კორონავირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. ვირუსი გასცდა ჩინეთის საზღვრებს და შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში. ია მირიანაშვილი ჩინეთის ქალაქ შენჟენში მეუღლესა და 4 წლის გოგონასთან ერთად ცხოვრობს. ინგლისურ ენას ასწავლის და საკუთარი ტრენინგ-ცენტრი აქვს. ის იქ არსებულ სიტუაციაზე გვიყვება:
- ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა ჩინეთის ისტორიაში, როდესაც საჯაროდ გამოიტანეს ვირუსის შესახებ ინფორმაცია და ყველანაირად ცდილობენ პრევენციას. დარწმუნებული ვარ, რომ პანიკაა. პროვინციები ერთმანეთს ეხმარებიან და ჰუბეის პროვინციაში გამოცდილი ექიმების ეკიპაჟებს აგზავნიან. ასევე, 6 სამუშაო დღეში შენდება ჰოსპიტალი, სადაც პაციენტების ერთად მოთავსება მოხდება. მაღალჩინოსნები მოსახლეობას ურჩევენ, რომ პანიკას არ აყვნენ და თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან. არასწორი ინფორმაციის გავრცელება დასჯადია, თუმცა რა სანქციებს ითვალისწინებს აკრძალვა, დეტალურად არ ვიცი.
ჩინეთში მცხოვრებ ქართველებს მინდა ვუთხრა: ხშირად გაანიავეთ ოთახები, სახლში სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენეთ, იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ, დაიცავით პირადი ჰიგიენა და ქუჩაში პირბადის გარეშე ნუ გახვალთ. მე მაინც მჯერა, რომ საქართველოსა და ქართველებს ვირუსი ვერ დაგვამარცხებს.
თამარ იაკობაშვილი