ჯენიფერ ლოპესი 50 წლის ასაკში რომ ბრწყინვალედ გამოიყურება, ახალი ამბავი არ არის და რომ ბევრ ახალგაზრდა კოლეგას უსწრებს კიდეც სხვადასხვა კრიტერიუმით. როგორც ჩანს, საქმე, ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობის გარდა, გენებშიცაა.
მორიგ კონცერტზე, რომელიც მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩაატარა, ჯეი ლომ სცენაზე თავისი 74 წლის დედიკო იხმო, რომელსაც იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა. ქალბატონი თავის დაბადების დღეზე შვილის კონცერტს ესწრებოდა და სცენის მიღმა მის სიმღერას აყოლებული ცეკვავდა. თუმცა ჯეი ლომ გადაწყვიტა, სცენაზე გამოეყვანა. უამრავი მაყურებლის თვალწინ დედა-შვილმა იცეკვა კიდეც და ჯეი ლომ ტორტზე სანთლებიც ჩააქრობინა.
"ადამიანები ხშირად მეკითხებიან, საიდან მომაქვს ენერგია, ძალა, საიდან ვიღებ ჩემს საცეკვაო მოძრაობებს. ახლა იცით პასუხი. რაც თავი მახსოვს, დედა სულ ცეკვავს, იცინის და ანათებს ყველაფერს გარშემო. უყვარს მუსიკა, კინო, ისტორია, მიუზიკლები და სჯერა ნამდვილი სიყვარულის. ეს ყველაფერი მან ჩემში ჩადო..." - აღიარებს მომღერალი.
"დედა, ყველაფერს შენი წყალობით მივაღწიე. დღეს 74-ე დაბადების დღე გაქვს. როგორც ყოველთვის, მშვენიერი ხარ და ისევე ენერგიულად ცეკვავ, როგორც ახალგაზრდობაში. მადლობა სიყვარულისთვის, ზრუნვისთვის და იმისთვის, როგორიც ხარ".