სამოქალაქო აქტივისტი ბექა წიქარიშვილი 15 წლის ბიჭის შესახებ წერს, რომელიც მე-9 სართულიდან გადახტა:
"სკოლის კედელზე დატოვებული ერთ-ერთი წარწერა, რის გამოც 15 წლის ბავშვი პოლიციას გადასცეს, გატეხეს და ცხოვრებაზე უარი მართლა ათქმევინეს.
ღმერთო ბიჭი დიდხანს აცოცხლე, მაგრამ აი, ასეთი ქვეყანა მართლა არაფრით იმსახურებს არსებობას!
მრცხვენია".
არასრულწლოვანი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ AMBEBI.GE- ს მოზარდის დედამ განუცხადა. მისი თქმით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.
"ექიმები ვერ გვაიმედებენ. ახლა გადაჰყავთ გადაღებაზე და მერე უფრო გვეცოდინება რა გველის" - განაცხადა მოზარდის დედამ.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მეათეკლასელი მოზარდის სუიციდის მცდელობის მიზეზი სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობა და მუქარა გახდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
"არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება.
პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან" - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
AMBEBI.GE მეტი დეტალის გასარკვევად არასრულწლოვნის ძმას დაუკავშირდა. მისი განცხადებით, პოლიციას კერძო სკოლა "მწვანე სკოლის" დირექციამ მიმართა და მისი ძმის დაკავება მოითხოვა.
"როგორც ვიცი, პულივიზატორით სკოლის კედლების მოხატვაში სდებენ ბრალს. თითქოს სკოლის კედლებზე უხამსი სიტყვები დაწერა. ადრე სწავლობდა ამ სკოლაში და შემდეგ სხვაგან გადავიყვანეთ. როგორც ვიცი, სკოლის დირექციამ პოლიციაში იჩივლა, მაგრამ ვიდეოკამერებში არ ჩანს ვინ აწერს კედლებზე. როგორც ვიცი, ამოცნობაც არ ჩატარებულა. მიამსგავსეს ალბათ. მე სახლში არ ვყოფილვარ იმ დროს, როდესაც ეს მოხდა" - ამბობს არასრულწლოვნის ძმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით "კვირის პალიტრასთან" კომენტარი გააკეთა "მწვანე სკოლის" სკოლის დირექტორმა კახა დავითურმა:
- ბავშვი ჩვენს სკოლაში რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა, სხვა სკოლიდან დროებით გადმოიყვანეს. 2 დღის წინ სკოლაში რომ მოვედით, ვნახეთ ეს წარწერები. პოლიცია სკოლის უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძახა, რადგან წარწერებთან ერთად, დაზიანებული იყო კედლები და დაფები. როგორც წესია, ჩვენი ბავშვების უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ, არ ვიცოდით, ეს ვინ გააკეთა, ამიტომაც ვაცნობეთ პოლიციას, რომელმაც მოახდინა რეაგირება. კამერებიც დაათვალიერეს და ასე გაირკვა ბავშვის ვინაობა.
საქმის შესწავლა საიას იურისტმა რეზო აჭარაძემ დაიწყო. როგორც აჭარაძემ AMBEBI.GE -ს განუცხადა, მოზარდი დანაშაულს არ აღიარებს.