ბევრს უნახავს ამერიკული ისტორიული ფილმი "შინდლერის სია", რომელიც სტივენ სპილბერგმა თომას კენდალის რომანის " შინდლერის კიდობანის" მიხედვით გადაიღო.1993 წელს ფილმმა "ოსკარის" მოიპოვა. გარდა ამისა, ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო 100 ამერიკულ ფილმს შორის მერვე ადგილზე დაასახელა. თუმცა, დრამას შეიძლება ქართული ვერსიაც ჰქონდეს. იმიტომ, რომ ებრაელებს ქართული წარმოშობის საკუთარი შინდლერი ჰყავთ. მას იოსებ ელიგულაშვილი ერქვა. ქუთაისში დაიბადა. სწავლობდა მოსკოვის ინსტიტუტში, პოლიტიკის მეცნიერებისა და კომერციის მიმართულებით.
სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნების შემდეგ იოსები აქტიურად ჩაერთო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. იმ ადამიანებს შორის, ვინც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერეს, იოსებ ელიგულაშვილიცაა. სხვადასხვა დროს ის ფინანსთა, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. გარდა ამისა, იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი ევროპაში.
მაგრამ, მალევე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს დიდხანს თავისუფლება არ ეწერა და საბჭოთა კავშირში შესვლა ელოდა. სწორედ მაშინ, 1921 წლის თებერვალში, მას ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად დაევალა საქართველოს ეროვნული საგანძურის ევაკუაციაში საფრანგეთში. იქ მასაც დიდი წვლილი შეჰქონდა ქართული კოლექციის გამდიდრებაში. მონაწილეობდა ქართველ ემიგრანტთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პარიზშივე შექმნა საკუთარი მცირე ბიზნესი, არჩეული იყო ქართველ ებრაელთა ასოციაციის ხელმძღვანელად.
მაგრამ ნაცისტების მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. იოსები დააპატიმრეს. თუმცა მისი დახსნა მოახერხეს გერმანელმა მეგობრებმა და მიხეილ კედიამ, რომელიც ერთ დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების მინისტრის შვილი გახლდათ.
გაერთიანებული ძალებით იოსებმა და მიხეილმა სამხედრო ტყვეთათვის განკუთვნილი გერმანელთა ბანაკებიდან ათასობით ადამიანის გათავისუფლება მოახერხეს. ამას დიდად შეუწყო ხელი თითქოსდა „მეცნიერულად დასაბუთებულმა“ ქართველ ებრაელთა მემორანდუმმა, რომელიც ნაცისტების წარმომადგენლებს გაუგზავნეს პარიზში.
დოკუმენტში ნათქვამი გახლდათ, რომ ქართველი ებრაელები არაფრით განსხვავდებოდნენ ეთნიკური ქართველებისაგან: „საერთო ფიზიკური კონსტიტუცია, ერთი ენა და გარეგნობა.“ ხაზგასმული იყო ის, რომ „მათ არ გააჩნიათ არავითარი კომუნისტური ან სიონისტური მისწრაფებანი.“ ამ მემორანდუმის წყალობით გაჩნდა მოკლევადიანი შესაძლებლობა ყველა „ქართველი“ ებრაელის გადარჩენისა. დაიწყო ყალბი დოკუმენტების გაცემა − ებრაელებს გვარებზე უმატებდნენ დაბოლოებას „შვილი“ ან „ძე“ და ეს საკმარისი იყო მათი ქართული წარმომავლობის დასამტკიცებლად...
იოსებ ელიგულაშვილისა და მისი თანამოაზრეების ძალისხმევის შედეგად, დაახლოებით 20 ათასი ებრაელის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. ამ ებრაელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა რაიმე კავშირი საქართველოსთან. დანარჩენები იყვნენ ირანიდან, თურქეთიდან და სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. თავად იოსებიც ცოცხალი გადაურჩა ომს, თუმცა ისე გარდაიცვალა პარიზში 1952 წლის 20 ოქტომბერს, რომ ვეღარასოდეს მოახერხა სამშობლოს კვლავ ნახვა.
დაკრძალულია ბანიოს სასაფლაოზე.