რამდენიმე დღის წინ, ბაღდათში საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა და 6 ადამიანი დაიწვა, მათ შორის 4 ბავშვი და მათი ორსული დედა. ტრაგედიას ჟურნალისტი, ნატო გოგელია, სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"გუშინ, ჩემი კარიერის განმავლობაში, ყველაზე რთულ გადაღებაზე ვიყავი. ვეძებდი ძალას, სიტყვებს რომ მაყურებლისთვის მეთქვა ის, რაც რეალობა იყო. ბევრი ვთქვი, ბევრი ვერა.
რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის, რაც ბაღდათში მოხდა...
ან როგორი სათქმელია, რომ 4 ბავშვი, ჩვენგან, ყველასგან მიტოვებული 4 ბავშვი ცოცხლად დაიწვა...
ხო, ის ბავშვები ჩვენ მივატოვეთ. ვიცოდით, რომ უჭირდათ და არაფერი გავაკეთეთ....
იქნებ ახლა მაინც მივხვდეთ, რომ მეტი გვაქვს გასაკეთებელი! იქნებ, ახლა მაინც ავდგეთ და ერთიანი ძალებით დავეხმაროთ, დაღუპული პატარების 4 მამიდაშვილს, რომლებიც სიცივეში და უკიდურეს გაჭირვებაში არიან სხვის სახლში!
სოციალური მომსახურების სააგენტო Social Service Agency იქნებ ახლა მაინც შეიწუხოს თავი თქვენმა წარმომადგენელმა.... იმ ბავშვებს სასწრაფოდ სჭირდებათ მიხედვა! სასწრაფოდ!
პ.ს. როცა დამწვარ სახლში შევედი გადასაღებად, დამწვარი ძაღლები ვნახე.... პატარები არ მიატოვეს... ძაღლებმა არ მიატოვეს და მათთან ერთად დაიღუპნენ!!!!
იქნებ, ჩვენც არ მივატოვოთ ერთმანეთი, იქნებ მოვრჩეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ამ ტრაგედიამ მაინც გამოგვაფხიზლოს! დავეხმაროთ დაღუპული პატარების პატარა მამიდაშვილებს, რომლებსაც სცივათ, შიათ და ჭერი არ აქვთ! ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელხევში, სხვის სახლს არიან შეფარებულები და რამდენიმე დღეში ის სახლი უნდა დაცალონ, რადგან გაიყიდა!" - წერს ნატო გოგელია.