"მეუღლეს ჩაცმაშიც არ ვზღუდავ, ამიტომაც მერჩიან, ჩვენს ქალებს ცუდ მაგალითს აძლევო"
"ცხოვრება ომში" - ამ ორ სიტყვაში შეიძლება ჩატიო ის უბედურება, რომელზეც ავღანელი სამხედრო თარჯიმანი სამი აბდულ ჯაფარი გვიამბობს. "ჯოჯოხეთი მიწაზე" - ასე უწოდებს ამ საშინელებას უცხოური მედია, რასაც ჩვენი რესპონდენტიც ეთანხმება. ის ქართველ სამხედროებთან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და სწორედ მათი დახმარებით გავიცანი. ახალგაზრდა ავღანელი თავის სამშობლოში მიმდინარე უსასრულო ომის უმძიმეს შედეგებზე გვიამბობს.
სამი აბდულ ჯაფარი:
- როდესაც ჩემი უცხოელი მეგობრები მირეკავენ, რა ხდება ავღანეთშიო, ვეუბნები, რა უნდა ხდებოდეს "ომის სამშობლოში", ომია და არა მგონია, ოდესმე დასრულდეს-მეთქი. ეს არის ქვეყანა, სადაც სახლშიც კი ვერ გრძნობ თავს უსაფრთხოდ. წლებია, დამოუკიდებელი სამხედრო თარჯიმანი ვარ. უამრავი ქვეყნის წარმომადგენელთან მომიწია ურთიერთობამ და როდესაც მათი თვალით ვუყურებ ავღანეთს, არც მიკვირს, გიჟები რომ ვგონივართ.
ავღანეთში, კუნდუზის პროვინციაში დავიბადე. მამა ჩვენს ქალაქში სკოლის დირექტორი იყო. როდესაც ტაჯიკეთსა და ავღანეთს შორის შეტაკება მოხდა, ბასმაჩებმა (შუა აზიაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ნაციონალისტური ბანდების მეომრები) მოკლეს, რადგან სწავლა ავღანური ტრადიციებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. იმ ომსა და უბედურებაში დედას ორი პატარა შვილი დავრჩით, რაც, ფაქტობრივად, უპატრონოდ დარჩენას ნიშნავდა. ჩვენი ტრადიციით, კაცის გარეშე ქალს დიდხანს არავინ დატოვებს. დედა ნერვიულობისგან ავად გახდა და მამას სიკვდილს გადაჰყვა. მე და ჩემი უმცროსი ძმა რაფი დავობლდით... 1985 წელს ხელისუფლებამ ორივე რუსეთში, ვოლგოგრადის სკოლა-ინტერნატში გაგვგზავნა. ეს იყო ავღანეთის მაშინდელი სახელმწიფოს პროგრამა დევნილი ბავშვებისთვის. ავღანეთის ომის, შიმშილისა და მუდმივი საფრთხის შემდეგ მე და ჩემი ძმა იქ საოცრად მშვიდად ვგრძნობდით თავს. სკოლა-ინტერნატში ჩვენთან ერთად 250-ზე მეტი ავღანელი ბავშვი იყო. ვოლგოგრადის ბავშვთა სახლი ჩემს ცნობიერებას ტკბილად შემორჩა. კარგად გვაცმევდნენ და კარგად გვაჭმევდნენ, ზაფხულობით კი სხვადასხვა კურორტზე დავყავდით.
აქ, ავღანეთში, გადარჩენისთვის ბრძოლა უფროა, ვიდრე - ცხოვრება. ძალიან ძნელია, მუდმივ ჯოჯოხეთში ადამიანის სახე არ დაკარგო. როდესაც განსაცდელის წინაშე ვდგებოდი, ბავშვთა სახლში გატარებულ დღეებს ვიხსენებდი - კარგი ადამიანებიც ხომ არსებობენ დედამიწაზე, ვისაც სიკეთის კეთება შეუძლიათ-მეთქი.
- ავღანეთში დაბრუნდით?
- ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ - 1992 წელს შეიარაღებულმა ოპოზიციამ პრეზიდენტ ნაჯიბულას მმართველობა დაამხო. ქვეყნის სათავეში მოჯაჰედები მოვიდნენ. რუსეთის სკოლა-ინტერნატებსა და ბავშვთა სახლებში განაწილებულ ავღანელებს გამოგვიცხადეს, აქ ყოფნას ვეღარ შეძლებთ, თქვენს ქვეყანაში უნდა დაბრუნდეთ, ვინც არ დაბრუნდება, ქუჩაში აღმოჩნდება, ჩვენი სახელმწიფო ვეღარ გარჩენთო!.. ეს ტრაგედია იყო, რადგან ჯერ პატარები ვიყავით. იყვნენ ისეთებიც, ვინც უკვე კოლეჯში სწავლობდნენ და თავსაც ირჩენდნენ - რუსეთიდან ავღანეთში ჩატანილი ნივთებით ვაჭრობდნენ, თუმცა ბევრმა ავღანეთში დაბრუნებას ვოლგოგრადის ქუჩებში ცხოვრება არჩია და მათხოვრობით, ქურდობით ირჩენდნენ თავს. ბევრი დაიღუპა კიდეც...
მეცხრე კლასში ვიყავი. მეც სხვებივით გამრიცხეს სკოლიდან. ძმა ჩემზე პატარა იყო. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ორივე მოუმზადებელი ვიყავით. მე ქუჩაში ყოფნას ავღანეთში დაბრუნება ვარჩიე, ჩემი ძმა კი რუსეთში დარჩა...
- ავღანეთში ვისთან დაბრუნდით?
- უბრალოდ, ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი. მეგონა, ცხოვრების ნორმალურად გაგრძელებას შევძლებდი. ჩემი ნათესავებიდან ზოგი გაქცეული იყო, ზოგიც - მოკლული... ამ დაწყევლილ და ღვთისგან დავიწყებულ მიწაზე მაშინაც ომი იყო. ჩემი ჩამოსვლიდან ერთი თვის განმავლობაში ხელისუფლება სამ-ოთხჯერ შეიცვალა. მშობლიურ კუნდუზის პროვინციაში აღარ დავბრუნებულვარ, ქაბულში დავრჩი. ქუჩაში ვცხოვრობდი. ვიღაცის ფარდულს შევაფარე თავი. საჭმელს მათხოვრობით ვშოულობდი, ხანდახან ვიპარავდი კიდეც. თუმცა შემიძლია დავიფიცო, რომ ამას მხოლოდ მაშინ ვაკეთებდი, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი... ომი სხვა რამეა, აქ კი ავღანელები ერთმანეთს ხოცავდნენ, ტაჯიკები ავღანელებს ებრძოდნენ, პუშტუნები - აზარებს, აზარები კიდევ - სხვებს... ყოველდღე თავბედს ვიწყევლიდი, ამ დანაღმულ მიწაზე რომ დავბრუნდი, მაგრამ გვიანი იყო. მხოლოდ პაკისტანში შემეძლო წასვლა და წავედი კიდეც. შავი სამუშაოს შოვნას ძლივს ვახერხებდი. ვმუშაობდი ყველგან, სადაც კი პურის ფულსა და ღამის გასათევს მომცემდნენ. ასე გაგრძელდა წლები. მერე მივხვდი, რაღაც უნდა მეღონა. მხოლოდ იმდენს მიხდიდნენ, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავი... დღემდე ასეა - მდიდრები მაღაზიებს ხსნიან და მუშახელს ისე ცოტას უხდიან, რომ არ დაიხოცონ. შავ მუშად მოწყობაც სანატრელია. სწავლა-განათლებისთვის ვის სცალია, ან სად არის სასწავლებლები?! ყველაფერი, რაც ვიცი - ხელობა თუ ენები, თვითონ ვისწავლე.
- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ...
- მეუღლე და ორი ბიჭი მყავს... მეუღლეს ჩაცმაშიც არ ვზღუდავ, ამიტომაც მერჩიან, ჩვენს ქალებს ცუდ მაგალითს აძლევო. აქ შეიძლება კაცი იმიტომ მოკლან, რომ მან ქალიშვილს განათლება მისცა. ტრადიციას ებრძვისო, იტყვიან. აქაურებს, თითოეულს შვიდი ცოლი ჰყავს. ფულიან ხალხს შეუძლია, 12-13 წლის გოგონა "იყიდოს". 20 წლის ქალს 4-5 შვილი ჰყავს, უბედურები, დაავადებული არიან და 40 წლის ასაკში 70-ისას ჰგვანან. 45 წლამდე თუ მიაღწიეს, გაუმართლათ... მონებივით ცხოვრობენ, რადგან ცნება "ქალის უფლება" არ არსებობს.
- ქვეყნიდან წასვლაზე არ გიფიქრიათ?
- ერთი პროცენტი მაინც რომ მქონდეს აქედან წასვლის შანსი, მოვკიდებდი ხელს ჩემს შვილებს და ნებისმიერ ისეთ ქვეყანაში წავიდოდი, სადაც ომი არ იქნებოდა. მათ ვეტყოდი, დაივიწყეთ ავღანეთი, აქ არის თქვენი სამშობლო და შეიყვარეთ, იცხოვრეთ ისე, რომ ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იყოთ-მეთქი!.. უფროსი ბიჭი მეხუთე კლასშია. უმეტესად სახლში ვამეცადინებ, რადგან მეშინია, ვინმემ არ მომიკლას ან არ გააუპატიუროს. მისი თანატოლები უკვე ჰაშიშს ეწევიან, ქურდობენ, იარაღით დადიან... აქ სურსათის მაღაზიაში, შაქრისა და პურის გვერდით, ჰეროინი, ოპიუმი და ჰაშიში იყიდება. იარაღიც ქუჩაში იყიდება. თუ ოდესმე ქვეყნიდან წასვლა გვეღირსა, 20 წლისაც რომ იყოს, პირველ კლასში შევიყვან, რათა სრულფასოვანი განათლება მიიღოს, მაგრამ სხვა ქვეყანაში ლეგალური თავშესაფრის მიღება ძალიან ძნელია. ავღანელებს მთელი მსოფლიო კამიკაძეებად და ტერორისტებად გვიცნობს. ვიზაზე ოცნებაც სისულელეა, უკეთესობის პერსპექტივა კი არ ჩანს.
იხილეთ ვრცლად
რატომ დუმს მსოფლიო? – ავღანელი ბავშვები ჰეროინზე „სხედან“