ყბა-სახის მიდამოებში კისტოზური და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები იშვიათი პრობლემა ნამდვილად არაა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ბოლო პერიოდში ამ პრობლემამ განსაკუთრებით ბავშვთა და მოზარდების ასაკში იჩინა თავი.
როგორც წესი, ყბა-სახის მიდამოში კისტების აღმოჩენა დროულად ვერ ხდება, რადგან ის მიმდინარეობს უსიმპტომოდ და უმტკივნეულოდ. მისი აღმოჩენა ხდება ხოლმე დაგვიანებით, როდესაც წარმონაქმნი მიაღწევს დიდ ზომებს ან შემთხვევით გამოვლინდება საკონტროლო კვლევების დროს.
ცოტა ხნის წინ "ნიუ ჰოსპიტალსში" ანგიოქირურგისა და ყბა-სახის ქირურგის ერთობლივი ჩართულობით, ახალგაზრდა გოგონას კისრის მიდამოდან დიდი ზომის დაჩირქებული კისტოზური წარმონაქმნი ამოუღეს. მეტად რთული და საინტერესო ოპერაციის შესახებ თავად ყბა-სახის ქირურგი ბექა ბაკურაძე გვესაუბრება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტმა უკვე იცოდა კისტოზური წარმონაქმნის შესახებ, რადგან მანამდე კისტის დაჩირქების გამო ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია ჩირქგროვის დასადრენირებლად. ამჯერად კი ოპერაციული მკურნალობა ჩატარდა გეგმიურად, წინასწარ მომზადდა ანტიბიოტიკოთერაპიით, გაიარა ანგიოქირურგის კონსულტაცია და ჩატარდა მაგნიტორეზონანსული კვლევა კონტრასტით და დაიგეგმა ოპერაცია.
კისტის გარსის სრული ამოღება მოხდა. ზოგადად, კისტის ამოკვეთის ოპერაციები იშვიათი არ არის, თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა გამორჩეული იყო მისი რთული ლოკაციის გამო. ამაზე უფრო დიდი ზედაპირული წარმონაქმნებიც ამოგვიღია, მაგრამ ამ შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს მილიმეტრებით ვშორდებოდით. სწორედ ამიტომ ორმა ქირურგმა, ანგიოქირურგმა - გიგი ბრეგაძემ და მე, ყბა-სახის ქირურგმა - ბექა ბაკურაძემ ვიმუშავეთ.
სულ ცოტა ხნის წინ შევიძინეთ ართროსკოპი. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში არც ერთ კლინიკას არ აქვს ასეთი თანამედროვე აპარატი. ეს მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს საფეთქელ-ქვედაყბის სახსრების ოპერაციები ართროსკოპიურად ანუ მინიმალური ინვაზიით გავაკეთოთ. ჩვენს მიმართულებაში მცირე ინვაზიური მიმართულება ნამდვილად ინოვაციაა.
ჩვენს განყოფილებაში, ასევე, თვალის დაზიანებით მოსულ პაციენტებთან ხდება ძვლის ნამსხვრებების ამოღება და თვალბუდის ფსკერის იმპლანტაცია ტიტანის ფირფიტებით.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190