შემთხვევა, რომელიც ალასკაზე, ნუნამ იქუაში მოხდა, მართლაც გამაოგნებელია.
მაშველები დაკარგულ ბავშვებს ეძებდნენ ნუნამ იქუას შემოგარენში. ძმები - კრისტოფერი, ფრენკი, ეტანი და ტრეა კვირას შუა დღისას დაიკარგნენ - სავარაუდოდ, ქარბუქში გზა აებნათ და თითქმის 24 საათის განმავლობაში მაშველებმა მათ კვალს ვერ მიაგნეს. ყველაზე უფროსი 14 წლის იყო, ყველაზე უმცროსი - 2-ის. მაშველების გარდა ძიებაში ადგილობრივი მცხოვრებლები, მოხალისეები ჩაერთნენ, თუმცა მათ ვერ პოულობდნენ.
ამ დროს ტემპერატურა ნულს ქვემოთ იყო და უკვე ყველას ეგონა, რომ მოზარდებს ცოცხლებს ვეღარ მიუსწრებდნენ.
მათ კვალს სრულიად მოულოდნელად ერთ-ერთმა მაშველმა მიაგნო, 24 საათის შემდეგ, ორშაბათს. მან უჩვეულო სილუეტი დაინახა თოვლში და დანარჩენებს უხმო დასახმარებლად.
- რომ მივუახლოვდით, მეგონა, რომ ერთ ბავშვს ვხედავდი, - იხსენებდა მოგვიანებით მაშველი. აღმოჩნდა, რომ თოვლში ამოთხრილ ორმოში ოთხივე ბავშვი იწვა, ერთმანეთს ჩახუტებულები. უფროსებს ყველაზე უმცროსი მოექციათ ქვეშ და თავიანთი სხეულით ათბობდნენ - გაყინვისგან იცავდნენ.
- პატარა ბავშვი იყო სულ ქვემოთ. ზემოდან ეწვა ერთი ბიჭი, მარცხნივ - ცოტა უფროსი, რომელიც მათ ქარისგან იცავდა და მეორე მხრიდანაც კიდევ ერთი, რომელიც ასევე დაბრკოლებას ქმნიდა სიცივისთვის, თავისი საკუთარი სხეულით. ისინი ყველანი პატარას იცავდნენ.
ბავშვები, რომლებმაც მთელი ღამე გაატარეს ყინვაში, მაშველებმა ორმოდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. უფროს ბიჭებს შედარებით მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ, პატარა კი სრულიად ჯანმრთელი იყო.
როგორც ახლა მათი დედა ამბობს, თანდათან უკეთესობა იგრძნობა და სავარაუდოდ ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან.
დედამ თქვა, რომ ამაყობს თავისი შვილებით, რომლებმაც სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს უმცროსი ძმა.