სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ამჯერად რძის ნაწარმის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შედეგების მიხედვით, 5 პროდუქტში, რომლის ეტიკეტზეც იკითხება, რომ პროდუქტი ნატურალურია, რძის ცხიმი აღმოჩნდა. მათ შორისაა არაჟანი ქობულეთური 25%, ნაღების კარაქი რანინა, 82,5%, ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილი "სულგუნი", შპს რძის ლაბორატორია "ყველი იმერული",მილკენი/საქართველოს ყველი ქარხნული.
პროდუქტები, სადაც დარღვევა აღმოჩნდა
პროდუქტები, სადაც დარღვევა არ აღმოჩნდა, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
"თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 36 დასახელების რძის პროდუქტი და ჩავაბარეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში რძის ცხიმის სისუფთავეზე შესამოწმებლად. 5 პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.
შესყიდულ იქნა სხვადასხვა, საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია, მათ შორის, იმ მეწარმეების საქონელი, რომელშიც ჩვენ ბოლო თვეების მანძილზე მცენარეული ცხიმი აღმოვაჩინეთ და ასევე, რომელთა შემოწმებასაც მოქალაქეები გვთხოვდნენ.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, რძის ცხიმის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია. რძის ნაწარმი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობისათვის. ამიტომაცაა, რომ მომხმრებლები ხშირად გვთხოვენ ამა თუ იმ პროდუქტის რძის ცხიმის სისუფთავეზე შემოწმებას. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ რძის ნაწარმი ჩვენც შეგვემოწმებინა.
ჩვენი მცირე კვლევის შედეგებით ვერ განვსაზღვრავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული დარღვევების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირია რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმის გამოყენება. ამიტომაც ამ მიმართულებით კონტროლის გაფართოებაა საჭირო" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.