"საქართველოში ვუჰანიდან პირდაპირი ავიაფრენა არ სრულდება. ჩინელებს ძალიან მკაცრი კონტროლი აქვთ ვუჰანიდან მგზავრების გამოსვლაზე დაწესებული. ყველა მგზავრი აეროპორტში კონტროლს გადის. ავადმყოფებთან კონტაქტში მყოფი ადამიანები კარანტინში მოაქციეს. ამ ვირუსით გარდაცვლილი ყველა ადამიანი ასაკოვანია, თანმხლები ქრონიკული დაავადებებით. ბოლო შემთხვევაში გარდაიცვალა 89 წლის ადამიანი, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა. ჯერ-ჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურად აცხადებს, რომ არავითარი შეზღუდვა მგზავრობასა და ვაჭრობაზე, არ არის რეკომენდებული. ვუჰანიდან ვისთანაც პირდაპირი რეისი სრულდება, ის ქვეყნები არ ნერვიულობენ და ჩვენ ნუ ჩავვარდებით პანიკაში. " - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.
პაატა იმნაძის თქმით, დღეს, საქართველოს დროით 6 საათზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სხდომას გამართავს და კიდევ ერთხელ გამოაქვეყნებს რეკომენდაციებს.
კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.
სტანდარტული რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოიცავს:
რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება; ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი; თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან ან გარეულ ცხოველებთან; რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი; სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს სტანდარტული ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.