დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთთან შედარებით, შესაძლოა, მეტ საფრთხეს თეირანი წარმოადგენდეს. როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში ვირუსთან საბრძოლველად მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია.
„საქართველოში გვქონდა 24 შესაძლო შემთხვევა, მათი ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ახალი კორონავირუსი არ დადასტურდა, მაგრამ ჩვენთან მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია. ჩინეთთან შედარებით, შესაძლოა მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს თეირანი", - განაცხადა გამყრელიძემ.
იგი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, აუცილებელი საჭიროების გარდა, ჩინეთში და იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს. ამირან გამყრელიძემ ასევე მედიას სთხოვა, კორონავირუსთან დაკავშირებით ნუ გამოიყენებენ ტერმინს "მკვლელი ვირუსი".
მისი განმარტებით,საქართველოში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია, თუმცა პრეცენციული ზომები მაინც იზრდება.
ამირან გამყრელიძემ ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელზეც ისაუბრა.
"სიკვდილიანობის პროცენტი ჩინეთში 2.3 პროცენტია. სხვა ქვეყნებში, ჩინეთს გარეთ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ აღემატება 0.6 %-ს. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენ სიკვდილიანობის მაჩვენებლით სხვადასხვა ინფექციას ვადარებთ ერთმანეთს. ახალი კორონავირუსის შედეგად სიკვდილიანობა ბევრად დაბალია, ვიდრე ეს იყო SARS-ის დროს - მაშინ მაჩვენებელი 9-10 % იყო; ბევრად დაბალია, ვიდრე MERS-ის დროს, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 35% იყო.
დღეისთვის გაანალიზებულია ჩინეთში დაფიქსირებული 72 000 შემთხვევა, მათგან 82% მიმდინარეობს მსუბუქად, ანუ ადამიანები ჯანმრთელდებიან. მწვავე შემთხვევები გვაქვს 14%-ში, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას. დაახლოებით 5 %-ში გვაქვს კრიტიკული შემთხვევები, რომელიც საჭიროებს რეანიმაციულ დახმარებას და სამწუხაროდ, 2 % გახლავთ სიკვდილიანობა,“ - განაცხადა გამყრელიძემ.