იანვრის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალია. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს. მათ ინფორმაციით, საქართველოში ნალექები დღის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო 14 და 15 იანვარს ყველგან უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
-"დასავლეთ საქართველოში 18 იანვრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 16 იანვრიდან იქ ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს. 16 და 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ და ზეგ უნალექო ამინდს ველოდებით. ტემპერატურა დღის საათებში +5-+10 გრადუსის ფარგლებში იქნება. 16 იანვარს აღმოსავლეთ საქართვლოში მოიღრუბლება და ნისლია მოსალოდნელი, ცალკეულ რაიონებში შესაძებელია მცირე თოვლიც აღინისშნოს. 17 იანვარს ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გუშინ გუდაურში, ბაკურიანსა და მესტიაშიც თოვდა. თოვლის საფარმა ზამთრის კურორტებზე მოიმატა. ხვალიდან ნალექი შეწყდება და საქართველოში 18 იანვრიდან ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სავარაუდოდ, ზამთრის კურორტებზეც ისევ მოთოვს. "- განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მათი ინფორმაციით, თებერვალში კლიმატურ ნორმაზე ნაკლები ან მასთან მიახლოებული ნალექები იქნება. ასევე, კლიმატურ ნორმასთან შედარებით, თებერვლის თვეში თბილი ამინდია მოსალოდნელი.
თამარ იაკობაშვილი