2020 წლის დადგომამდე წასაკითხი რჩევები ენდოკრინოლოგისგან
2020 წლის დადგომამდე წასაკითხი რჩევები ენდოკრინოლოგისგან
საახალწლო დღეებში ბედნიერების, ხალისის და დროის მხიარულად გატარების ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი მრავალფეროვანი და გემრიელი საახალწლო სუფრაა. სწორედ ამიტომ ახალი წლის შემდგომ დღეებში „მძიმე“ დღეები დგება - ვითვლით უხვად მიღებულ კალორიებს, ჭარბ კილოგრამებს და რაც ყველაზე არასასიამოვნოა, ვნანობთ ჯანმრთელობაზე უარყოფითად ასახულ სიმსუნაგეს.
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ხუციშვილი გვიზიარებს რჩევებს მკითხველებისთვის წინა და პოსტ საახალწლო კვების რეჟიმზე. დაესწარით მრავალს და მშვიდად ისიამოვნეთ ყველასათვის საყვარელი დღესასწაულით განსაკუთრებული და მკაცრი შეზღუდვების დაწესების გარეშე.
ახალი წელი ხშირ შემთხვევაში გადამეტებულ სუფრიანობას და
შესაბამისად, მომატებულ კილოგრამებს უკავშირდება. რა შეიძლება ვურჩიოთ მკითხველებს, რომ მსგავს პრობლემებს არ შეხვდნენ.
მოგეხსენებათ, ახალი წელი ყველასთვის გამორჩეული და საყვარელი დღესასწაულია. ამ დროს ყველა ვაგროვებთ დადებით ემოციებსა და ენერგიას, რომელიც შემდეგ დიდ ხანს მიგვყვება. შესაბამისად, ახალი წლის დღეებში მკაცრ ნუტრიციოლოგიურ შეზღუდვებზე საუბარი მიზანშეწონილი არ იქნება. სასურველია, დავიცვათ ოქროს შუალედი ისე, რომ არ მოხდეს ორგანიზმის გადატვირთვა და ამასთან არც ჩვენს საახალწლო განწყობას შევუშალოთ ხელი.
ახალი წლის შემდგომ მხოლოდ წონის მატება არაა გასათვალისწინებელი. ჭარბი და არაგონივრული კვების შედეგად, მომატებული კილოგრამების გარდა, შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც, როგორიცაა სისხლში შაქრის დონისა თუ არტერიული წნევის მატება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამწვავება (როგორიცაა მაგალითად ნაღვლის ბუშტის, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები
) და ა.შ. ამიტომ ახალ წელს უნდა ვიკვებოთ გონივრულად არა მხოლოდ წონის შენარჩუნების მიზნით, არამედ, პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით. მინიმალური შეზღუდვებით და გონივრული კვებით ამის მიღწევა შესაძლებელია.

შეგიძლიათ უფრო კონკრეტული რჩევები მოგვცეთ?
- სასურველია ახალი წლის დღეებში სუფრას მივუსხდეთ მსუბუქად დანაყრებულები. თუ დღის განმავლობაში რამდენჯერმე და მსუბუქად წავიხემსებთ, შემდეგ სადღესასწაულო სუფრაზე აღარ მოგვიწევს დიდი რაოდენობით საკვების ერთიანად მიღება.
- მოვერიდოთ „ფუჭ“ კალორიებს. გაზიანი სასმელები ძალიან მაღალკალორიულია და ალბათ დამეთანხმებით, 1 ჭიქა გაზიან ლიმონათს ბევრად გირჩევნიათ მიირთვათ მაგალითად 1 ნაჭერი გემრიელი ხაჭაპური. გარდა მაღალი კალორაჟისა, გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა, ქმნის გულის დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, დიაბეტის, ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითების რისკებს.
- არ უნდა დაგვავიწყდეს ორგანიზმის ადეკევატური ჰიდრატაცია - წყლის მიღება. წყალი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს მადას, ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების განეიტრალებაში.
- სასურველია, ფრინველის ხორცი, რომელიც ქართული სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, მივირთვათ კანის გარეშე. ფრინველის კანი დიდი რაოდენობით შეიცავს ე.წ. „ცუდ“ ქოლესტერინს. უპირატესობა მივანიჭოთ ნაკლებ ცხიმიან ყველს და ზოგადად ნაკლებ ცხიმიან რძის პროდუქტებს.
- ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ საკმაოდ გასათვალისწინებელი ფსიქოლოგიური ფაქტორია ჭურჭლის ზომა, რომელსაც საკვებისთვის ვიყენებთ. თუ კერძის ულუფას პატარა თეფშზე გადმოვიღებთ, დამერწმუნეთ, უფრო ნაკლებს მივირთმევთ, ვიდრე დიდი თეფშის შემთხვევაში. არაერთმა კვლევამ აჩვენა რომ საკვები თეფშის ზომის შემცირება მიღებულ საერთო კალორაჟს მნიშვნელოვნად ამცირებდა პაციენტებში.
- თუ თავს უფლებას მივცემთ, სადღესასწაულო პერიოდში თამამად ვიკვებოთ, შემდეგ დღეებში სასურველია მოვაწყოთ ე.წ. „განტვირთვის დღები“ - ჰიპოკალორიული კვება, რაც წყლის დიდ რაოდენობას, ასევე მაგალითად დაბალკალორიულ რძის პროდუქტებსა და ხილს მოიცავს. ამგვარად დავეხმარებით ორგანიზმს გავანეიტრალოთ წინა დღეებში მიღებული კალორიები.
- სადღესასწაულო დღეების შემდგომ სასურველია მალე დავუბრუნდეთ ან ჩავრთოთ ყოველდღიურობაში დოზირებული ვარჯიში, სირბილი, ცურვა და ა.შ. ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც შეიმჩნევა ფიზიკური აქტივობის მიმართ ინტერესის ზრდა, რაც მეტად სასიხარულოა.
- და ბოლოს, ერთი ფაქტორი, რისი გათვალისწინებაც სასურველია - თუ ახალ წლამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე შევზღუდავთ კვების რაციონს, ეს ხელს შეუწყობს კუჭის მოცულობის შემცირებას, მადის დაქვეითებას და შესაბამისად დღესასწაულის დღეებში მივირთმევთ შედარებით უფრო ნაკლებს.

953
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები