2014 წლის მერე, რაც ვებგვერდი mshoblebi.ge დაარსდა, ბევრ კარგ, საჭირო და საინტერესო თემასთან ერთად, ჩვენდა სამწუხაროდ და ჩვენი ქვეყნის სამწუხაროდ, არაერთხელ მოგვიწია მუშაობა არასრულწლოვნების თვითმკვლელობის თემებზე. ვშიშობთ, დროსთან ერთად უკეთესობისკენ არაფერი იცვლება, ისტერიკულ გარემოში სტრესების გამკვლავებასთან მებრძოლი უფროსების გვერდით მოზარდები სულ უფრო და უფრო დაუცველებად გრძნობენ თავს. საზოგადოებაში, სადაც ფასეული და წმინდა აღარაფერი დარჩა, სადაც ყველაზე მთავარი პოლიტიკა და საარსებო ფულის შოვნაა, ქვეყანაში, რომელიც მართლა რეალურ შოუს დაემსგავსა, თუ ვინ გადარჩება ცოცხალი, ძნელია, საკუთარი თავი იპოვოს მოზარდმა, ძნელია, იპოვოს დარდების გამზიარებელი და რაც მთავარია, დაიჯეროს, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს და სიკვდილი ყველაზე ცუდი "გამოსავალია"...
ახლაც ვინ იცის, კიდევ რამდენი მოზარდი დგას ბეწვის ხიდზე, რამდენს აქვს აშლილი ამ ცხოვრებიდან გაქცევის სურვილი და ერთი ბიძგი ეყოფა ამ სურვილის ასასრულებლად. ვინ გაუფრთხილდება მათ, ვინ არის მათი მშველელი და მათი ტკივილის გამზიარებელი...
დირექტორებო, მასწავლებლებო, მანდატურებო თუ დამლაგებლებო - თქვენ არ გაქვთ სამსახური, თქვენ არ მუშაობთ, თქვენ ომში ხართ და თითოეული ბავშვის სული გაბარიათ, მათ გადარჩენაზე ხართ პასუხისმგებელი. სანამ ფიქრობთ, რომ უბრალოდ, მუშაობთ, მანამ გვეყოლება ლუკასნაირი მსხვერპლი... ამ საქმეზე პოლიციელი დააკავეს, მაგრამ თქვენ მეტი შეგეძლოთ... ისინი მხოლოდ დასჯიდნენ, თქვენ კი გადარჩენა შეგეძლოთ.
მშობლების ომზე აღარაფერს ვამბობთ... წინა ხაზზე ვართ, მაგრამ ძალიან ბევრ ფრონტზე ვიბრძვით და ამ დროს შეიძლება ყველაზე ძვირფასი დავკარგოთ...
ახლა ყველაზე მეტი ყურადღება ლუკას მეგობრებს, თანაკლასელებს, თანატოლებს სჭირდებათ, ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა სჭირდებათ, რომ ამ უბედურების გადალახვა შეძლონ.
ითხოვეთ დახმარება ყველასგან, ვისაც ენდობით, მთავარია, ვინმეს მაინც გაუმხილოთ, რა გასაჭირშიც ხართ. თუ მშობელს ვერ ეუბნებით, ერთი მასწავლებელი მაინც გეყოლებათ, ვინც გიყვართ და ვისაც ენდობით და მას გაენდეთ. თუ არ არის ასეთი არავინ ან არ გსურთ თქვენი ამბის თუ ვინაობის გამხელა, არსებობს სპეციალური სამსახურები, სადაც ანონიმურად და სრულიად უსასყიდლოდ უწევენ ადამიანებს ფსიქოლოგიურ დახმარებას.
116 111 - საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ბავშვთა დახმარების ხაზი; 15 05 - ჯანდაცვის სამინისტრო; (32) 2 43 55 00 - სულიერ-ფსიგოლოგიური დახმარების ცენტრი "თანადგომა"; 599886086 - დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრი და ბევრი კიდევ სხვა.
ბევრს ვფიქრობთ ასევე იმაზე, თუ რა შეგვიძლია ჩვენ, თუნდაც ერთ საიტს, თქვენთვის რომ გავაკეთოთ. ვხედავთ, რომ თქვენი, მოზარდების ხმა არსად, თითქმის არც ერთი მედიასაშუალებით არ ისმის. ყველა თქვენზე და თქვენთვის ვწერთ, ყველა თქვენზე ლაპარაკობს, მაგრამ გვინდა, რომ თქვენც ლაპარაკობდეთ, თქვენი აზრები გვესმოდეს და თქვენი სათქმელიც გავავრცელოთ. ვიცით, რომ თქვენი ალაპარაკება რთულია, არც სურვილი გაქვთ და არც ნდობა, რომ უფროსებს თქვენი და თქვენი თანატოლების ტკივილი გაუზიაროთ. ამიტომ გთავაზობთ, ანონიმურად ან გაცხადებულად, მოგვწეროთ ან ხმოვანი შეტყობინებებით გადმოგვცეთ თქვენი სათქმელი ნებისმიერ საკითხზე.