დღეისათვის ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს, რადგან გარემოში სხვადასხვა დამაბინძურებლის რაოდენობის ზრდა უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ასევე ეკოსიტემებში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე.
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების სხვადასხვა რისკთან, მათ შორის ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებებთან. ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ეფექტი სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვანაირად ვლინდება. მავნე ზემოქმედების შედეგი შეიძლება დაუყოვნებლივ, მწვავედ განვითარდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება მყისიერად არ გამოვლინდეს და ადამიანის ორგანიზმში პათოლოგიური პროცესები თანდათან, შეუმჩნევლად განვითარდეს. ქრონიკული ეფექტის მაგალითია ფილტვის ქსოვილის დაზიანება და ფილტვის კიბო, რომელიც ჰაერში არსებული ტოქსიკური მინარევების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგი შეიძლება იყოს.
ჰაერის დაბინძურებამ მავნე ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს სხვადასხვა ორგანოებზე და სისტემებზე, თუმცა, წამყვანი მაინც სასუნთქი სისტემის დაზიანებაა.
ცხვირით შესუნთქული ჰაერის ნაწილი იფილტრება ცხვირში არსებული ბუსუსებით, რომელთა საშუალებით ხდება მსხვილი დამაბინძურებელი ნაწილაკების მოცილება.
ჰაერი შეიძლება შეიცავდეს როგორც აირად, ისე მყარ დამაბინძურებლებსმყარი ნაწილაკები შესაძლოა განთავსდნენ ტრაქეის, ბრონქის და ბრონქიოლის კედლებზე. ამ ნაწილაკების უმეტესი ნაწილის მოცილება ხდება ფილტვების ეპითელიუმის წამწამების საშუალებით. აღნიშნული პროცესი ვითარდება ცემინების და ხველის დროს.
ცემინება და ხველა აბრუნებს ნაწილაკებს პირში, საიდანაც ისინიგადაიყლაპება ან გამოიდევნება ორგანიზმიდან. თუმცა, პატარა ნაწილაკებმა შესაძლოა მიაღწიონ ალვეოლას, საიდანაც შეიძლება კვირები, თვეები, ან თუნდაც წლები დასჭირდეს მათი სხეულიდან გამოდევნას. დაბინძურებული ჰაერის უწყვეტმა შესუნთქვამ შეიძლება შეანელოს წმენდის ნორმალური ფუნქცია და გამოიწვიოს ფილტვების უმცირეს ნაწილებში უფრო მეტი რაოდენობის მყარი ნაწილაკების მოხვედრა.
ყოველივე ეს შედეგად იწვევს ფილტვის სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, მსოფლიოში, ჰაერის დაბინძურებით 9 მილიონზე მეტი ადამიანი კვდება და მოსახლეობის 91% -ზე მეტი ცხოვრობს გარემოში სადაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი აღემატება ჯანმოს მიერ მოწოდებულ ზღვრულ მაჩვენებელს.
ყოველწლიურად მსოფლიოში 1.8 მილიონი ადამიანი იღუპება ქვედა სასუნთქი გზების დაავადებებითა და ფილტვის კიბოთი, რომელიც გამოწვეულია დაბინძურებული ჰაერით. ეს მაჩვენებელი ამ დიაგნოზით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 25%-ს შეადგენს.