ბენ აფლეკს რამდენიმე წლის წინ ყველაფერი ჰქონდა: თავბრუდამხვევი კარიერა, ჰყავდა საყვარელი ქალი, სამი შესანიშნავი ბავშვი. ემზადებოდა, რომ კიდევ ერთხელ შეესრულებინა ბეტმენის როლი. თუმცა, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.
რამდენიმე დღის წინ მან ინტერვიუში ალკოჰოლზე დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა. ამ ყველაფერმა იქამდე მიიყვანა, რომ ჯენიფერ გარნერთან განქორწინდა და ბეტმენის როლიც დაკარგა. მსახიობი საკუთარ პრობლემაზე ახლახან ალაპარაკდა ხმამაღლა.
ინტერვიუში ბენმა ისაუბრა, რომ 19 წლამდე მამამისი ფხიზელი არ უნახავს. გაიხსენა ისიც, რა მძიმე იყო ფსიქოლოგიურად ამის ატანა.
"ალკოჰოლზე დამოკიდებულმა ადამიანებმა, ისევე როგორც მე, ძალიან კარგად იციან, ეს რამხელა დისკომფორტია, რისგან გაქცევასაც აქტიურად ცდილობენ. გინდა, რომ უკეთესი იყო, მაგრამ ყველაფერი უარესდება", - ამბობს ბენი.
2016 წელს მისმა მეუღლემ, ჯენიფერ გარნერმა, მუდმივ დაძაბულობას ვეღარ გაუძლო და განქორწინება მოითხოვა. თუმცა, მას ყოფილი მეუღლე არ მიუტოვებია და სარეაბილიტაციო კურსის დაწყებაშიც დაეხმარა.
"განქორწინება - ჩემი ცხოვრების მთავარი შეცდომაა. ამ ფაქტს დაადებითი მხარეები არ აქვს. ცხოვრებას აგრძელებ სირცხვილითა და დაბალი თვითშეფასებით", - ამბობს მსახიობი.
საბოლოოდ ბეტმენის როლი მის ნაცვლად რობერტ პატინსონს მისცეს. ბენი რეჟისორობასა და და სცენარისტობას გეგმავდა, თუმცა, ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, ეს შანსიც დაკარგა.
გარდა ყოფილი ცოლისა, რომელთან ერთადაც 12 წელი გაატარა, ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში მას ბრედლი კუპერი და რობერტ დაუნი-უმროსი ეხმარებიან.
ბენ აფლეკსა და ჯენიფერ გარნერს სამი შვილი ჰყავთ - 14 წლის ვაიოლეტი, 11 წლის სერაფინი და 7 წლის სემიუელა. მსახიობის თქმით, ყველაზე მეტად მათი რცხვენია, როდესაც ინტერნეტში ვიდეოებსა და ფოტოებს ნახავენ, სადაც მამა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იქნება.
"სამწუხაროდ, უამრავი შეცდომა დავუშვი. თუმცა, აუცილებელია ამ ფაქტებმა ცხოვრებისეული გაკვეთილები შეგვძინოს", - განაცხადა აფლეკმა.
გულშემატკივრებს შეუძლიათ აღარ იდარდონ, რადგან მსახიობის ცხოვრება ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება. ახლა ის 4 პროექტში აქტიურადაა ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირებიუჯეტიანი ფილმებია. მათ შორის აღსანიშნავია ავტობიოგრაფიული ფილმი "თამაშს გარეთ" და რიდლი სკოტის ფილმი სახელწოდებით "უკანასკნელი დუელი".