ზამთრის სეზონს თან ახლავს სხვადასხვა ტიპის ვირუსის გააქტიურება. ვირუსებს კი თავის მხრივ, გარკვეულ გართულებებს იწვევენ. საკმაოდ ბევრი მშობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბავშვს ვირუსი ყურის ანთებით გაურთულდა. ამ პერიოდში გავრცელებულ ვირუსებსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე პედიატრი, დავით ფერაძე საუბრობს:
- ბავშვებში ნებისმიერმა ვირუსულმა გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს ყურის ტკივილი იმიტომ, რომ პირის ღრუდან ყურთან დამაკავშირებელი მილი ფიზიოლოგიურად მოკლეა. სასუნთქი გზების ჰაერწვეთოვანი ინფექცია იოლად ვრცელდება ყურში ამ მოკლე მანძილის გამო. წნევათა სხვაობა იზრდება პირის ღრუსა და ყურს შორის და ეს იწვევს ტკივილს. ჩვეულებრივი მომენტია და მხოლოდ გრიპის დროს კი არა, ნებისმიერ ვირუსულ ინფექციაზე შეიძლება მოხდეს ბავშვებში. თუმცა, ყურის ტკივილი ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ყურის ანთებაა. ამის დიფერენცირებას ოტოლარინგოლოგი აკეთებს.
- რამდენად საშიშია ვირუსული ინფექციების შედეგად განვითარებული ყურის ტკივილი?
- ამ ეტაპზე არ მქონია მენინგიალური გართულება. ინფექციურ ანთებით დაავადებებს, მაგალითად მენინგიტსა და ენცეფალიტს, თავისი ცალკეული კლინიკა აქვს.
- რამდენად მნიშვნელოვანია ამინდი ვირუსების გავრცელების კუთხით?
-ცივ პერიოდში, დაბალ ტემპერატურაზე ვირუსის აქტივიზაცია ხდება. ამიტომაცაა, რომ ზამთრის პერიოდის დადგომასთან ერთად სხვადასხვა ვირუსი აქტიურდება.
- არდადეგების დროს ვირუსის გავრცელება და ომართვიანობა მცირდება?
- ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია იმ სივრცის განიავება, სადაც ბავშვები არიან. დახურულ სივრცეში, თუ რომელიმე ბავშვი დაავადებულია, ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ამიტომ, დასნეულების ალბათობაც უფრო მეტია. რაც უფრო იზოლირებული ხარ, მით უფრო დაცული ხარ კონტაქტისგან და აქედან გამომდინარე, ნაკლებია შანსია, რომ დაავადდე ვირუსული ინფექციით. თუმცა, მხოლოდ ბაღსა და სკოლაში კი არა, მაგალითად მეტროში გვერდით მსხდომისგან შეიძლება გადაედოს. საინკუბაციო პერიოდი ვრცელდება კონტაქტიდან 7 დღის განმავლობაში.
- ამ ეტაპზე, ყველაზე ხშირად რა ტიპის ვირუსით მოგმართავენ უფრო ხშირად?
- უმეტესობა B ჯგუფის ვირუსებია, თუმცა A ჯგუფის ვირუსის შემთხვევაც იყო. თითოეულ ტიპს სხვადასხვა სიმპტომი აქვს, გააჩნია ჯგუფს, ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, ყელი ტკივილი და ასე შემდეგ. ბევრი სიმპტომია.
- შარშანდელთან შედარებით როგორია მომართვიანობის დინამიკა?
- ჩემი დაკვირვებით, დინამიკა, ამ ეტაპისთვის, შარშანდელთან შედარებით, შემცირებულია, თუმცა მერე რა მოხდება არ ვიცი. მომართვიანობა მთელი ზამთარი გრძელდება და წინასწარი პროგნოზი, როგორ შეიცვლება, არ შეგვიძლია.
თამარ იაკობაშვილი