ბევრი კრიტიკის შემდეგ მას გენიოსი უწოდეს და აღფრთოვანდნენ მაშინ, როცა მისი სკულპტურა ნახეს, სადაც დები ერთმანეთს ეხუტებიან. უამრავი ადამიანის დადებითი კომენტარი მიიღო. თუმცა, აღიარებამდე ქალი ფსიქიატრიულში მოხვდა.
1943 წელს ერთ ჩვეულებრივ ამერიკულ ოჯახში, ოჰაიოს შტატში ტყუპი გოგონა გაჩნდა, გვარად სკოტები. მათ ჯუდიტი და ჯოისი დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტყუპები იყვნენ, ერთმანეთს საერთოდ ვერ ამსგავსებდნენ. ჯოისი მიმზიდველი და ლამაზი ბავშვი იყო, რასაც ვერ იტყოდით ჯუდიტზე. მშობლებმა კი გადაწყვიტეს, რომ ისინი ერთმანეთისგან არ გაერჩიათ, აცმევდნენ ერთნაირ ტანსაცმელს, ყიდულობდნენ ერთნაირ სათამაშოებს და ცდილობდნენ, თავიდანვე დებს შორის მეგობრული გარემო შეექმნათ. ჯუდიტი ცოტა უცნაური ბავშვი იყო. კარგად ვერ ლაპარაკობდა და სმენის პრობლემაც ჰქონდა. მაგრამ, იმედი ჰქონდათ, რომ სკოლაში მისვლის შემდეგ ეს პრობლემა ნელ-ნელა მოგვარდებოდა.
ოჯახური იდილია მაშინ დაირღვა, როდესაც გოგონები შვიდი წლის გახდნენ და სკოლაში წავიდნენ. მისაღებ გამოცდებზე ჯუდიტმა ვერც ერთ კითხვას ვერ გასცა პასუხი, თუმცა იმ თემებზე ყველაფერი იცოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას სმენის დაქვეითება აღენიშნებოდა და ახლობლებისა და ნათესავების საუბარს მათი ტუჩების მოძრაობითა და ინტონაციით ხვდებოდა.
ჯუდიტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ცგააგზავნეს - მხოლოდ იმის გამო, რომ დაუნის სინდრომი დაუდგინდა და სმენის პრობლემები - მაშინ ასე წყვეტდნენ ამ "პრობლემებს". დების განშორება ძალიან დიდი ტრავმა აღმოჩნდა ორივესთვის. ჯუდიტს კარგად ახსოვს, როგორ სვამდა მამა ჩუმად მანქანაში, რომ ჯოისს არ დაენახა და არ ეტირა.
ცხოვრების პირველივე წლებიდან, მშობლებმა იცოდნენ, რომ გოგონას დაუნის სინდრომი ჰქონდა და გონებრივადაც ვერ იქნებოდა კარგად განვითარებული. მაშინ ცოტა რამ იყო ცნობილი დაუნის სინდრომზე. ჯუდიტის მშობლები მაშინვე გააფრთხილეს, რომ მათი ქალიშვილი მოზარდობის ასაკში მოკვდებოდა. შეიძლება ამის გამოც გადაწყვიტეს ტყუპის დაშორება. არადა, თავიდან იმედი ჰქონდათ, რომ ნორმალურად განვითარდებოდა, რადგან ჯუდიტი სხვა ბავშვების მსგავსად თამაშობდა და ავლენდა სხვადასხვა უნარს.
ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში მსგავსი უამრავი ისტორია ხდებოდა, თუმცა ან ერთ-ერთი გარდაიცვლებოდა ან კონტაქტს წყვეტდნენ იმიტომ, რომ საზოგადოება მათ განსხვავებულ და უჩვეულო არსებებად აღიქვამდა.
ჯუდიტმა დიდი გავლენა მოახდინა ჯოისის ცხოვრებაზე, როცა ის ერთ დღესაც მოულოდნელად გაქრა. გოგონას დეპრესია დაემართა. ამ დიაგნოზით საავადმყოფოში გოგონების დედაც მოხვდა. მამა ერთხელ გადაურჩა გულის შეტევას, თუმცა მეორე ჯერზე გარდაიცვალა. ჯოისი სულ მარტო დარჩა.
სკოლის დამთავრების შემდეგ მან გადაყვიტა, რომ მედდა გამოსულიყო და სხვა ბავშვებზე ეზრუნა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ჯუდიტს ამსგავსებდა. ამ ბავშვების გამო ფსიქოლოგია ისწავლა, აიმაღლა კვალიფიკაცია და სპეციალისტის სტატუსი მიიღო. მაგრამ, ვერც ერთ პაციენტში ვერ აღმოაჩინა ჯუდიტი. ან როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორე შეცვალოს?
ჯოისი წერდა ლექსებსა და წიგნებს და ამ გზით ცდილობდა გაქცეოდა იმ ტკივილს, რასაც ტყუპისცალის დაკარგვით განიცდიდა. მან მოამზადა ნაშრომი, რომელიც მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს მიუძღვნა.
ორმოცდაორი წლის ასაკში ჯოისი მიხვდა, რომ შესაძლებელია მისი და ცოცხალი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკა არსებობდა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მოზარდობის ასაკში იღუპებოდნენ, ხომ არსებობდა თუნდაც ერთი შანსი, რომ მისი და გადარჩენილიყო? ჯოისი დედას ყოველდღე უსვამდა სხვადასხვა კითხვას, მაგრამ ის ტიროდა და პასუხის გაცემა არ სურდა.
მან მოიძია ყველა დოკუმენტი, რომლის მოძიებაც შეიძლებოდა და გაარკვია იმ კლინიკის დასახელება, სადაც მისი და მკურნალობდა.
ჯუდიტი ცოცხალი იყო. ეს თითქმის დაუჯერებელი ამბავი იყო, რადგან დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მაშინ ამდენ ხანს ვერ ცოცხლობდნენ. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყველასგან იზოლირებულად ამყოფებდნენ, არ ჰქონდათ კომუნიკაცია ბავშვებთან, კვებავდნენ უგემური საჭმლით და ამის გამო ხანდახან პაციენტები აგრესიასაც კი ავლენდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ადრინდელი ჯუდიტისგან არაფერი იყო დარჩენილი, მაგრამ რაც მთავარია, ის ცოცხალი იყო. როგორც კი ჯოისი დაინახა, მაშინვე იცნო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელი გავიდა და ამასობაში ჯოისი გაიზარდა, ჰყავდა საკუთარი ოჯახი და შვილები, ჰქონდა განსხვავებული ვარცხნილობა და განსხვავებულად ეცვა. ორივე შეცვლილი იყო, მაგრამ ჯოისი ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს, რომ ჯუდიტი იპოვნა. ის საშინელი შესახედი იყო, მისი შვილები შეშინდნენ კიდეც მის დანახვაზე, მაგრამ მან ის საკუთარ სახლში წაიყვანა, ოკლაჰომას შტატში.
რთული დასაჯერებელია, მაგრამ სწორედ იმ დროს ოკლაჰომას შტატში ერთადერთი სამხატვრო სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ჯოისს გაახსენდა, რომ პატარა ჯუდიტს ხატვა ძალიან უყვარდა და კლინიკაში მოხვედრის შემდეგ აგრესიას სწორედ ხატვით იკლავდა. მან სამხატვრო ცენტრს მისწერა და იმედოვნებდა, რომ დას ასე უფრო დაუბრუნებდა ცხოვრების ხალისს. თუმცა ჯოისის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ჯუდიტს ხატვა აღარ შეეძლო და აკადემიაშიც ყველაფერს აფუჭებდა. მაგრამ ის იქ დარჩა იქამდე, ვიდრე თანხა გადახდილი ჰქონდათ. მოულოდნელად ძაფები აიღო და სრულიად გასაოცარი, ყველასთვის დაუჯერებელი ქსოვილის ქანდაკება შექმნა.
მოგვიანებით, ერთ-ერთი პირველი გამოფენის დროს კრიტიკოსებმა ეს ქანდაკება ათობით ათას დოლარად შეაფასეს.
ჯუდიტმა წარმოუდგენლად დიდხანს იცოცხლა იმ ფონზე, რომ ბავშვობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, ყველასგან მოშორებით, მარტო გაატარა 30 წელი, სვამდა ფსიქოტროპულ პრეპარატებს და არასდროს დავიწყნია საკუთარი ოჯახი.
ყოველთვის იცოდა, როდის უნდა დაესრულებინა სამუშაო. ერთი ქანდაკების მეორე ვარიანტსაც აკეთებდა, რათა ჯოისისთვისაც გადაეცა. მისი ნამუშევრები პატარაც იყო და უზარმაზარიც. როდესაც ცენტრში შეამჩნიეს, რომ ჯუდიტი უნიკალურ ქანდაკებებს ქმნიდა, ცალკე მაგიდა გამოუყვეს და მრავალი წლის განმავლობაში იქ მუშაობდა. თუ გაეცნობით მის ქანდაკებებს, დაინახავთ, რომ იქ მისი ცხოვრების ყველა ეტაპია აღწერილი. თბილი, მხიარული სკულპტურები მის ბავშვობას ასახავს. მუქი, პირქუში ფიგურები კლინიკაში გატარებულ წლებზე მოგვითხრობს. ჯუდიტი მსოფლიოში პირველი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ხელოვნებით, არავერბალურად, თანმიმდევრულად აღწერა საკუთარი ცხოვრება.
შიში გაქრა და ის თავდაჯერებულ ქალად გადაიქცა. შეუყვარდა ფერადი სამკაულები, შარფები, იცვამდა ისე, როგორც ექსტრავაგანტული მხატვრები. საიდან აღმოაჩნდა მას ამხელა ძალა, რომ ოცდაათწლიანი სრული იზოლაციის შემდეგ ასე განვითარებულიყო? პასუხი მხოლოდ ხელოვნებაში არ არის. ერთ-ერთი მიზეზი ჯოისია. მან შეძლო და არასდროს დაივიწყა საკუთარი და, დაუდგა გვერდით, იზრუნა მის განვითარებაზე და იმ სულიერი კავშირის გამო, რაც ტყუპ დებს შორის იყო, ჯუდიტმა უზარმაზარ წარამტებას მიაღწია.
კრიტიკოსები გაოგდნენ, როდესაც ჯუდიტის ნამუშევრების გამოფენაზე მივიდნენ. ფერები, ტექნიკა, შესრულების ხარისხი, მეოცე საუკუნეში ახალი სიტყვა იყო იმ ფონზე, რომ ის კი არ ხატავდა, არამედ სკუპლრტურებს თაბაშირის ნაცვლად ძაფებით ქმნიდა.
ჯუდიტ სკოტი 2005 წელს გარდაიცვალა. მის მიერ შექმნილი სკულპტურები ნიუ-იორკის, ლონდონისა და პარიზის მუზეუმებში ინახება. მათი ფასი 20 000 დოლარს აღწევს. ყველა, ვინც მის დასათვალიერებლად შედის და ავტორის ისტორიის შესახებ არაფერი იცის, ამბობს, რომ უხილავად გრძნობს რაღაც ძალიან დიდ ტანჯვასა და ტკივილს. არავითარი მაგია, ის უბრალოდ გენიოსი იყო, რომელმაც ცხოვრების ურთულესი გზა გაიარა.