ქართველი ემიგრანტი, ყოფილი მასწავლებელი მადონა თედორაძე ერთ ამბავს იხსენებს, რომელიც დღეს განსაკუთრებულად აქტუალურია:
"ამ ამბის მოყოლას სულ სხვაგვარად ვაპირებდი- იუმორით, ქირქილით, კარგი სახითხითო თემა მქონდა და დიდი ხანია, დავტრიალებდი, როგორ მომეწოდებინა...
........
დამწყები მასწავლებელი ვარ. განათლებიდან გამაგზავნეს ერთ- ერთ რუსულ სკოლაში. დირექტორს ველოდები. გამიდის გულისფანცქალი. ტრიალებენ მასწავლებლები, საქმეთა მმართველი, სასწავლო ნაწილის გამგე.
საქმიანები, სერიოზულები, სათვალეებიდან ზემოდან რომ იყურებიან. უსათვალონიც, რატომღაც და როგორღაც, ზემოდან რომ იყურებიან. ვზივარ, ველოდები დირექტორს..
კარები იღება და შემოჰყავთ ორი აწოწილი ბიჭი. აწითლებიათ ყურები. ჩაუქინდრიათ თავები. ხანში შესულ მასწავლებელს აქეთ- იქიდან წაუვლია ხელი ყურებში და დაბლა ქაჩავს, ისე ვერ წვდება..
შემოჰყავთ. ისინიც დირექტორს ელოდებიან.
შესვენებაა. მასწავლებლებმა თითო "შელამაზება" არ დააკლეს და საკლასო ოთახებს მიაშურეს.
- რა დააშავეთ? - ვიხელთე დრო, მარტო დავრჩით, თუ - არა.
- კარტს ვთამაშობდით, უკანა მერხზე. - გაღიმება სცადა ერთმა.
შემოიღო კარი და უბნის ინსპექტორმა შემოაბიჯა (დაურეკიათ განყოფილებაში, მოუსწრიათ!). ცალ-ცალკე ოთახებში გაიყვანეს ბავშვები.
დაიწყო ინსპექტორმა ჯვარედინი დაკითხვა. მთავარი იყო, გამტყდარიყვნენ, ვისი იყო კარტი. მეორე - ვინ დაიწყო გაკვეთილზე თამაში...
და აი, აქ დაიწყო წარმოუდგენელი საშინელება.
როგორ არ უნდა მეზიზღებოდეს სისტემა, რომელიც ასეთ არანორმალურ რობოტებს და უსახურებს იტევს (როგორც წესი, ხომ სწორედ ასეთები არიან უმეტესად!).
თქვენ შესწრებიხართ როდისმე, საბჭოთა მილიციელი თავისი კომუნისტური ბილეთის ნომერს ზეპირად ამბობდეს და მასზედ ფიცს დებდეს? დაუჯერებელია? მე ეს ვიხილე და მოვისმინე!
- ვფიცავ ჩემი კომუნისტური ბილეთის# 1373 (ნომერი პირობითია, არ მახსოვს, ცხადია.), რომ სკოლიდან მარტო კი არ გაგრიცხავთ, ახლავე მოზარდთა გამოსასწორებელს გადავცემ თქვენს თავს, ახლავე!
შევარდება იქით ოთახში, ეუბნება ბიჭუნას - დაწერე, დაწერე, იმან უკვე ჩაგიშვა. მერე მეორეს ეუბნება იგივეს.
სად შემიძლია ამდენი ატანა!
- სამარცხვინოა თქვენი მუშაობის მეთოდი, - უკვე დაბრუნებულ მასწავლებლებს მივმართე, - ამ არანორმალურის ხელში რომ ჩააგდეთ ბავშვები.
განა, რა უნდა იყოს მეგობრის დასმენაზე უარესი. განა ამ ენით (კაცი ლენინს და კომპარტიას იფიცებს..) რა უნდა გაიგონ ბავშვებმა?!
მეტი ვთქვი, რა თქმა უნდა. ჩემზე უკეთესი არც დამცველი და არც ბრალმდებელი არსებობს, თუ სიმართლე ვიცი.
და მე ვიცოდი სიმართლე - მოზარდი ყოველთვის მართალია!
დიახ, ყოველთვის მართალია ჩვენს წინაშე. ეს ჩვენ უნდა ვეძებოთ მათთან მისასვლელი გზები, გამოვნახოთ მათთან სალაპარაკო ენა. ჯანდაბაში რომ მიდიოდნენ, იქამდე არ უნდა გავუშვათ ხელი, სანამ მისი ხელი არ გაიზრდება, იქით არ შემოგაშველებს და სვლას გაგიადვილებს!
საშინელი სისტემის საშინელი გადმონაშთების საშინელი საქმიანობა გრძელდება ......
... ჰო, მოვიდა მერე დირექტორი, ერთი კეთილი კაცი აღმოჩნდა, უწყინარი. არ ველოდი, მეგონა აღარ მიმიღებდა სამუშაოდ. არა, მიმიღო. იქ დავიწყე მასწავლებლობა. ეს დიდი და საპასუხისმგებლო საქმე.
ადამიანი თუ არ გიყვარს, მოგიწევს რომელიღაცა პარტიის ბილეთის ნომრის დაფიცება!"