სიახლეებიკალეიდოსკოპი
"წასულიყო ტაქსით, მეტროში რომ შემოეკვეხა ამხელა მუცლით... " - ორსული ქალის წერილი
"წასულიყო ტაქსით, მეტროში რომ შემოეკვეხა ამხელა მუცლით... " - ორსული ქალის წერილი
ორსულობა ის პერიოდია ქალის ცხოვრებაში, როცა ახალი, მნიშვნელოვანი და მეტად საპასუხისმგებლო ეტაპზი იწყება.

მას თან ახლავს გარკვეული სიძნელეები და სირთულეები. სწორედ ამ თემაზე გვწერს ჩვენი ერთ-ერთი მკითხველი და გვიზიარებს თავის გამოცდილებას:

"ორსულობა, ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი პერიოდია ქალის ცხოვრებაში. თუმცა, პირადი გამოცდილებით, ძალიან ბევრი სირთულე ახლავს თან.
ყველა რომ ცალკე გამოვყოთ, ალბათ, დაუსრულებლად შეიძლება წერა, მაგრამ ახლა მინდა მოგიყვეთ, ის, რაც ყველაზე მეტად "მტკივნეულია" ამ პერიოდში და რაც საკუთარ თავზე
გამოვცადე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

განსაკუთრებით რთულია, როცა ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ხარ გასასვლელი.
თუ შემთხვევით რაიმე სასწაული მოხდა და თავისუფალი ადგილი შეგხვდა, ჩათვალე, რომ სასწაულად იღბლიანი დღე გაქვს. თუ არადა გამორიცხულია, ვინმემ დაგითმოს, განსაკუთრებით, შუახნის ქალბატონები, მამაკაცები ისე ურცხვად მოგარიდებენ თვალს, ჩათვლი, რომ იქ არ არსებობ.

ყოველ დილით ჩვეულ მარშრუტს გავდივარ სახლიდან სამსახურამდე. საკმაოდ შორი მანძილის გავლა მიწევს და მინიმუმ, ორი ტრანსპორტის გამოცვლა მჭირდება.
ჩავედი მეტროში, როგორც ყოველთვის, გატენილი ვაგონებით მოვიდა, იქ დგომას და ლოდინს აზრი არ აქვს. შევედი ერთ-ერთ ვაგონში, ავიწურე კართან, აბუტბუტდნენ ფეხზე მდგომები: "ორსული ფეხზე დგას, ვინმემ დაუთმოს"..

"წასულიყო მერე ტაქსით, აქ რომ შემოეკვეტა ამხელა მუცლით", - აცმაცუნდა შუახნის
ქალი,  თან აქეთ-იქით იხედება, თანამოაზრეებს ეძებს, რომ ვინმემ მხარი აუბას.
"გაჩუმდი სირცხვილია",- აჩუმებს თანმხლები, ახალგაზრდა ბიჭი.

ყელში ბურთი გამეჩხირა, თავი ასე უსუსურად არასდროს მიგრძვნია, ხმა ვერ ამოვიღე ან რა უნდა მეთქვა?! ტაქსის ფული რომ მქონდეს, მსიამოვნებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჭყლეტა?!

რატომ ვართ ასეთი უხეშები ერთმანეთის მიმართ?! რა საჭიროა ამდენი აგრესია?! რატომ უნდა მოუწამლო შენი დაუფიქრებელი ქმედებით თუ სიტყვით ადამიანს მთელი დღე?!

სუფრებზე რომ გამოიდებთ ხოლმე თავს მანდილოსნების სადღეგრძელოებით, ქართველ ქალს, დედას, რომ უნდა გაუმარჯოს... რეალობაში რა გემართებათ ამ ხალხს?

ახალგაზრდა თაობის ლანძღვა მესმის სულ "ასეთები, ისეთები", სწორედ ეს თაობაა კისრისტეხით რომ წამოვარდებიან და ადგილს გვითმობენ ორსულებს, უფროსებს მოხუცებსა და ბავშვებს. 

ხალხო, ნაკლები აგრესია, მეტი პატივისცემა და თანადგომა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ. ასე რთულია?!"
მაია 30 წლის
ბეჭდვა