ეს გოგონა დღეს მსოფლიო თინეიჯერების კერპია. საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და მშობლების დიდმა ნაწილმა მას მერე "აღმოაჩინა" მისი არსებობა, როცა შვილებმა ერთხმად დაიწყეს ბილი ეილიშის ქუდის მორგება. არა მხოლოდ ქუდით, არამედ ჩაცმის სტილითაც ბევრი ბაძავს მას - უფორმო, დიდი ზომის სამოსით, ვარცხნილობით და ა.შ.
ვნახოთ, ვინ არის ეს გოგონა, რომელმაც მოკლე დროში დიდ წარმატებებს მიაღწია.
ბილი ეილიშ პაირატ ბერდ ო’ კონელი 2001 წლის 18 დეკემბერს დაიბადა.
გოგონა ლოს-ანჯელეშში, მუსიკოსებისა და მსახიობების მეგი ბერდისა და პატრიკ ო’კონელის ოჯახში დაიბადა. ეილიშს ირლანდური და შოტლანდიური ფესვები აქვს. განათლება შინ მიიღო, 8 წლისა კი ლოს-ანჯელესის ბავშვთა გუნდს შეუერთდა. 11 წლის ასაკში უკვე სიმღერებს წერდა - უფროსი ძმის გზას გაჰყვა, რომელსაც იმ დროისათვის უკვე ჰყავდა საკუთარი ბენდი.
შინაური განათლების მიზეზი მისი იშვიათი დაავადებაა - გოგონას ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი აქვს. მას დიაგნოზი ადრეულ ასაკშივე დაუსვეს, თუმცა ამ ფაქტს არ ახმოვანებდა. ტურეტის სინდრომი ნევროლოგიური აშლილობაა, რომელიც ხასიათდება მოტორული და ვოკალური ტიკებით და დღის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც ვლინდება. მაგალითად, ღრუტუნით, ღმუილითა და სხვა ხმების გამოცემით, უნებლიე ყვირილით და ა.შ.
დიდი ხანი ცეკვავდა, თუმცა 2016 წელს ტრავმა მიიღო, რამაც საბოლოოდ დაასრულა მისი საცეკვაო კარიერა.
ცნობილი გახდა 2016 წელს SoundCloud-ზე თავისი სადებიუტო სინგლის, “Ocean Eyes” გამოქვეყნების შემდეგ.
მის სადებიუტო სინგლს 2018 წელს Spotify-ზე 35 მილიონზე მეტი მსმენელი ჰყავდა და 110 მილიონი მნახველი YouTube-ზე. მალევე მიიპყრო ხმის ჩამწერი სტუდიების ყურადღება.
ბილის პირველი მინი ალბომი "Don’t Smile At Me" 2017 წლის 11 აგვისტოს გამოვიდა და ტოპ 15-ში მოხვდა. მან მუსიკალურ პლატფორმაზე "Apple Music"-ის რეკორდი მოხსნა.
2019 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი "When We All Fall Asleep, Where Do We Go?" მისმა სინგლმა "Bad Guy" პირველი ადგილი მოიპოვა Hot 100-ზე. ბილი ეილიში სწორედ ამ მიღწევის გამო გახდა ერთადერთი ადამიანი, რომელიც 21-ე საუკუნეში დაიბადა და მოახერხა Hot 100-ის სათავეში მოხვედრა.
მომღერალმა არა მხოლოდ სიმღერებით, არამედ უჩვეულო სტილითაც გაითქვა სახელი. თავისუფლად ჩაცმა უყვარს, დიდი ზომის სამოსი აცვია და არასოდეს უსვამს ხაზს სხეულის ფორმებს. მისი თქმით, მისი შთაგონების წყარო ამერიკელი რეპერი და დიზაინერი ტაილერ ოკონმაა. ამბობს, რომ იმ ტანსაცმელში, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის მოუხერხებელია, თავს კომფორტულად გრძნობს. ეილიშმა ასევე შთაგონების წყაროდ დაასახელა მომღერალი რიანა.
2019 წელს ეილიშმა იაპონელ მხატვართან, ტაკასი მურაკამან და ტანსაცმლის დიზაინერ დონ C-სთან ერთად გამოუშვა ტანსაცმელი საკუთარი ლოგოთი, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება და პოპულარობა მოიპოვა. Calvin Klein-ის რეკლამაშიც გადაიღეს. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო სოციალურ რეკლამაში, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება, რადგან თავად ხშირად ჰქონია ფსიქოლოგიური პრობლემები და ამბობს, რომ ამაზე ყველამ ხმამაღლა უნდა ისაუბროს.