როდის და რა ფორმით შევაქოთ ბავშვი, რომ მისი ხასიათის ფორმირებასა და მოტივაციაზე დადებითად იმოქმედოს? - ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხს ყველა მშობელი ეძებს და ცდილობს, ბავშვთან სასურველი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს. ეს მარტივი პროცესი არაა და მას წლები სჭირდება. მშობლის მხრიდან ბავშვის მთავარი მოტივატორი შექება უნდა იყოს. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შექების ფორმას, რათა მან არა ნეგატიური, არამედ პოზიტიური შედეგი მოიტანოს. შექება ადამიანში სწორედ განვითარებისკენ სწრაფვას უნდა ბადებდეს და არა უხეშ ჩარჩოებში სვამდეს მას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შეიძლება არა თავდაჯერებულობა, არამედ ახალი გამოწვევების შიში ჩავუნერგოთ ბავშვს.
ზოგადად, ქცევის დადებითად ან უარყოფითად შეფასება და ამავდროულად, ბავშვთან მეგობრული საუბარი, როგორც თანასწორთან, საკმარისია, რომ ის სწორი პიროვნული სტრუქტურის მქონე ადამიანად ჩამოყალიბდეს - ეს არის ბავშვის აღზრდის თანამედროვე მიდგომა, რომელიც წინა თაობის ადამიანებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, არც ისე მარტივი გასააზრებელი და განსახორციელებელია.
როგორც ექიმი-ფსიქოთერაპევტი და ევროპაში აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი ლიკა თუშიშვილი განმარტავს, ერთადერთი მიდგომა, რომელიც სწორ ღირებულებებს აყალიბებს ისე, რომ ბავშვის პიროვნული "მე" ჯანსაღი რჩება, ეს არის მხოლოდ ქცევის შეფასება და არა თვით ბავშვის.
"ბავშვის ყოველი ქცევა უნდა შევაფასოთ დადებითად ან უარყოფითად. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ერთჯერადად. ქცევის ჩამოყალიბება არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. მშობელი მუდმივად უნდა ლაპარაკობდეს ბევრს და კონსტრუქციულად. ნებისმიერი პატარა ფაქტის ადეკვატური შეფასება უნდა ხდებოდეს. თუმცა მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ ცუდი ქცევის დროს ის არ ხდება ცუდი. ის ყველა შემთხვევაში არის კარგი, მხოლოდ ქცევაა ცუდი. მხოლოდ ამ დისოცირების დროს, რომ ბავშვი კარგია და ქცევა არის ცუდი, ბავშვი აღარ იმეორებს ცუდ საქციელს. როცა მშობელი ამბობს, რომ ცუდი ქცევის დროს ბავშვიც ცუდი ხდება, ის პიროვნულად ჯდება ამ მოდელში და იჯერებს, რომ ცუდია. შესაბამისად, ვეღარ მართავს მშობლისათვის არასასურველ ქცევას და მუდმივად ცუდი საქციელი გამოსდის. კარგი საქციელისთვის კარგი მოტივაციაა, რომ გავახარო მამა, დედა, ახლობლები. მშობელმა უნდა აღნიშნოს, რომ შენ არ დამიჯერე და ეს ცუდი ქცევა შენნაირ დამჯერ შვილს არ უხდება. უნდა გამოკვეთოს, რომ თვითონ პიროვნება არის დამჯერი, მაგრამ შეცდომა მოუვიდა. ბავშვი თვითონ მისაღები და საყვარელია მშობლისთვის, მაგრამ ის ქცევა არ გამოუვიდა. ბავშვი მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ მშობელს უყვარს და ასეთ შემთხვევაში მშობლისთვის ჩაიდენს იმ კარგ საქციელს, რასაც მისგან ელიან," - განმარტავს ლიკა თუშიშვილი.
მისივე თქმით, შექება და დადებითი ემოციებით მანიპულირება არის ქცევის მართვის სწორი ფორმა. ამ დროს სწორი ფასეულობათა სისტემით და კარგი თვითშეფასებით იზრდება ბავშვი. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან პატარა ასაკიდან უნდა დაიწყოს.
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ბავშვთან ურთიერთობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ფრაზას. შეიძლება, დედამ სრულიად გაუაზრებლად ისეთი ფრაზა უთხრას შვილს, რომელიც მას სამომავლოდ ფსიქოემოციურ სირთულემდე მიიყვანს. "შენ ეს არ შეგიძლია!"; "შენ ამას ვერ გააკეთებ!" - ეს არის ფრაზები, რომლებიც ბავშვის განვითარებას ზღუდავს. უფროსმა ბავშვს ყოველთვის უნდა მისცეს საშუალება, რომ მან საკუთარი გამოცდილება დააგროვოს. წარმატების მიღწევის ფსიქოლოგიური საფუძველი პატარაობისას მიღებული გამოცდილებაა. პატარაობიდანვე უნდა ჰქონდეს საკუთარი მიღწევები, რომელიც უფროსმა უნდა დაინახოს და სათანადოდ შეაქოს.
"არ უნდა დაგვეზაროს შექება. ბავშვისთვის მოტივაციაა, გაახაროს საყვარელი ადამიანი. დედის გახარება რეალური უკუკავშირია, რასაც ხედავს. ცალკე პიროვნული თვისებების გასაძლიერებლად, პიროვნულად უნდა შევაქოთ. ხშირად უთხარით ბავშვს: შენ კეთილი ხარ, ჯანმრთელი ხარ, მამაცი ხარ, ლამაზი ხარ. ყველაფერი, რაც გვემეტება, უნდა ვუთხრათ. ბავშვი უნდა ხვდებოდეს, რომ მშობელი სწორედ ამ თვისებების მქონედ ხედავს და სჯერა, რომ ასეთია. ასე უყალიბდება თვითშეფასება, რომელსაც მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენებს. ამ დროს ბავშვი თავდაჯერებულ და ზომიერად ამბიციურ პიროვნებად გაიზრდება," - აღნიშნა ლიკა თუშიშვილმა.
შექების დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტია ისიც, რომ ვაქებთ პროცესს და არა შედეგს, რადგან შექებას თან ახლავს ფარული შეტყობინება, რომელიც ბავშვის ქვეცნობიერში ილექება და მის სამომავლო ქმედებებზე ახდენს გავლენას. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რას და როგორ აკეთებს. ამით ბავშვს მოტივაცია და თავდაჯერებულობა ემატება. შედეგის ან ინტელექტის შექების შემთხვევაში, ბავშვი ფიქრობს, რომ მხოლოდ წარმატების შემთხვევაშია ღირებული, ხოლო როცა ეშლება ან კარგად არ გამოსდის რაიმე, მისი მთლიანი პიროვნება გარკვეული დეფექტის მქონეა.