პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა საბოლოოდ იმას მიაღწიეს, რაც სურდათ. დედოფალი ელისაბედ II მათ გადაწყვეტილებას, რომ აღარ ესარგებლათ სამეფო პრივილეგიებით და გამხდარიყვნენ ფინანსურადაც დამოუკიდებლები, გაგებით მოეკიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მეგანი, ჰარი და ასევე პატარა არჩი ყოველთვის მისი დიდი ოჯახის წევრები იქნებიან.
თუმცა არსებობს ნიუანსები, რომლებიც კიათხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგალითად, დაუკრან თუ არა თავი მისალმებისას სამეფო ოჯახის წევრებს, მათ შორის, პრინც უილიმსა და ქეით მიდლტონს?
სამეფო ეტიკეტის ექსპერტმა მიკ მაიერმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ამჟამინდელ სტატუსზე ისაუბრა. "მათ ტიტულები ისევ აქვთ, უბრალოდ პრივილეგიით ვეღარ ისარგებლებენ. მისალმების წესები კი ისევე დარჩება, როგორც მეგანის სამეფო ოჯახში მისვლამდე."
მაიერის თქმით, მეგან მარკლს მოუწევს თავის დაკვრა სამეფო ოჯახის თითოეული წევრისთვის, ასევე ქეით მიდლტონისთვისაც, რადგან მისი მეუღლე სამეფოს მომავალი მმართველია. ჰარისთვის კი ყველაფერი ისე რჩება, როგორც აქამდე იყო.
ახლა მეგან მარკლი და პრინცი ჰარი მშვიდ, დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ.
ამიერიდა, წყვილს გულშემატკივრების ჩახუტება და კოცნა შეუძლია. ასევე, ავტოგრაფის მიცემა. შეგახსენებთ, რომ პრინცი ჩარლზი ინიციატივით გამოვიდა, რომლის თანახმადაც სამეფო ოჯახის წევრებს ფანებთან ჩახუტება ეკრძალებოდათ.
მეგანს ახლა შეუძლია სამსახიობო კარიერას დაუბრუნდეს. როგორც ცნობილი გახდა, მან ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ანაზღაურების გარეშე გაახმოვანებს პერსონაჟს. საუბრობენ, რომ შესაძლებელია პრინცი ჰარის მეუღლე სერიალშიც ვიხილოთ.
ისინი ოფიციალურად სამეფო ოჯახს აღარ წარმოადგენენ, ამიტომ შესაძლებელია, მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასასწრებად დროს აღარ მიიწვიონ. მეგანსა და ჰარის აღარ ევალებათ ბავშვის მონათვლა. ბავშვის მონათვლა უინძორების ტრადიციაა. ამიტომაც მონათლეს გასულ წელს არჩი. მაშინაც ამბობდნენ, რომ წყვილმა რამდენიმე წესი დაარღვია.
მეგანსა და ჰარის სხვების თანდასწრებით თბილი გრძნობების გამოხატვა შეუძლიათ. იქამდეც საუბრობდნენ, რომ მათ ერთმანეთი განსაკუთრებულად უყვართ და პრინც ჰარის მეგანის ხელი სულ ხელში აქვს, რაც მაგალითად პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს არ ახასიათებთ.
ცვლილებები ეხება დრესკოდსაც. შესაძლებელია ძალიან მალე პრინცი ჰარი ჯინსებში გამოწყობილიც ვნახოთ. ცოტა ხნის წინ მეგან მარკლი დააფიქსირეს, როგორ ასეირნებდა ჩვეულებრივ სამოსში გამოწყობილი ვაჟსა და ორ ოთხფეხა მეგობარს.
წყვილი ახლა ყოველგვარი აკრძალვების გარეშე ცხოვრობს. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ისინი გაცილებით ბედნიერად გამოიყურებიან, ვიდრე ადრე.
სხვათა შორის, ინგლისელებზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ამბავმა, რომ მეგან მარკლი ზმნად აქციეს. განსაზღვრება „მეგანმარკლობა“ (ინგლისურად «to Meghan Markle») ნიშნავს „დააფასო ფსიქიკური ჯანმრთელობა და დატოვო არაკეთილმოსურნე გარემო, სადაც ცუდად გეპყრობიან“. ამ განსაზღვრებას უკვე აქტიურად იყენებენ საუბრებში და სხვადასხვა სიტუაციასაც არგებენ.
მაგალითად, სამსახურებრივ გარემოში "მეგანმარკლობა" ნიშნავს საკუთარი თავის ფასის ცოდნას. ურთიერთობებში, ასევე თავის დაფასებას და მიჯნურისთვის იმის უფლების არმიცემას, რომ შენი გრძნობებით ითამაშოს.