ავად ყოფნისას რომ ექიმი გვჭირდება, ეს საკამათო ნამდვილად არ არის. მაგრამ ვხედავთ, რომ ზოგიერთ დედას ექიმებთან ხშირად დაჰყავს პატარები, ზოგი კი უფრო "არხეინად" უყურებს ჯანმრთლობის პრობლემებს. ისიც ხშირად გვიღიარებია, რომ "არხეინი" დედების შვილები უფრო იშვიათად ავადმყოფობენ... ამ თემას ეხმაურება ეს პოსტიც, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი ჩართულობა გამოიწვია.
"ბავშვობაში ძალიან ჯანმრთელი ვიყავი. მადლობა დედას იმისთვის, რომ არ ინტერესდებოდა მედიცინით და დიაგნოზებით, სამაგიეროდ შთამაგონებდა, რომ ცივი წყლის დალევის შედეგად ამტკივდებოდა ყელი. თუ შემცივდებოდა - "გაცივდებოდი". თუ სწორად არ ვიჯდებოდი, სქოლიოზი დამემართებოდა, თუ ფეხი გამიცივდებოდა, შარდის ბუშტის ანთება დამემართებოდა და ა.შ. ხოლო ბებიას მადლობა იმისთვის, რომ ბავშვობაში ჩამიბეჭდა და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ავადმყოფობა "თავისით მოდის".
თუმცა, ახლა როცა 3 შვილის დედა ვარ, ვხედავ პირდაპირ კავშირს დედის შთაგონებასა და ჩემი შვილების ავადმყოფობასთან.
მთელი ბავშვობა მართლაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ცივი წყლის დალევის შედეგად ამტკივდებოდა ყელი. თუ შემცივდებოდა - "გავცივდებოდი". თუ სწორად არ ვიჯდებოდი, სქოლიოზი დამემართებოდა. თუ ფეხი გამიცივდებოდა, შარდის ბუშტის ანთება დამემართებოდა და ა.შ.
ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც დედა ამბობდა. დედის სიტყვებში ეჭვი არ მეპარებოდა. ეჭვი გამიჩნდა 15-16 წლის ასაკში. დავაკვირდი, დედის რომელი შეგონებების შემდეგ მეწყებოდა სიმპტომები.
პერიოდულად თავს იჩენდა სხვადასხვა სიმპტომი: სპორტის გაკვეთილზე მეჭიმებოდა გვერდი, სტუმრად ყოფნის დროს ტორტის ჭამის მერე გული მერეოდა (ესეც დედის შეგონება იყო). მაგრამ დედა არ ტეხდა განგაშს და არ მიმარბენინებდა ექიმთან დიაგნოსტიკაზე. "არა უშავს, გაგივლის", - მართლაც გადიოდა.
ახლა რა ხდება? ნებისმიერი სიმპტომი და მაშინვე ექიმთან მივარბენინებთ შვილებს. არადა ორგანიზმს რომ თვითაღდგენისა და რეგენერაციის უნარი გააჩნია, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის.
მახსენდება მედიცინის ფსიქოლოგიის კათედრის ლექტორის სიტყვები: როგორც კი ადამიანი ამყარებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ამა თუ იმ დაავადებასთან, ის აუცილებლად აუხდება მას. რადგან 3-4 წლის ბავშვები ვერ ადგენენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, შესაბამისად ავად ხდებიან იმიტომ, რომ ამ კავშირების სჯერათ მათ მშობლებს. როგორც კი ადამიანი წაიკითხავს ან გაიგებს, თუ როგორ მიმდინარეობს ესა თუ ის დაავადება, ის აუცილებლად დაემართება და თან მკაცრად გაწერილი სცენარით", - წერს მარინა ელისეენკო.
დავინტერესდით, რას ფიქრობს ამ თემაზე ცნობილი პედიატრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ყარამან ფაღავა, როდის უნდა წავიდეთ ექიმთან და როდის არ გვჭირდება წამალი?
- რასაკვირველია, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ზედმეტი სიფრთხილე ყოველთვის სჯობს ყურადღების მოდუნებას. თვითმკურნალობა იყო, არის და იქნება, მაგრამ წამლის მიღებაზე ფრთხილად იყავით. არის ზოგიერთი სიტუაცია, როდესაც ექიმის ჩარევა ნამდვილად აუცილებელია. თუ ბავშვს სურდო აქვს, ტემპერატურა 37 გრადუსამდე აღწევს, საგანგაშო არ არის, მაგრამ, თუ 5 წლამდე ბავშვი განიცდის სისუსტეს, აქვს ღებინება, ვერ ჭამს და აქვს მაღალი ტემპერატურა, ასეთ შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია. ყელის სიწითლეზე, როგორც წესი, ანტიბიოტიკი არ გვჭირდება, მაგრამ თუ ჩირქიანი აქვს, ანტიბიოტიკის მიღება აუცილებელია. მშობლები ფრთხილად უნდა იყვნენ ბავშვისთვის სხვადასხვა პრეპარატის მიღებაზე, რადგან თითოეულ მათგანს შეიძლება გვერდითი ეფექტები ახასიათებდეს. გარდა ამისა, თუ ბავშვს ხშირად მივცემთ წამალს, როცა მართლა დაგვჭირდება, ისეთი ეფექტური აღარ იქნება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებით, რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს შეიძლება ბავშვს ანტიბიოტიკი არ მივცეთ, მაგრამ, თუ მე-6-მე-7 დღესაც მაღალი ტემპერატურა აქვს, მაშინ ანტიბიოტიკი აუცილებელია.