სხვადასხვა ფეიბუქჯგუფში ბევრი მომხმარებელი წერს, რომ თბილისში პირბადეები თითქმის გამქრალია სააფთიაქო ქსელებიდან. რამდენიმე დღის წინ აფთიაქებში თითო მომხმარებელზე მაქსიმუმ 10 პირბადის გაყიდვა იყო ნებადართული, თუმცა დღეს საკმაოდ რთული გახდა ამ მეტად საჭირო და აქტუალური ნივთის შეძენა.
გადავწყვიტეთ, თავად გავრკვეულიყავით საკითხში და 1 დღის განმავლობაში თბილისის თითქმის ყველა უბნის აფთიაქებში, სხვადასხვა ქსელში მოვიკითხეთ პირბადე, თუმცა შეძენა ვერსად შევძელით. ასევე მივწერეთ პირად შეტყობინებაში სააფთიაქო ქსელებს, მათგან კი ასეთი პასუხი მივიღეთ: „ამჟამად არ გვაქვს პირბადეები და ასევე არ გვაქვს ინფორმაცია, როდის შემოვა ბაზარზე შემდეგი ნაკადი“.
სად გაქრა პირბადეები, არც ამაზე აქვთ პასუხი აფთიაქებში.
რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, უცხოურ საიტებზე 50-ცალიანი შეფუთვის ფასი 14$-დან იწყება და 50$-საც კი აღწევს.
პირბადეებზე დეფიციტი აშკარაა, მართალია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მედიასაშუალებები მოსახლეობას პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებენ, მის სწორად მოხმარებასაც ასწავლიან, თუმცა პასუხი კითხვაზე, როდის შევძლებთ აფთიაქებში პირბადის ყიდვას, ჯერ არავის აქვს.