ისრაელში ექიმებმა 12-საათიანი ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს. მათ თავისა და ზურგის დამაკავშირებელი სისხლძარღვები და ნერვები ხელახლა გადაალაგეს, რათა 9 წლის გოგონა გადაერჩინათ. ერთი ძალიან მცირე შეცდომაც კი საბედისწერო აღმოჩნდებოდა და ბავშვი პარალიზებული დარჩებოდა. ოპერაცია, რომელსაც "შნაიდერისა" და "ბეილინსონის" საავადმყოფოს ექიმები უძღვებოდნენ, ხერხემლის ნეიროქირურგი ეიალია იცხაეკა უძღვებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი იშვიათი და უნიკალური ოპერაცია იყო მსოფლიოში.
ამბავი 2 თვის წინ დაიწყო, როცა 9 წლის ტარი ამარმა კისრის არეში უცნაური წამონაზარდი შენიშნა. ექიმთან ვიზიტის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ძალიან საშიში სიმსივნე ჰქონდა რთული მდებარეობით. სიმსივნე კისრის მალებზე მდებარეობდა.
ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე, სხვადასხვა ცნობილი საავადმყოფოს არაერთი პროფილის ექიმი ცდილობდა 9 წლის გოგონას გადარჩენას.
მთავარი სირთულე კი ის იყო, რომ სიმსივეს მთლიანად ჰქონდა მოცული კისრის მეორე მალა, რაც ფაქტობრივად ადამიანის სხეულის ღერძს წარმოადგენს. სწორედ ამ ადგილზე იყრის თავს უამრავი სისხლძარღვი და ზურგისა და თავის ტვინი. ოპერაციის დროს, ექიმებს ყველა სისხლძარღვის გასუფთავება მოუხდათ. ასევე ზურგის ტვინი ხერხემლისგან დროებით გამოაცალკევეს ისე, რომ თავი პრაქტიკულად სხეულს მოშორდა. ხერხემლისა და თავის ქალის ფუძეს შორის კი მეტალის ფირფიტა დაამაგრეს.
ურთულესი ოპერაცია 12 საათს გრძელდებოდა, რის შედეგადაც ექიმებმა მთლიანად გაასუფთავეს სიმსივნისგან სხეულის ნაწილები. ამერიკული მოდელის მიხედვით, გამოიყენეს სამგანზომილებიანი პროთეზი, რომელიც ხერხემალს თავის ქალასთან დააკავშირებს და ზურგის ტვინს დაფარავს.
9 წლის გოგონას მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, რადგან მათ იცოდნენ, რომ ოპერაცია სარისკო იყო. ახლა ტარი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი და წინ რეაბილიტაციის რთული და ხანგრძლივი პროცესი ელის, თუმცა მთავარი საფრთხე აღმოფხვრილია.