ამ გოგონას შესახებ ამერიკაში ფილმი გადაიღეს, რადგან ეს იყო საოცარი სასწაული, რომელიც უამრავმა ადამიანმა იხილა და ბევრმა ღმერთი ირწმუნა.
მოქმედება ტეხასის შტატში მოხდა. სამი წლის წინ ანაბელ ბიმი 9 წლის იყო და ტეხასის შტატში, ფერმაში დებთან ერთად თამაშობდა. თამაშის დროს დასთან ერთად 10 მეტრის სიმაღლის ხეზე ავიდა და მოულოდნელად ტოტი ჩამოტყდა. ბავშვი 100 წელზე მეტი ხნის გამხმარი ხის ფუღუროში ჩავარდა და მის ფსკერზე დაენარცხა. მაშველები 3 საათის განმავლობაში ცდილობდნენ მის იქიდან ამოყვანას. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაუდებელი დახმარების ცენტრში ვერტმფრენით გადაიყვანა და... ექიმები გაოგნებას ვერ მალავდნენ - თითქმის 10 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნილ ბავშვს მხოლოდ მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნებოდა, ის სასწაულებრივად გადარჩა თან ისე, რომ არც ერთი დაზიანება და დაჟეჟილობა არ მიუღია.
კიდევ უფრო უცნაური იყო ის ამბავი, რომ ამ შემთხვევამდე გოგონას საკმაოდ მძიმე დიაგნოზი ჰქონდა დასმული და ფაქტობრივად, წლები საავადმყოფოში გაეტარებინა. ინციდენტამდე რამდენიმე ხნით ადრე გამოწერეს ბოლო კლინიკიდან, რადგან ექიმებს უკვე ყველა შესაძლებლობა ამოეწურათ და მისი განკურნების გზებს ვერ პოულობდნენ.
5 წლის ასაკში ანაბელს საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, მისი კუჭნაწლავი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა და საკვებს ვერ იღებდა. წლიდან წლამდე დედა საავადმყოფოდან საავადმყოფოში ამაოდ დაატარებდა.
და რაოდენ დიდი იყო ექიმების გაოცება, როცა აღმოჩნდა, რომ იმ საბედისწერო დღეს, ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ, გოგონას ამდენწლიანი ავადმყოფობის ნიშნებიც გაუქრა და ექიმებმა დაადგინეს, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო.
ვერავინ პოულობდა ახსნას, ვერც მშობლები, ვერც ექიმები, ვერც მეცნიერები, თუმცა ბავშვს თავად ჰქონდა ამ ყველაფერზე პასუხი - მან თქვა, რომ ის ღმერთს შეხვდა და სწორედ ღმერთმა განკურნა.
"დავინახე სინათლე, შემდეგ ბებიაჩემი, მიმი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და მივხვდი, რომ სამოთხეში მოვხვდი, - იხსენებს გოგონა, თუ რა დაინახა დაცემის შემდეგ, - შემდეგ იესო ქრისტეს ვკითხე, შეიძლებოდა, თუ არა მასთან დარჩენა, რაზეც მიპასუხა: "არა, ანაბელ, შენთან დაკავშირებით სხვა გეგმები მაქვს, რომლის შესრულებასაც აქ ვერ შევძლებ". ასევე, დაამატა, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა", - იხსენებს ანაბელი, რომელიც 21-ე საუკუნეში ნამდვილი სასწაულის გმირი გახდა.
"მჯერა, რომ ღმერთმა განმკურნა. ახლა შემიძლია ყველაფერი ვჭამო, რაც მიყვარს... მინდა, ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ რაც არ უნდა რთული ხვედრი ჰქონდეთ ცხოვრებაში, არ დანებდნენ და ნუ დაკარგავენ წმენას, რადგან ღმერთს თავისი გეგმა აქვს თითოეულ ჩვენგანთან დაკავშირებით. რაც მთავარია, უნდა დავრჩეთ ერთგულნი და არასდროს დავკარგოთ რწმენა. ღმერთი ყოველთვის დაგვეხმარება."
ანაბელის დედამ, კრისტიმ, ამ ამბავზე დაწერა წიგნი "სასწაული ზეციდან", რომლის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი. ახლა ანაბელი 12 წლისაა და ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, რომელსაც ხშირად სთხოვენ, მოუყვეს საზოგადოებას, თუ როგორ იმოგზაურა სამოთხეში, როგორ იხილა ღმერთი და როგორ განიკურნა.