მხატვარი და არქიტექტორ-დიზაინერი ლელი შევჩენკო სოციალურ ქსელში ახალბედა და უკვე გამოცდილ დედებს პოსტს უძღვნის. თემა იმდენად აქტუალური და ნაცნობია, რომ უამრავი გამოხმაურება აქვს. ყველას გვერდით აღმოჩენილა ადამიანი, ვინც ან ძალიან აშინებს მომავალ დედებს, ან კიდევ ბავშვის გაზრდის საკითხს ზედმეტად მარტივად უყურებს. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, პოსტი მკითხველისთვის გაგვეზიარებინა. აი, რას წერს ლელი:
"მოქმედო დედებო! მომავალ დედიკოებს რატომ უხეთქავთ ხოლმე გულს და ჯერ არ დაბადებულ შვილებს მონსტრებად ან სათამაშო თოჯინებად ანახებთ, ა?!
მოგწონთ თვალებგაფართოებული სახის ყურება? თუ ამით უფრო მაგარი დედები ხდებით? რა სპორტია?
"აი, ნახავ, საერთოდ არ დაგაძინებს, სულ იტირებს, არ გამუშავებს, არ გაგაცინებს, არ დაგაჯენს, არავინ დაგეხმარება, სულ დედამ უნდა გაზარდო, არ... არ... არ...
ან მეორე უკიდურესობა - "უფ, მე ბავშვის დაბადებიდან ერთ კვირაში მივლინებაში გავფრინდი და შენც იზამ, ბავშვი თოჯინასავით შეგიძლია კალათით ყველგან აპროწიალო - ობიექტებზეც (რა უნდა, მე ოფისში თუ დამყავდაო?!)"..და ა.შ.
როგორც ყველაფერში, აქაც სტერეოტიპების კასკადია საზოგადოების უმეტეს ნაწილში და ინდივიდუალიზმი გამორიცხულია.
ქართული ძალადობის საინტერესო ფორმაა მოქმედი დედებისა და მომავალი დედიკოების ურთიერთობა".
პოსტზე არანაკლებ საინტერესოა კომენტარები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
"მე მშობიარობაზე უფრო მახსოვს დრამების დადგმა, დარწმუნებული იყავი, რომ ყოველი წუთით დაგატკბობს შენი პატარა, უძილო ღამეებიც ტკბილი გექნება მასთან ერთად" "ლელი, დამიჯერე და ასეთ ხალხს წყნარად დაემშვიდობე, გინდ ცხოვრების დიდ გზაზე ხვდებოდე და გინდ სოცქსელებში" "შენ წინ უდიდესი ბედნიერება გელის - დედობა და ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეიძლება ქალმა მიიღოს. მე, ბედნიერ დედობას გისურვებ და ვიცი, ეს ასეც იქნება" "მივხვდი, რომ სხვა ადამინების რჩევები და გამოცდილება ხშირად უსარგებლოა ჩემი ცხოვრებისთვის და წინასწარ განწყობებს გიქმნის, გაშინებს და პირიქით. მე გადავწყვიტე ყოველთვის ჩემებური გამოსავალი და ახალი მეთოდი მოვიფიქრო, ეს საუკეთესო გზა არის, რადგან შენია. დარწმუნებული ვარ, შენებურად, ფერადად და ლამაზად კარგად გაართმევ თავს. ბედნიერი დედობა." "ბავშვის გაზრდაზე სასიამოვნო არაფერია როდესაც გვერდით საყვარელი ადამიანები გყავს. გადაულახავი სირთულე არ არსებობს. ვინც წუწუნებს, ის არის უმადური ადამიანი და ყურადღება არ მიაქციო" "ბავშვთან ურთიერთობის ნებისმიერი წამი, ყველაზე მძიმე და დამღლელიც კი, შეიძლება საინტერესო გახადო და ბედნიერების წამად აქციო. ბედნიერება კი ჩვენს ირგვლივ იმდენია, რამდენის დანახვაც შეგვიძლია. ბედნიერ დედობას გისურვებთ!" "უბრალოდ, გამოცდილებას გიზიარებთ, რომ მერე მარტივად შეხვდე სირთულეებს. მეც რომ გავეფრთხილებინე ვინმეს რომ დედობა დიდ ბედნიერებასთან ერთად საოცრად რთულია, უფრო გამიადვილდებოდა. ასე რომ, ვინც რასაც ამბობს, ეს მათი გამოცდილებაა, მე გირჩევ რომ გაიაზრო და სწორად გამოიყენო ეს ინფორმაცია საშენოდ" თეკლა ჟვანია