სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ხუჭუჭა, საყვარელი გოგონა დედას „ეხვეწება“, მუცელი „მიღუღუნებს“ და ლობიო მაჭამეო. თურმე, ამ უსაყვარელ ბავშვს ლობიო საერთოდაც არ ჰქონია გასინჯული, „შიმშილი“ კი ძილისგან თავის „დასაღწევი“ ხერხი ყოფილა.
ხუჭუჭა და ენაწყლიანი გოგონა ნიკე ჩაჩანიძეა, რომელმაც დაახლოებით 2 წლის ასაკში უკვე 85 ქვეყნის დედაქალი ზეპირად იცოდა.
ნიკეს ვიდეოებს იმხელა გამოხმუარება აქვს სოციალურ ქსელში (ფეისბუქზე ასი ათასობით ნახვა აქვს, მაგალითად, ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოს "მშიაო, მუცელომ..."), ჩვენ მის დედიკოს ხატია ფარსმანაშვილს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ
ხატია 25 წლისაა და ფოტოგრაფია, ნიკეს მამა კი - ბაჩი ჩაჩანიძე მშენებელი გახლავთ. ოჯახი რუსთავში ცხოვრობს.
- დაახლოებით 4 წლის წინ შევქმენით ოჯახი და მალევე, დაახლოებით ერთ წელიწადში გვეყოლა ნიკე. თავიდანვე ძალიან განსხვავებული ბავშვი იყო, 1-2 თვიდანვე თავისი ხასიათი ჰქონდა, როგორც მოსწონდა, ისე უნდა დაგეჭირა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზიები ჰქონდა. ლაპარაკი ძალიან მალე ისწავლა, 8-9 თვის ბავშვები ხომ ვერ საუბრობენ, მაგრამ ნიკეს იმდენად უნდოდა ლაპარაკი, ბგერებს იმეორებდა იმ ინტონაციით, რომ ვხვდებოდით, რასაც ვამბობდით, იმის გამეორებას ცდილობდა.
- სახელი ვინ შეურჩია, თავადაც ამბობს ერთ-ერთ ვიდეოში, რომ ეშლებათ მისი სახელი.
- სახელი ნათლიამ შეურჩია, ძალიან მოსწონდა ნიკე და მისი თხოვნით დავარქვით. როცა ეკითხებიან, რა გქვიაო და პასუხობს - ნიკე, გოგო ხარ თუ ბიჭიო, კითხვას უბრუნებენ ხოლმე (
იღიმის).
- ახლა რამდენი წლისაა?
- 2 წლის და 9 თვის.
- ამ ასაკის ბავშვმა 85 ქვეყნის დედაქალაქი რომ იცის, ძალიან საკვირველია, როგორ ასწავლეთ?
- თავიდან მხოლოდ ორი ქვეყნის დედაქალაქები ვასწავლე. ჩემი მეუღლე რომ მოვიდა სახლში, ვაჩვენეთ, რა ვისწავლეთ, შემდეგ ბებოს, პაპას, ნათესავებს დაუსახელა დედაქალაქები. რა თქმა უნდა, ყველას უკვირდა და აქებდნენ ნიკეს. ეს იმდენად მოეწონა, რომ თვითონ მეუბნებოდა, კიდევ მასწავლე, კიდევ მითხარიო, აზარტში შევიდა და დილით, შუადღეს თუ საღამოს, სულ მთხოვდა, კიდევ მასწავლე, კიდევ მასწავლეო. ამ ხუმრობა-ხუმრობაში კი უკვე 2 წლის და 2 თვის პატარამ 85 ქვეყნის დედაქალაქი იცოდა.
- ნიკეს იუთუბ არხიც აქვს...
- ჯერ ნახევარი წელია, რაც იუთუბ არხი გვაქვს. როცა ნიკეს ვიდეოებს ჩემს ფეისბუქის გვერდზე ვდებდი, მეგობრები სულ მირჩევდნენ, რომ იუთუბ არხი გამეკეთებინა, ახლა და ახლა დავიწყე აქტიურობა. ბევრი გამომწერი არ გვყავს, თუმცა იმედია, ნელ-ნელა მათი რაოდენობაც გაიზრდება.
- თვითონ ნიკეს თუ მოსწონს ვიდეოების გადაღების პროცესი? უყურებს თავის ვიდეოებს?
- კი, უყურებს და ხანდახან კრიტიკულად აფასებს, აქ რა პატარა ვარ, რანაირად ვამბობ ამ სიტყვებს, უკეთესადაც შემეძლოო. რამე კარგს რომ გააკეთებს ან რამე ახალი აცვია, აუ, ფოტოები გადამიღე რაა და დადე... სად დავდო, ვეკითები, არ ვიცი, მაგრამ დადეო (
იცინის).
- ერთ-ერთ ვიდეოში მანიკურის წასმას ძალიან საყვარლად და თბილად გთხოვთ...
- იცის, რამე გაბრაზებით რომ მითხრას, არ გავუგონებ, ამიტომ ყველანაირად ცდილობს, თბილი სიტყვებით მთხოვოს, დამატკბოს რომ შევუსრულო. ხვდება იმასაც, თუ გამეცინება, ესე იგი უკვე დამითანხმა და ყველაფერს შევუსრულებ.
- ძალიან საყვარელია, მუცელს რომ ელაპარაკება და ლობიოს ჭამას გთხოვთ...
- ლობიო საერთოდ არ უჭამია. იცის, თუ მეტყვის მშია, ავაყენებ და ვაჭმევ, მიხვდა ამას და დაძინება რომ არ უნდა, მაშინ იწყება ჭამაზე საუბარი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ავაყენო.
- ქუჩაში ცნობენ ნიკეს?
- ერთი-ორჯერ იცნეს, მაგრამ ყურადღებას უფრო ლაპარკით იქცევს.
ციცი ომანიძე