რიო-დე-ჟანეიროს მცხოვრები ფლავიო ვიტელა ისე ელოდა ქალიშვილის - ანტონელას დაბადებას, რომ ყოველდღე ელაპარაკებოდა დედი მუცელში. შეიძლება, ამიტომაც იყო, რომ როცა ანტონელა დაიბადა და დედიკოს - ტარსილას მუცელზე დააწვინეს, დაბადებიდან სულ რამდენიმე წამში და ფლავიოს ხმა გაიგონა, მამას საოცრად გაუღიმა.
"ვერ გადმოვცემ იმ განცდებს, რაც იმ მომენტში განვიცადე. ყოველდღე ველაპარაკებოდი, სანამ დედის მუცელში იჯდა, გამუდმებით ვეუბნებოდი, რომ ძალიან მიყვარს და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. და აი, როგორ დამიბრუნა ეს სითბო დაბადებისთანავე! მსოფლიოში ყველაზე ტკბილი ღიმილით", - დაწერა ფლავიომ სოციალურ ქსელში და გაავრცელა ფოტოც, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა, უამრავი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა.
მამები თავიანთ მსგავს შემთხვევებსაც იხსენებდნენ. ერთმა დაწერა, რომ თავის ბავშვს, სანამ ის დედის მუცელში იჯდა, გამუდმებით უკითხავდა წიგნებს და როცა ბიჭუნა დაიბადა, მამის ხმას ადვილად სცნობდა. როცა ტიროდა, საკმარისი იყო, მამის ხმა გაეგონა, რომ ჩუმდებოდა.