ორი დღის წინ, ტელეწამყვანმა ნინო ბარათაშვილმა, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შაინინას სახელით არის ცნობილი, სოციალურ ქსელში უმძიმესი ლაივი ჩართო. ტირილამდე მისული ტელეწამყვანი ჩაერთო მძარცველებისგან განადგურებული სახლიდან და როგორც საზოგადოებას მოგვიყვა, სოფელ დიღომში მისი დაკეტილი სამსართულიანი სახლი გაძარცვეს.
დღეს ქურდობით ალბათ ვერავის გააკვირვებ, მაგრამ რაც ნინოს ირგვლივ ხდებოდა, ნამდვილად დაუჯერებელი გახლდათ. დამტვრეული ნივთები, სიგარეტის ნამწვავები, კედლებზე წარწერები, განადგურებული ყველა ოთახი. წარწერებისა და ნახატების შინაარსი და ვიზუალი არც ისე სასიამოვნო გახლდათ. როგორც ვიდეოდან გავარკვიეთ, მძარცველები აღნიშნულ ბინაში შესაძლოა რამდენიმე დღე ცხოვრობდნენ ან უბრალოდ რამდენიმე დღის მანძილზე მიდიოდნენ, რათა იქაურობა დაერბიათ.
ნინოს ეჭვი აქვს, რომ ისინი არასრულწლოვნები იყვნე. როგორ მიმდინარეობს ძარცვის საქმეზე გამოძიება, ამ დეტალებით ტელეწამყვანს დავუკავშირდით.
- ნინო, რატომ ფიქრობთ, რომ მძარცველები რამდენიმე დღე ცხოვრობდნენ თქვენს ბინაში?
- იმიტომ, რომ ბევრი დრო დასჭირდებოდა იმის გაკეთებას, როგორც ისინი ჩემს ბინაში მოიქცნენ. როდესაც სახლში მივედი, გარდა იმისა, რომ იქაურობა სასტიკად დარბეული დამხვდა, ადგილზე იყო ძალიან ბევრი სიგარეტის ნამწვი, ყველა ოთახში თითის ანაბეჭდები. იმ ბარგიდან, რომლებიდანაც სათითაოდ ამოიღეს ყველა ნივთი და დალეწეს, მე ორი კვირა ვალაგებდი, სანამ იქ მივიტანდი. ეს სახლი არის დაკეტილი, საწყობად ვიყენებდით და სამივე სართული განადგურებულია, იავარქმნილია.
- მეზობლებმა ვერ გაიგეს, რა ხდებოდა თქვენს სახლში ამდენი დღის მანძილზე?
- რა თქმა უნდა, მყავს მეზობლები და გარშემო ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მე მგონი, ეს ბოლო დროს დამკვიდრებული გულგრილობის ტენდენციის შედეგია. არ მჯერა, რომ ჩემს სახლში ისე შევიდნენ და გამოვიდნენ, ვერავინ დაინახა. სახლი ცენტრალურ ადგილზე მდებარეობს, პოლიციასთან ახლოს, ყველამ იცის, იქ რომ არ ვცხოვრობთ, ავარიულია, ერთი კედელი ჩამონგრეული. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სახლში არ არის სინათლე. თუ ღამე შევიდოდნენ მძარცველები, მინიმუმ სანთლის ანთება დასჭირდებოდათ და იქ მსგავსი არაფერი დამხვედრია. იმ მოცემულობაში, რაც იქ დამხვდა, გარშემო მცხოვრები გულისხმიერი ადამიანი ნამდვილად შეაჩნევდა, რა ხდებოდა და დაურეკავდა პოლიციას.
- აღნიშნეთ, რომ ბევრი თითის ანაბეჭდია, დაახლოებით რამდენ ადამიანზეა საუბარი?
- ოცზე მეტი ნიმუშია აღებული მარტო სიგარეტის ნამწვის და შეიძლება უფრო მეტია თითის ანაბეჭდის. ჩემი ლაივის გასვლის შემდეგ ძალიან გვერდში დამიდგა პოლიცია. წელიწად-ნახევრის წინაც გამძარცვეს, მაშინ იგივე სახლის პირველი სართულიდან გაიტანეს მძიმე ტექნია და ისიც არ გამოძიებულა. ახლა პოლიცვიამ თავად გამოთქვა სურვილი, რომ მივსულიყავი. მძარცველებმა კედელზე დატოვეს წარწერები - „აქა არ უნდა იყოთ“, „თსლ ბანდა...“
- რას ნიშნავს „თსლ ბანდა“, რაიმე სახის რიტუალი ხომ არ ჩაატარეს?
- არ მგონია, რადგან რიტუალს მინიმუმ ცეცხლი სჭირდება და ცეცხლის კვალი იქ არაა. თუმცა შეიძლებოდა ჰქონოდათ მცდელობა, რადგან დამწვარი ბოთლები დამხვდა. ჩემი შვილი ხატავს და მისი სახატავი საშუალებებით კედელზეა გაკეთებული ნახატები. ძალიან ბავშვური ნახატებია და ჩემი აზრია, რომ ისინი არასრულწლოვნები იყვნენ. არც გამოვრიცხავ, რომ ორი ჯგუფი მოქმდებდა, თინეიჯერები ვერ შეძლებდნენ მაცივრისა და ტექნიკის გატანას.
- ადგილზე რომ მიხვედით, სავარაუდოდ რამდენი ხნის მომხდარი იყო?
- ფეხი მქონდა მოტეხილი და მთელი ზაფხული ვიწექი. სექტემბერში ან ოქტომბერში ჩემი და და შვილი იყვნენ მისულები ამ სახლში და ნივთების ნაწილი წამოიღეს. არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა. პიანინოდან ამოღებულია კლავიშები და დამტვრეულია. ის, რაც სპილენძს შეიცავდა, დახსნილია. რაც წაიღეს წაიღეს და რაც არა, ისე გააფუჭეს, რომ ჯობდა წაეღოთ, იქნებ ვინმეს გამოდგომოდა. ეს იყო ვანდალიზმი, რაც იქ მოხდა. ადამიანები, რომლებიც ასეთ რამეს აკეთებდნენ, ჯანსაღი ფსიქიკის არ არიან.
- მშობლებს რატომ მიმართავდით თქვენი პირდაპირი ეთერის საშუალებით?
- „თსლ ბანდა“ არის ასეთი დაჯგუფება, რომლებსაც ჰყავთ ბელადები და ბევრი მიმდევრები. გამომეხმაურა ბევრი თინეიჯერი და მათ შესახებ ვიდეოები გამომიგზავნეს. მშობლებს მივმართე, რომ ჩვენს შვილებს თუ თავად გავაფუჭებთ, არ მგონია ამ ქვეყანას რამე ეშველოს-თქო.
მე დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად ისინი იყვნენ, მაგრამ როგორც მოქალაქეს, ამის ეჭვი მაქვს. კალიგრაფიაც ბავშვურია, წერილებია დატოვებული მსგავსი შინაარსის: „შენი სქულქარდი წავიღე“, - ჩემი შვილის სქულქარდზეა საუბარი, „აქ არ უნდა იყოთ“, „წადით აქედან“.
ჩემი „ლაივის“ კომენტარებში მომწერა რამდენიმე ადამიანმა, არ იქცევი სწორად, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვებს მომავალი დაუნგრიოო. ამიტომ მივმართე საზოგადოებას, როგორ მოვქცეულიყავი.
ამბობენ, რომ „თსლ“ – „თესლის“ აბრევიატურაა, ანუ „თესლი ბანდა“. უამრავი ადამიანი მწერს, თანადგომას გამოხატავენ და მამხნევებენ.
კიდევ რამაც გამიჩინა ეჭვი, რომ ბავშვები იყვნენ და მათ შორის გოგოც იყო, ნაძვის ხე იყო აწყობილი და დამტვრეული ის სათამაშოები, რაც არ მოეწონა. ოქროსფერ ფირფიტებზე ვმუშაობდი ერთი პერიოდი და სპეციალური ფხვნილი მქონდა და ნაძვის ხეს ეს ოქროსფერი ფხვნილი ჰქონდა დაყრილი და ისე იყო მორთული. უკვე მეცინება, დავიღალე ამ მდგომარეობაში ყოფნით...
ნინო გიგიშვილი
იხილეთ შაინინას ლაივი:
"მინდა ანახოთ ეს ვიდეო ამ თინეიჯერების მშობლებს..." - ძარცვა და ვანდალური ქმედებები შაინინას ბინაში