სოციალურ ქსელში ახალი ფლეშმობი დაიწყო, ჰეშთეგით #WeStandwithQuaden. უამრავი ადამიანი გაერთიანდა პატარა ავსტრალიელი ბიჭუნას გარშემო, რომელიც თანაკლასელების მხრიდან ბულინგის მსხვერპლად იქცა - გარეგნობის გამო. 9 წლის ბიჭის მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა ჩაწერა ჰიუ ჯეკმანმა, ამერიკელმა კომიკოსმა ბრედ უილიამსმა, ხოლო რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა თამაშზეც მიიწვიეს და მასთან ერთად ფოტოები გადაიღეს. ამავე მიზნით შეიქმნა ერთგვარი ფონდი, სადაც თანხები გროვდება ბიჭუნას დისნეილენდში გასამგზავრებლად.
ვიდეო ბავშვის დედამ 18 თებერვალს გამოაქვეყნა თავის გვერდზე და მსოფლიოს უამბო იმ ჩაგვრის შესახებ, რომელსაც მისი ბიჭუნა კვადენ ბეილსი განიცდიდა. ბავშვს არასტანდარტული გარეგნობა აქვს - აქონდროპლაზიის დიაგნოზი დაუსვეს. გარეგნობის გამო არაერთხელ გახდა ბულინგის მსხვერპლი და ვიდეოში 9 წლის ბიჭი იმასაც კი ამბობს, რომ თავის მოკვლა უნდა. დედას მიმართავს კიდეც, რომ მისცეს დანა, რათა განახორციელოს ჩანაფიქრი.
"აღარ ვიცი, რა გავაკეთო", - მიმართა ბავშვის დედამ საზოგადოებას და დასძინა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მისი შვილი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს.
ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა უკვე და მსოფლიო საზოგადოებრიობაც გააერთიანა ამ თემის გარშემო.
"შენს მეგობრად ჩამთვალე. შეურაცხყოფები უნდა დასრულდეს. წერტილი", - განაცხადა ჰიუ ჯეკმანმა. ხოლო კომიკოსი ბრედ უილიამსი, რომელიც ასევე დაიბადა აქონდროპლაზიის დიაგნოზით, გახლდათ სწორედ ინიციატორი, რომ კვადენისთვის ფული შეეგროვებინათ.
ბავშვის დედის თქმით, მას მერე, რაც ამხელა მხარდაჭერა მიიღო, ბავშვმა თქვა, რომ "მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე, საუკეთესო დღედ იქცა".