ნანუკა გულუა ყველასთვის საყვარელი მსახიობია, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო. მისი გმირი დოჩი ალიშბაია პოპულარული სერიალის დასის გამორჩეული წევრია. ნანუკა პოზიტიური, ნიჭიერი და გულახდილი ადამიანია, რომელიც ნეგატიური ჭორების ობიექტი არასდროს ყოფილა, რაც ქართულ რეალობაში უჩვეულოა.
გასული წელი მისთვის რთული გამოდგა, მსახიობს მამა გარდაეცვალა. ნანუკას მამასთან გამორჩეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ყოველთვის აღნიშნავდა. ამ ტრაგედიასა და ბევრ პირად საკითხზე ნანუკამ ambebi.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
- მიუხედავად იმისა, რომ პატარა აღარ ვარ, ამ ტრაგედიის შემდეგ მიმაჩნია, რაღაც ფერადი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთვრალი ვარ, კიდევ კარგად ვერ ვიაზრებ, რა მოხდა. შინაგანი ბედნიერების შეგრძნება მაქვს გამქრალი. ის ბრჭყვიალება, რაც მქონდა, აღარ მაქვს. ემოციური გავხდი ყველა წვრილმანის მიმართ. ყველა რესურსი ამოვწურე, ნერვიულობა, ტკივილი, ცრემლი. სხვა რაღაცეები თითქოს არ მაღელვებს. სხვანაირი გავხდი და იმედია, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
- მოგვიყევით, როგორი ურთიერთობა გქონდათ მამასთან?
- ასეთი მამა-შვილი არ ვიცი. ამას მამაჩემის მეგობრებიც მეუბნებიან. ხშირად გამიგია მეგობრებისგან, როცა მამას კარგავენ, ნანობენ, რომ რაღაც დააკლეს, ისე ვერ გააკეთეს და ა.შ. მე ასე ვერ ვიტყვი, ყველა წუთი და წამი ათვისებული მაქვს მასთან ურთიერთობის, მასთან ყველა დრო სიყვარულში და პოზიტივში მაქვს გატარებული. ახლა უკვე მარტო ვარ. ოჯახი და მეგობრები ჩემს გვერდით არიან, მაგრამ განცდა მაქვს, მარტო დავრჩი. მგონია, ახლა ძალიან მარტივია ჩემი დაჩაგვრა. მგონია, მაგარი მეგობარი აღარ მყავს. მე არ ვიცი, რას გრძნობს დედა, რომელსაც შვილი აღარ ყავს, რადგან შვილი არ მყავს, მაგრამ ვფიქრობ, მათაც ასეთივე შეგრძნება აქვთ, როგორც მე მამის დაკარგვის შემდეგ, მგონია, ჩემი ნაწილი ამომგლიჯეს. თუმცა, სულ ვცდილობ, ნაკლებად მოვახვიო ეს შეგრძნებები სხვას და ნაკლებად ჩავუღრმავდე, რადგან ცუდ ფიქრებამდე მივდივარ.
- ვიცი, რომ დიეტაზე ხართ და ათი კილოგრამი დაიკელით...
- ეს შეკითხვა აღარ უნდა დამისვათ, ჩემს ცხოვრებას თან სდევს დიეტა. ახლაც დიეტაზე ვარ, ერთ-ერთი პროგრამით გავხდი - ათი კილოგრამი დავიკელი. თუმცა, ჩემი კორექცია შევიტანე კვების ამ სისტემაში. ჩემი ცხოვრების წესია, 3 საათის შემდეგ არ ვჭამო. მხოლოდ ხაჭოს და კიტრს მივირთმევ, ეს კი კაბალურ დიეტად ითვლება, თუმცა, მე მიჩვეული ვარ, ამიტომ ჩემთვის შედგენილი კვების პროგრამა უფრო ეფექტური გამოვიდა.
- რამდენი კილოგრამი ხართ ახლა?
- ახლა ვარ 64 კილოგრამი და ჩემი მიზანია 60 კილოგრამს ჩამოვცდე, თუნდაც 59.9 კგ ვიყო. შესაძლოა, ფსიქოლოგიური მომენტია, რადგან მგონია, სამის მერე თუ შევჭამ მოვიმატებ, ამიტომ არც მშივდება.
- ბევრი ექიმი მეგობარი გყავთ ალბათ, კვების ამ რეჟიმზე რას გეუბნებიან?
- ყველა მიკრძალავს, მეუბნებიან დღეში ოთხჯერ რაციონალური კვება აუცილებელიაო, მაგრამ ჩემთან ამის ლაპარაკს აზრი არ აქვს.