პატარა თუთა ცქიტიშვილს ალბათ მთელი საქართველო იცნობს. თითქმის ორი წელია თუთას ამბებს ვადევნებდით თვალს, ვგულშემატკივრობდით და ბევრმა ადამიანმა თავისი წვლილიც შეიტანა იმ დიდ ბრძოლაში, რომელიც თუთას დაავადების დამარცხებისკენ იყო მიმართული.
თუთას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. პატარას სიცოცხლის გადასარჩენად თითქმის მთელი საქართველო გაერთიანდა. თუთა დედასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა სამკურნალოდ. მკურნალობის დროს იყო გართულებები, პრობლემები, თუმცა თუთამ შეძლო და დაამარცხა ვერაგი დაავადება. როგორც თუთას დედა ნატუკა ბერიშვილი წერს, თუთამ დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსიც დაასრულა და უკვე სრულიად ჯანმრთელია:
"ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ. თუთამ დაასრულა დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსი! უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა. სასწაული თავგადასავალებით გავიარეთ წელიწად-ნახევარი. ნელ-ნელა თუთა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდება. არასოდეს არ დავიღლებით მადლობის გადახდით არც მე და არც ჩვენი ოჯახის წევრები! თუთასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია. მადლობა, რომ გვერდში გვედექით, მადლობა, რომ დღემდე გვერდში გვყავხართ!"