ახლი წელი ჭეშმარიტად საოჯახო დღესასწაულია, თუმცა ყველაზე მოუთმენლად ამ დღეებს პატარები ელიან ხოლმე.
იმისათვის, რომ გოზინაყს და საცივს სათანადო ყურადღება დაუთმოთ, გადავწყვიტეთ ერთი საფიქრალი მოგაკლოთ და შემოგთავაზოთ ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საახალწლო დღეებში პატარებისთვის იგეგმება.
ილიაუნის თეატრის სცენაზე, საახალწლო დღეებში ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზამთრის ზღაპარი "თოვლის დედოფალი" გაცოცხლდება, სადაც მეგობრობა და სიყვარული გაალღობს გაყინულ გულს. მუსიკისა და დრამის თეატრი პატარებს "საშობაო ზღაპრის" ნახვის საშუალებას აძლევს. საბავშვო მიუზიკლი "საშობაო ზღაპარი”, ყველასათვის ცნობილი ხალხური ზღაპრის - "მსუნაგი მგელი და შვიდი ბეკეკა”-ს მიხედვით დაიდგა, სადაც მუსიკალურ მასალად მსოფლიო ჰიტებია გამოყენებული. სანახაობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის პერსონაჟების უჩვეულო კოსტიუმები. ახმეტელის თეატრი პატარებს "მაკნატუნაზე" ეპატიჟება. სპექტაკლი ბავშვებს 200 წლის თოჯინის, მაკნატუნას ლამაზ უფლისწულად გადაქცევის ამბავს მოუთხრობს. ახალ წელს რუსთაველის თეატრიც პრემიერით ხვდება. "საახალწლო ნობათი" მიუზიკლია, სადაც მსახიობები მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან არიებს შეასრულებენ. სპექტაკლის რეჟისორი ნიკოლოზ-ჰაინე შველიძე გახლავთ, დადგმის ხელმძღვანელი - რობერტ სტურუა. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის პატარა მსახიობები "შობის ვარსკვლავს" წარადგენენ. გრიბოედოვის თეატრი კი ბავშვებს იმ სპექტაკლების სანახავად ეპატიჟება, რომელიც ყველა პატარას უნდა ჰქონდეს ნანახი - "მაუგლისა" და "ბურატინოს" სწორედ ამ თეატრში შემოგთავაზებენ. ცირკის მოყვარულებს ალბათ გეცოდინებათ, რომ თბილისის ცირკი 80 წლის გახდა. უბილეს აღსანიშნავად ცირკი საახალწლო წარმოდგენებს გთავაზობთ. თბილისს საუკეთესო საცირკო დასი ეწვია! თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი სანახაობა სადაც წარმოდგენილი იქნებიან: არგენტინელი თუთიყუშების შოუ, ძაღლები, ცხენებზე მოჯირითეები, საჰაერო აკრობატები, ბალანსი ცილინდრებზე და სხვა ულამაზესი ნომრები.
ახალი წლის პირველ საღამოს თბილისს მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი MAX THE SAX ეწვევა და 21:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე წარდგება მსმენელის წინაშე.
საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი 13 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება.
პირველი რესპუბლიკის მოედანი (25 დეკემბერი - 13 იანვარი) - თოვლის ბაბუა და მისი ასისტენტები სანტას ზღაპრულ ქალაქში გიმასპინძლებენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი წარმოდგენები მოეწყობა: ჟონგლიორი ჯამბაზების და ილუზიონისტების წარმოდგენა, შოუ ქიმიური ელემენტებით, მრავალფეროვანი ვორქშოფები პატარებისთვის, სასულე ორკესტრის და დრამერების წარმოდგენები, ზღაპრების კითხვა, საბავშვო ფილმების ჩვენება და სხვა. (12:00 - 20:00 სთ.)
5 და 10 იანვარს, თბილისს პატარა უფლისწული გადაუფრენს. საჰაერო შოუები 20:00 საათზე დაიწყება; მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საბავშვო აქტივობები, კონცეტრები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები და ნაძვის ხის ხელნაკეთი აქსესუარების ვორქშოფები;
საახალწლოდ, თბილისის საშობაო ბაზარი გააერთიანებს პროექტებს „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“
ყოველ საღამოს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქართული ესტრადის ვარსკვლავების და მუსიკალური ბენდების კონცერტები, ასევე დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები გელით.არანაკლებ საინტერესო იქნება კინოში სტუმრობა ახალი წლის დღეებში, სადაც სპეცილაურად ბავშვებისთვის საინტერესო სეანსებია ჩანიშნული. კინოში თქვენ ნახავთ: "გაყინული II-ს", "ჯაშუშ მტრედს", "ვარსკვლავურ ომები: სქაიუოქერის აღზევებას" და ა.შ.
გისურვებთ ბევრ საინტერესო და მხიარულ დღეს საახალწლო არდადეგებზე და ბედნიერ ახალ წელს.
ციცი ომანიძე