36 წლის ქართველი ექიმი - თორნიკე სოლოღაშვილი, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში გულის ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას 2900-მდე ოპერაცია აქვს ჩატარებული, ამასთან მონაწილეობას იღებს აფრიკის ქვეყნებსა და კონფლიქტურ რეგიონებში ჰუმანიტარულ მისიებში.
ახალგაზრდა ექიმი ამჟამად აფრიკის კონტინტენტზე, სენეგალის დედაქალაქ დაკარში იმყოფება, სადაც გულის მანკის მქონე ბავშვების დიაგნოსტიკისა და განკურნების, ასევე, ადგილობრივი კადრების მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ჰუმანიტარულ მისიას ხელმძღვანელობს.
მისია ორგანიზაციის "პლანეტა ყველასთვის" მიერ 10 წელია ხორციელდება, თორნიკე სოლოღაშვილი სამი წელია ხელმძღვანელობს გულის პრობლემების მქონე ბავშვების დახმარების პროგრამას.
AMBEBI.GE ქართველ ქირურგს სწორედ სენეგალის დედაქალაქში დაუკავშირდა, რათა მკითხველისთვის მისი საინტერესო ცხოვრების დეტალები გაეცნო.
სოლოღაშვილი გვიამბობს, რომ ჰუმანიტარული მისიით აფრიკის ქვეყნებსა და კონფლიქტურ რეგიონებში 6 თვეში ერთხელ ჩადის და 10 მედიკოსისგან შემდგარი ჯგუფი ცდილობს, ასობით ბავშვს შეზღუდულ დროში დაეხმაროს.
თავდაპირველად, მისიას ქართველი ექიმის კოლეგა ხელმძღვანელობდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი, მისია თორნიკე სოლოღაშვილს გადააბარა და დღეს, სწორედ მისი პასუხისმგებლობაა, ათასობით ბავშვს, რომელსაც გულის მძიმე დაავადებები აწუხებს, სიცოცხლე შეუნარჩუნოს.
"მედიცინა და ცოცხალი ორგანიზმები სულ მაინტერესებდა. მოზარდობის ასაკში, როცა 13-14 წლის ვიყავი, ჩემი მშობლების მეგობარმა გერმანიაში გაიკეთა შუნტირება, რაც მაშინ საქართველოში ხელმისაწვდომი არ იყო. როცა დაბრუნდა, ეს ამბავი მოვისმინე და მედიცინის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გამიღვივდა“, - იხსენებს თორნიკე სოლოღაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში.
თავდაპირველად, თბილისის 171-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. ბოლო კლასები კი კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გაიარა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების სურვილმა კიდევ უფრო იმატა.
"გამიმართლა მაშინდელ ანატომიის კათედრის ხელმძღვანელში. ის იმ პერიოდის ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც საქართველოში პირველი კარდიოქირურგიული განყოფილება იყო. ვთხოვე, ოპერაციებს დავსწრებოდი და ყველაფერი აქედან დაიწყო. აღნიშნული განყოფილება კლინიკა „ღია გულად“ გარდაიქმნა, სადაც პრაქტიკანტად ვმუშაობდი, რეზიდენტურის პირველი წლიდან კი ჯოენის კლინიკაში ვიყავი“, - აღნიშნავს ის.