25 წელზე მეტია, რაც ახალი წლის მოსვლა ბასტი ბუბუს ჟრიამულთან ასოცირდება. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენა გადაიქცევა ხოლმე დიდ საბავშვო ზეიმად - ხან "თოვლის დედოფალია", ხან "ბურატინოს მხიარული თავგადასავალი", ხან "ლურჯი ფრინველი" და ხან "ელისი საოცრებათა ქვეყანაში."
საინტერესოა, წელს რა სიურპრიზს გვიმზადებს ბასტი ბუბუს შემოქმედებითი ჯგუფი.
ფირმა ბასტი ბუბუს დირექტორი თამარ ახვლედიანი:
- წელს 29 დეკემბერს დავგეგმეთ კონცერტი ფილარმონიაში. მხოლოდ ერთი დღით გვაქვს დარბაზი და ორ კონცერტს გავმართავთ. დარწმუნებული ვარ, წელსაც გავაოცებთ მაყურებელს, რადგან სრულიად ახალი და საინტერესო კონცეფცია გვაქვს.
სათაური ორ ენაზეა BBB PARTY და ბასტი ბუბუ წვეულება
კონცერტის პროგრამაშია მსოფლიო ჰიტები და ქართული ჰიტები.
საქმე ის არის, რომ ინტერნეტის მეშვეობით ბასტი ბუბუს პოპულარობა გასცდა საქართველოს ფარგლებს. ბასტი ბუბუს ბავშვებსაც უკვე მეგობრები ჰყავთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. სხვადასხვა ენების შესწავლა, სხვადახვა ქვეყნის კულტურის შესწავლა და ასევე ჩვენი, ქართული კულტურის გაცნობა უცხოელებისთვის - ეს გახდა ჩვენი ამოცანა წელს. ამიტომაც ჩვენ წარმოდგენას ძალიან საინტერესო ფაბულა აქვს.
ბასტი ბუბუს პროდიუსერი თამარ სხვიტარიძე:
- წარმოდგენის ფაბულა ასეთია:
. ბავშვების საყვარელი სერიალი "ფერიების სკოლა" უცხოეთში წასაღებად ამზადებს ქართულ საჩუქრებს.
. მოგზაურების ჯგუფი მსოფლიოში არსებული საბავშვო ფესტივალების საახალწლო პრეზენტაციებს აკეთებს.
. წლევანდელ არჩევნებში გამარჯვებული დოდი გიო, თოვლის ბაბუს როლში იქნება.
. დიდედა ფერია კი, რომელიც არავის არასდროს უნახავს, პირველად გამოჩნდება ფილარმონიის სცენაზე.
მუსიკალური მასალა ძალიან საინტერესო გამოდის და მგონია, რომ მთელი დარბაზი ჩვენთან ერთად იმღერებს და იცეკვებს
ბასტი ბუბუს მუსიკალური ხელმძღვანელი მაკა აროშიძე:
- 2020 წელს 20 ახალი სიმღერით ვხვდებით. BBB აკადემიის ბავშვები თვითონ ირჩევენ თავიანთთვის სასურველ მუსიკას და ჩვენი ჯგუფი ცდილობს, მათი გემოვნების მიხედვით შევქმნათ ახალი ქართული ნაწარმოებები.
ბასტი ბუბუ მუსიკალური მასალა ერთგვარი ბაზა გახდა საბავშვო ბაღებისთვის, სკოლებისთვის და მუსიკალური ცენტრებისთვის. ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღებით ვეპყრობით თითოეულ სიმღერას, ვთანამშრომლობთ ცნობილ კომპოზიტორებთან და პოეტებთან.
ჩვენი სიმღერები ერთგვარი წარმოდგენებია, რომელიც იწერება ბავშვის ფსიქოლოგიდან გამომდინარე აქტუალური თემების მიხედვით.
ამ სიმღერებზე იქმნება ქორეოგრაფიული დადგმები და იკერება სასცენო კოსტუმები
ბასტი ბუბუს არტ მენეჯერი ხათუნა წულაია:
- წელს განსაკუთრებით ლამაზი იქნება ჩვენი სცენა. იკერება ბევრი ახალი კოსტიუმი, ვამზადებთ სხვადასხვანაირ რეკვიზიტს. ჩვენს ბავშვებს ყველაზე ლამაზი საახალწლო წარმოდგენა ექნებათ.
8 სხვადასხვა ქვეყნის კოსტუმი, ქართული ტრადიციული და თანამედროვე ჩაცმულობა შეცვლის ერთმანეთს.
8 არაჩვეულებრივი ფესტივალი, ეს არის ფეშენ უიქი საფრანგეთში, თუ ჰოლივუდი ამერიკაში, მეგობრობის ბანაკი ინგლისში თუ დასვენება ჰავაის კუნძულებზე, პიცის ფესტივალი იტალიაში თუ გაცოცხლებული მხატვრები მექსიკაში, მომავლის მუსიკა იაპინიაში თუ ცეკვის ფესტივალი აფრიკის კონტინენტზე - აი, რა მრავალფეროვანი სანახაობა ელის წელს ჩვენს მაყურებელს.
ამას გარდა, ფერიების სკოლის მთავარი გმირები ქართულ ნომრებს ამზადებენ: ხაჭაპური, აჭარული ცეკვა, ქართული სიმღერა, მოდა, ფიროსმანის ნახატები თუ სცენები მიუზიკლიდან "ვერის უბნის მელოდიები", ქართული ანბანი თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობები - აი რა მრავალფეროვანი იქნება სანახაობა.
ბაბილინა - ნატო სულხანიშვილი:
- ახალი წლის მოსვლა ჩემთვისაც ჯადოსნურია ყოველ წელს. ბავშვებზე მეტად მე მიხარია, რადგან ნამდვილ ზღაპარში ვხვდები. იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა სიყვარულით სავსე დარბაზი ანთებული თვალებით გიყურებს და ყოველი შენი სიტყვის სჯერა და გენდობა. ამიტომაც, სულ თან დამსდევს ის განცდა, რომ არ უნდა გავუმტყუნო იმედი ჩემს მეგობრებს, რომლებიც დარბაზში ჩემს გამოჩენას ელიან. მითუმეტეს, წელს დარბაზიდან ჩემი შვილიშვილიც დამიკრავს ტაშს.
დოდი გიო - იგივე თოვლის ბაბუ - იგივე გიორგი ქათამიძე:
- უკვე მეხუთე წელია ბასტი ბუბუს ბავშვები მირჩევენ თოვლის ბაბუდ - ეს უკვე ჩემი პროფესია გახდა.
ბევრს ვკითხულობ სანტა კლაუსის, წმინდა ნიკოლოზის, ქართული თოვლის ბაბუს, თუ თოვლის პაპის შესახებ ამბებს. მიხარია, რომ მე და ბავშვებს შორის ტყუილი არ არსებობს.
მათ იციან, რომ მე გიო ვარ და ამავდროულად თოვლის ბაბუდ თავად მირჩევენ. ამის მერე, მათ უკვე ზუსტად იციან, რომ მე თოვლის ბაბუ ვარ.
წლევანდელი კონცერტი განსაკუთრებული იქნება, რადგან მას მე მგონია, არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც ელოდებიან ბავშვები.
აი, ასე - ცოტათი მაინც შეგაჭყიტეთ ბასტი ბუბუს საახალწლო კულისებში. აქ დიდი ჟრიამულია, რომელიც 29 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლებს. სულ ორი კონცერტია: 16: 00 საათზე და 19: 00 საათზე.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ინტერნეტ გვერდზე tkt.ge