფილაქტიკის მიზნით, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარონ კვლევა.
დისპლაზიური კოქსართროზის შემთხვევაში ასაკი შეიძება იყოს ძალიან ახალგაზრდა, რადგან დისპლაზიური ართროზი ვითარდება თანდაყოლილი დეფორმაციების შედეგად. რიგ შემთხვევებში პატარა ასაკშივე გვიწევს სახსრების ჩანაცვლება, რათა მოხდეს სხვა სახსრების დაზოგვა, სწორი ბიომექანიკის აღდგენა, რაც საბოლოო ჯამში დაზოგავს სხვა სახსრების რეაქტიულ ცვეთას.
პოსტ-ტრავმული ართროზი ვითარდება ტრავმის მიღების შემდეგ შეცვლილი ნორმალური ანატომიის შედეგად. ამ შემთხვევაშიც ქირურგიული მკურნალობის მიზანი პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა.
სხვათა შორის, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია რეენდოპროტეზირების საჭიროების შემთხვევები. ეს ნიშნავს იმას, რომ პროთეზის კომპონენტების რესურსი ამოწურულია.
ამ უკანასკნელის დროს ვიყენებთ სცინტიგრაფიულ კვლევას. ის გვიჩვენებს სახსრის რომელი კომპონენტი რამდენადაა დაზიანებული და საჭიროებს თუ არა შეცვლას. ადრე ამ კვლევას მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით ვაკეთებდით, თუმცა მას შემდეგ, რაც სცინტიგრაფიული კვლევის ჩატარების საშუალება მოგვეცა, ძირითადად აღნიშნულ კვლევას ვეყრდნობით.
რაც შეეხება ხარისხს, ჩვენ ვმუშაობთ სწორედ იმ იმპლანტებით, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში ყველაზე აქტიურად გამოიყენება.
ართროსკოპია სახსრის ქირურგიული მკურნალობის მინიინვაზიური მეთოდია, რომლის საშუალებითაც შევდივართ სახსარში და ვათვალიერებთ სახსარს. აღნიშნული მეთოდი გვაძლევს საშუალებას სახსრის დაზიანებული უბნის ნაწილობრივი ან სრული ამოღება/ჩანაცვლება განვახორციელოთ.
მაგალითად, თუ სახსარში გვაქვს მხოლოდ მცირე დაზიანებული უბანი, ართროსკოპიის საშუალებით ჩვენ ძალიან დამზოგველად ვიღებთ აღნიშნულ დაზიანებულ უბანს, ვაფასებთ ხრტილის მდგომარეობას, რაც იძლევა საშუალებას პოსტოპერაციულად პაციენტს დაენიშნოს შესაბამისი კონსერვატიული მკურნალობა, რათა სახსრის რესურსი მაქსიმალურად იქნეს გამოყნებული.
სიახლეა ისიც, რომ ჩვენი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა ცნობილი ფრანგი ორთოპედის, პროფესორი ფ. ფარიზონის თანამშრომლობა ჩვენს კლინიკასთან. პროფერი ფარიზონი აქტიურად მოღვაწეობს სენტ-ეტიენის საუნივერსიტეტო კლინიკაში. არის იტალიის საფეხბურთო ნაკრების კონსულტანტი და არაერთი ცნობილი იტალიელი სპორტსმენის ორთოპედი.
მასთან თანამშრომლობითა და მისი მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებით დაიგეგმება ჩვენი პაციენტების ქირურგიული მკურნალობა უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით.