17 წლის ნიკა ეგაძე ქართველი მოციგურავეა, რომელმაც სერბეთში გამართულ ევროპულ ახალგაზრდულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. მანამდეც არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის - ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაო. ის ახლა დედასთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს და უფრო მეტი წარმატებისთვის ემზადება. ნიკას დედა, მარი იასაღაშვილი გვიყვება, რა გზა გაიარა, შვილთან ერთად, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე:
- ნიკა 5 წლის იყო, როდესაც ფიგურულ სრიალზე შევიყვანეთ თბილისში. ფიგურული სრიალი ძალიან მომწონდა და გასართობად მივიყვანეთ, მაშინ ამ საქმის სერიოზულად გაგრძელებას არ ვგეგმავდით. შემდეგ, დავინახეთ, რომ ბავშვს ნიჭი ჰქონდა, რაღაცები ძალიან კარგად გამოსდიოდა, თუმცა თბილისში სტანდარტული ყინულის მოედანი და სპორტსმენის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები არ იყო, შეჯიბრებები იშვიათად ტარდებოდა. ამიტომ მივმართეთ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციას. ისინი ძალიან დაგვეხმარნენ და 12 წლის ასაკში ბათუმში გადავიყვანე. იქ დიდი მოედანი, შესაბამისად, განვითარებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა იყო. ბათუმში ვარჯიშის დროს 6-7 მედალი მოიპოვა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ბრინჯაოს მედალი გახლდათ. შემდეგ მოსკოვში წამოსვლა და ვარჯიშის აქ გაგრძელება გადავწყვიტეთ. უკვე მესამე წელია, აქ ვართ. 3-ჯერ ჰქონდა მოტეხილობა, თუმცა ეს სეზონი ნორმალურად დავიწყეთ. სერბეთში გამართულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
- რა სირთულეები შეგხვდათ, ვიდრე ნიკა წარმატებას მიაღწევდა?
- მე და ნიკა ცალკე ვცხოვრობთ, მეუღლე და ჩემი მეორე შვილი თბილისში დარჩნენ. ეს კი მორალურად ძალიან რთულია.
- არ გაგიჭირდათ საცხოვრებელი ადგილის რამდენჯერმე შეცვლა?
- რა თქმა უნდა, გამიჭირდა. ბათუმში არ იყო იმდენად რთული, როგორც მოსკოვში. ბათუმიდან უფრო შემეძლო თბილისში ჩასვლა ან ჩემი მეუღლე და შვილი ჩამოდიოდნენ ჩვენთან. მოსკოვში უფრო რთულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ნიკას ძალიან უყვარს ეს საქმე და უნდა, წარმატებული კარიერა ჰქონდეს. მეც არ მაქვს უფლება, რომ სისუსტე გამოვავლინო და ჩემს შვილს გვერდით არ დავუდგე.
- რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის თანადგომა ასეთ დროს?
- მშობლის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი ვარჯიშიდან დაღლილი მოდის, ხანდახან გაღიზიანებულია. გვერდით უნდა დაუდგე ყველანაირად, შეუქმნა კარგი ატმოსფერო. უნდა გაამხნევო და დაამშვიდო, როცა წარუმატებლობას განიცდის. ნიკა პატარა აღარაა, 18 წლის გახდება აპრილში, მაგრამ მარტო ვერ ვტოვებ იმიტომ, რომ მშობლის მხარდაჭერა ყოველდღიურად სჭირდება.
- კმაყოფილები ხართ ნიკას მიღწევებით?
- რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ იმით, რომ ნიკა კმაყოფილია. ეს ნიკას ცხორებაა და ყველანაირად უნდა დავეხმარო.
- მეორე შვილს უთქვენობა არ უჭირს?
- თავიდან ძალიან გაუჭირდა, მაგარამ ნელ-ნელა მიეჩვია. ერთადერთი, რაც გვეხმარება არის ის, რომ სამ თვეში ერთხელ თბილისში ჩამოსვლა გვიწევს და ვხვდებით.
- ნიკა სკოლასა და სპორტს როგორ ათავსებს ერთმანეთთან?
- სკოლაში, ფაქტობრივად, ვერ დადის. ძალიან გვიწყობენ სკოლიდან ხელს და წლის ბოლოს ყველა საგანში ექსტერნებს აბარებს. რაც შეუძლია, მეცადინეობს, თუმცა ბევრი დრო არ რჩება.
- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- სამომავლოდ ნიკას უნივერსიტეტში ჩაბარება და მწვრთნელობა უნდა.
- რას ურჩევთ სხვა მშობლებს, რომელთა შვილებსაც წარმატების მიღწევა სურთ?
- ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა აკეთოს ის, რაც მას სურს და არა - მშობელს რაც უნდა. თუ ბავშვს სპორტი მოსწონს და არა მუსიკა, სპორტით უნდა დავაკავოთ. ეს მისი არჩევანი უნდა იყოს, მშობლების ვალია, ყველანაირად ხელი შევუწყოთ მიზნის მიღწევაში.
თამარ იაკობაშვილი
ქართველი ქალი, რომელიც რუსეთში ჩემპიონებს ზრდის - ეთერ თუთბერიძის წარმატების გზა