სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიები მაქსიმეს გმირობას დაეთმო, რომელმაც კომპიუტერულ თამაშებში ჩართული 12 წლის მეგობარი, ლადუკა, სიკვდილს გადაარჩინა. სერიალი ყოველთვის იმ პრობლემებს ასახავს, რომლის წინაშეც დგას საზოგადოება და არც ეს საკითხია გამონაკლისი.
ბუნებრივია, დიდი იტერესი გამოიწვია ლადუკას პერსონაჟმა, რომელსაც დათა ლანდია ასახიერებს. მართალია, დათა ცნობილი მომღერლის, სოფო გელოვანის შვილია, მაგრამ ეს არ ყოფილა გადამწყვეტი მაშინ, როცა ამ როლზე ამტკიცებდნენ. დათას ახალ ამპლუაზე სოფოს ვესაუბრეთ:
- საირმეში ვისვენებდით, როცა სერიალიდან დამირეკეს, მითხრეს, რომ ახალი პერსონაჟი უნდა დაემატებინათ, ლადუკა, ამიხსნეს, რა პრობლემა იქნებოდა წამოწეული წინ და გამოთქვეს სურვილი, რომ დათას განესახიერებინა ეს გმირი. მოგეხსენებათ, ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ და უყურებენ. ამ მხრივ, არც დათაა გამონაკლისი. როცა ვკითხე, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას, ძალიან გაუხარდა და მაშინვე დამთანხმდა. სიმართლე გითხრა, მე გადაღებებში და ზოგადად, ამ საკითხში ჩართული არ ვარ, ახლაც მოაკითხეს და წაიყვანეს, პირველადაც უჩემოდ, დამოუკიდებლად წავიდა. რომ გითხრა, დიდად ამბებს მიყვება-თქო, ასეც არ არის, უფრო მეტი თვითონ სერიალიდან გავიგე, ვიდრე დათასგან. როცა ვეკითხებოდი, როგორ ითამაშე, მოგეწონა გადაღებები? - ბევრს არაფერს მპასუხობდა, კი, მომეწონა, როგორ ვითამაშე, ნახავო. მთავარია, რომ თვითონ მოსწონს პროცესი და კმაყოფილია. რაც შეეხება თემას, ძალიან აქტუალურია, ჩვენს რეალობაში ბავშვების უმრავლესობა ეკრანსაა მიჯაჭვული, ჩართულია ტელეფონში და თამაშებში. ეს დიდი ბიჭი, მაქსიმე, ბავშვებთან ერთად რომ თამაშობს ამ საშინელ თამაშებს, კიდევ ცალკე პრობლემაა, სერიალიც ხომ რეალურ პრობლემებს გვანახებს, ჰოდა ესეც ერთ-ერთი მათგანია.
ციცი ომანიძე