საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა ფიგურულ სრიალში, გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ, წლის ყველაზე პრესტიჟული გრანპრი მოიგო. იტალიის ქალაქ ტურინში მიმდინარე მსოფლიოს გრანპრიზე იუნიორთა შორის მოცეკვავე წყვილების პროგრამაში მონაწილე გიორგიმ და მარიამ მოკლე პროგრამაც შესანიშნავად შეასრულეს, თავისუფალი პროგრამაც და გრანპრი პირველ ადგილზე დაასრულეს.
წყვილი მხოლოდ მესამე სეზონია, რაც ერთადაა. მანამდე თითოეული სხვა პარტნიორთან ერთად რუსეთის სახელით ასპარეზობდა. წყვილი, მართალია, ქართული დროშით გამოდის, მაგრამ კვლავინდებურად მოსკოვში ვარჯიშობს.
გიორგი 20 წლისაა და მოსკოვის ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტია. ის ქართველი ემიგრანტების ვაჟია და რუსეთში დაიბადა. მან და მარიამ რამდენიმე თვის წინ რუსულ გამოცემას sports.ru-ს ინტერვიუ მისცეს.
გთავაზობთ ამ ინტერვიუდან ამონარიდებს.
- არც ისე დიდი დროა, რაც ერთად ხართ. როგორ შედგა თქვენი წყვილი და როგორი იყო პირველი შთაბეჭდილებები?
გიორგი: - ეს იყო რისკი, რომელმაც გაამართლა. მარია ჩემზე გაცილებით დაბალია და ეს თავიდან მძაბავდა. თუმცა მალე შევეჩვიეთ ერთმანეთს.
მარია: მე გიორგიზე ნაკლები გამოცდილება მაქვს, ამიტომ ჩემთვის დიდი ნახტომი იყო მასთან პარტნიორობა. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მეგრამ ვეცადე, რაც შეიძლება მეტი მიმეღო მისგან, მეტი გამოცდილება შემეძინა.
- სპორტის გარდა რა გიტაცებთ, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
მარია: ამ საკითხში მე და გიორგი ძალიან განვსხვავდებით. მე უფრო ჰუმანიტარული გონება მაქვს, გიორგის - მათემატიკური. ამ საკითხში ვავსებთ ერთმანეთს. მე სეირნობა მიყვარს, მომწონს საკუთარი თავის ახალ ამპლუაში მოსინჯვა, თუნდაც გიტარაზე დაკვრაში. გიორგის ეს არ უყვარს.
გიორგი: რაც არ უნდა ეგოისტურად ჟღერდეს, თავისუფალ დროსაც საკუთარ თავს ვუთმობ. შემიძლია დამატებით ისევ სპორტდარბაზში ვიარო, აუზზე, მასაჟზე, აბანოში... შეიძლება ასაკი მაქვს ასეთი... თუმცა მეგობრებთან შეხვედრებიც მიყვარს. უბრალოდ რომ ჩამოსხდები მათთან, დაისვენებ, ისაუბრებ, მთელ ღამეს სიცილსა და გართობაში გაატარებ. თუმცა ეს აუცილებლად დასვენების წინადღეებში ხდება და არა ვარჯიშისას.
- ამ ეტაპზე რა ოცნებები გაქვთ?
მარია: ოცნებები მიზნებში გადაიზრდება ხოლმე. ჯერ მათი გახმაურება არ მინდა, ჩემთვის დავიტოვებ.
გიორგი: მე სხვა სპორტსმენებისგან განსხვავებით, კონკრეტული მიზნები და ოცნებები არ მაგვს, მაგალითად ოლიმპიადის მოგება, ან რაიმე სხვა ადგილის მოგება... მე მინდა თავი დავამახსოვროთ ყველას, დრო გავიდეს, ჩვენ კი მაინც ვახსოვდეთ. გვინდა, საქართველოში ფიგურული სრიალი ავაღორძინოთ და ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ. ამ ეტაპზე გვინდა განვავითაროთ საქართველოში ეს დარგი, სკოლა გავხსნათ, სპეციალისტები მოვიწვიოთ და ბავშვები ადრეული ასაკიდანვე მოვამზადოთ. მინდა ყველამ გაიგოს, რომ საქართველოში ვითარდება ფიგურული სრიალი.
მარია: ამაში ჩემს პარტნიორს ვთანხმები. ორივეს გვინდა იმ ქვეყნის ფიგურული სრიალის აღორძინებაში შევიტანოთ წვლილი, რომლის სახელითაც გამოვდივართ.