ეს ამბავი თბილისში, ფერიცვალების მონასტერთან არსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის "ჰოსპისი ფერისცვალების” ერთ-ერთი ბენეფიციარის მიერ არის ნაამბობი. ჰოსპისში უკურნებელი სენით დაავადებულ პაციენტებს უფასოდ უწევენ პალიატიურ დახმარებას და სულიერ თანადგომას.
ლანა ლეჟავა - ჰოსპისის ისტორიები
"ჩემი ცხოვრება თავიდან კარგი იყო, მაგრამ მე, მაინც ძალიან ტრაგიკული პიროვნება ვარ. პროფესიით მუსიკის პედაგოგი ვარ, ფორტეპიანოს განხრით. თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი ფორტეპიანოს. ძალიან ადრე გავთხოვდი, 18 წლის. 19 წლისას უკვე ბავშვი მყავდა. ჩემი შვილი არაჩვეულებრივი პიროვნება გაიზარდა, მაგრამ მერე და მერე, გამიცუდდა ცხოვრება… ბავშვი მომიკვდა, ბიჭი, 27 წლის. მერე დედა გამიხდა ცუდად, ვერ გადაიტანა ჩემი შვილის სიკვდილი და სრულიად მარტო დავრჩი, სრულიად მარტო... 1990 წელს ავტოკატასტროფაში მხედველობა დავკარგე და ახლა ასე ვარ, დამოკიდებული სხვებზე. მაგრამ, რაც არის, ეს არის!
ჩემი მარტოობა ასეთია: ყოველდღე სიბნელეში ვარ, მარტო ვარ, რადიო მაქვს, იმას ვუსმენ და ხანდახან, ვინმე მოვა, ან მეზობელი შემომაკითხავს. ეს უშინაარსო ცხოვრებაა, ძალიან განსხვავდება ძველი ცხოვრებისგან. მაშინ, როცა შვილი მყავდა, დედა მყავდა, ბებია მყავდა, პატრონი მყავდა და არაფერი მაკლდა , როგორც მე , ისე ჩემს შვილს. ახლა ღმერთის და კეთილი ადამიანების ანაბარა ვარ. მეგობრებიც აღარ მყავს, ზოგი გარდაიცვალა, ზოგიც წავიდა უცხოეთში და აღარც დაბრუნებულა უკან. ახლა ვცდილობ წარსულის კარგი ამბებით ვიცხოვრო. ვიხსენებ: დედას, შვილს, ამხანაგებს და იმას , როგორ კარგად ვიყავი. ვიხსენებ ბავშვის გაჩენის სიხარულის, იმ დღეს როდესაც თეატრალურში ჩავაბარე, ამაზე ვოცნებობდი... ვიხსენებ როგორ ვსეირნობდი თბილისის ქუჩებში მეგობრებთან ერთად. ძალიან ლაღი და მეგობრული გოგო ვიყავი და თბილისიც , არაჩვეულებრივი იყო მაშინ. გოგირდის აბანოები მიყვარდა ძალიან და ლაღიძის წყლები, მაშინ თბილი და მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა ხალხს… ძალიან კარგი იყო ის თბილისი, მე ძველი შთაბეჭდილებებით ვცოცხლობ, მაგრამ ახლა აღარაფერი ვიცი რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს, როგორია ახლა თბილისი.
უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. კეთილშობილ ადამიანებთან გავატარე ჩემი ცხოვრების ადრეული წლები და მეც კეთილი ბავშვი ვიყავი. ერთი რაღაც მახსენდება: ჩვენ იმერლები ვართ, ბებიას არდაგეგებზე ჩავყავდი იმერეთში. ბებია ნინუას გვარის ქალი, განსაკუთრებული ბებია და კარგი დიასახლისი იყო. სამტრედიაში სახლი გვქონდა არაჩვეულებრივი, წითელი აგურის სახლი, ორსართულიანი, დიდი ყანებით და ხეხილით. სახლის წინ უზარმაზარი მსხლის ხე იდგა. მრგვალი და თაფლისფერი მსხალი იყო, თაფლზე უფრო ტკბილი… ეს რტოები გადმოსული იყო სახურავზე და ნახევარი გადაზნექილი იყო ქუჩის მხარეს. ვინც გაივლიდა გზის პირას, ყველა ჭამდა. შემდეგ, ქვეყანა რომ გასაბჭოვდა, სახლის პირველი სართული წაგვართვეს კომუნისტებმა. ოთხი ოთახი ზემოთ იყო, ოთხი ქვემოთ, დიდი “ზალა” ოთახებით. ქვედა სართულზე დიდი ოთახის კარზე დააწერეს “პიონერთა კლუბი”. ე.ი "გაგვაკულუკეს"…
ერთ ზაფხულს, ამ სახლის ვერანდაზე ვიყავი, როდესაც ჭიშკარს შავებში ჩაცმული ქალი მოადგა, გათანგული სახე ჰქონდა, წყალი ითხოვა; ჩამოვირბინე ვერანდიდან და სკამი მივუტანე, ჩვენი მსხლის ქვეშ დავუდგი. შემდეგ ჭიდან ცივი წყალი ამოვიღე და მივურბენინე. რომ დალია, ასეთი სიტყვებით დამლოცა: წყლის ძალა მოგცეს ღმერთმაო. ეს სიტყვები ყურში ჩამესმის დღემდე, რასაც მე გავუძელი, მართლა წყლის ძალა მქონია. იმ ქალის სიტყვები მართლა ამიხდა…
ამ ყველაფერს ვიხსენებ, მაგრამ მაინც შემოდის მძიმე ფიქრებიც, თავისდაუნებურად… ვცდილობ, ვებრძოლო ამ ფიქრებს, გადავიყარო გულიდან, მაგრამ მაინც ძალიან მოწყენილი ვარ, ძალიან მარტო ვარ."