24 წლის ქართველი ვლადიმერ ქინძოძე, რომელიც ჩინეთში მასწავლებლად მუშაობს, კორონავირუსის გამო ჩინეთში შექმნილ ვითარებასა და საქართველოში ვირუსით გამოწვეული პანიკის შესახებ ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ლადო გვეუბნება, რომ ქალაქ ქინგდაოში, ვუჰანიდან 1100 კილომეტრში იმყოფება.
მისი ცნობით, საქართველოში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ლადო წერს, რომ ჩინელმა მედიკოსებმა უკვე კორონავირუსით დაავადებული 64 მოქალაქის განკურნება შეძლეს.
"მოკლედ, გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და საქართველოში უკვე სერიოზული პანიკაა შექმნილი, ორ სიტყვას მოგახსენებთ ჩინეთის შესახებ, თან ვაზიარებ ამ ვიდეოს.
1. განვმარტოთ ქალაქ ვუჰანის იზოლაციის ძირითადი მიზეზი, რაც ასეთი პანიკის შექმნის ძირითადი, ხაზს ვუსვამ, ძირითადი მიზეზი გახდა. 24-30 იანვარს აღინიშნება ჩინური ახალი წელი. ამ დროს მთელი ჩინეთი მოგზაურობს, მატარებელის ბილეთები გაყიდულია 1-2 თვით ადრე. ქალაქი ვუჰანი ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური რკინიგზისთვის, რადგან არის ქვეყნის ცენტრში და ქვეყნის ძირითადი რკინიგზა გადის ამ ქალაქზე და ისინიც კი ვინც არ მიდის ამ ქალაქში, მაინც უწევთ ქალაქის გავლა.
ვუჰანი დაიკეტა 23 იანვარს 10:00 ზე. ეს მოხდა არა იმის გამო, რომ გაწყდა ნახევარი ქალაქი, არამედ იმის გამო, რომ 24-ში ძალიან ბევრი ადამიანი დატოვებდა ქალაქს და ძალიან ბევრიც ჩამოვიდოდა, შესაბამისად გაცილებით ცუდი შედეგი დადგებოდა ვიდრე ახლა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდა პრევენციის მიზნით. ერთი დღითაც რომ გადადებულიყო ეს გადაწყვეტილება ვუჰანელები და ჩინეთში მცხოვრები ხალხი აღმოვჩნდებოდით გაცილებით რთულ მდგომარეობაში, თუმცა სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო დარწმუნებული ვარ სიტუაცია მალე დაექვემდებარება კონტროლს, თუმცაღა ისევ ვიმეორებ, სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა მთელი მსოფლიოს პანიკის მიზეზი.
2. ახლა ორიოდე სიტყვა სტატისტიკაზე; 28.01.2020 09:29 მონაცემებით ქვეყანაში დაინფიცირებულია 4520 ადამიანი 106 გარდაცვლილი და 64 განკურნებული. ბოლო დღეებში იზრდება დაინფიცირებულების და გარდაცვლილების რიცხვი, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ეს დღეებია პიკი. სწორედ ამ დღეებში უვლინდება ხალხს სიმპტომები და როგორც ვიდეოშია ნათქვამი, თებერვალში იქნება ე.წ აფეთქება. გაიზრდება დაინფიცირებულების და გარდაცვლილების რიცხვი, თუმცა ეს არ არის ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. ჯერჯერობით სხვა ვირუსებთან შედარებით ამ ვირუსს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი პროცენტი აქვს. ჩემი აზრით თებერვალის დასაწყისში ან შუაში სიტუაცია დასტაბილურდება. ჩინეთის ძალიან მაგარი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამისთვის.
ხალხს უკვე კურნავენ, თუმცა ამაზე რატომღაც ქართული არხები არაფერს ამბობენ და პანიკას ქმნიან. ვინც იცით ინგლისური გაეცანით უცხოურ სტატიებს. ძალიან დამახინჯებულად გადმოსცემენ ყველაფერს, ქალაქის სახელი ვერ უთქვამთ წესიერად, ზოგი უხანს ამბობს, ზოგი ვუხანს, ვუჰანი! ჰუბეის პროვინცია და არა ჰუბაი!
და ბოლოს, იმას არ ვამბობ რომ ყველაფერი კარგადაა და არაფერი ხდება, სიტუაცია არის სერიოზული და საჭიროებს სიფრთხილეს, თუმცა ეს სტატისტიკა და სიტუაციის რეალური ანალიზი არ ქმნის პანიკის საფუძველს, განსაკუთრებით საქართველოში. ფრთხილად ვარ მე და ფრთხილადაა მთელი ჩინეთი, საქართველოც ფრთხილად უნდა იყოს, მაგრამ აი ეს შექმნილი პანიკა არის აბსოლუტურად გადაჭარბებული. სიფრთხილე და პანიკა უნდა გავარჩიოთ როგორმე ერთმანეთისგან, ფრთხილად უნდა ვიყოთ თევზს რომ ვჭამთ ფხა არ გაგვეჭედოს ყელში, მაგრამ პანიკაში არ უნდა ვიყოთ. ფრთხილად უნდა ვიყოთ გზაზე რომ გადავდივართ, მაგრამ პანიკაში არ უნდა ვიყოთ.
დიდი მადლობა ყველას ვინც მომიკითხეთ. მინდა დაგამშვიდოთ, არც ეგრეა საქმე, როგორც საქართველოში გესმით. იმედია მალე მთლიანად მოგვარდება პრობლემა", - წერს ვლადიმერ ქინძოძე.