როგორც ცნობილია, კორონავირუსის მქონე პაციენტის საქართველოში "აღმოჩენასთან" დაკავშირებით საზოგადოების გარკვეული ნაწილი საკმაოდ შეშფოთდა, იყო სურვილიც, სწავლის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიეღო მთავრობას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება ამ ეტაპზე არ ჩაითვალა აუცილებლობად.
სოციალურ ქსელში ბევრი მშობელი წერს, რომ მაინც მომხრეა სწავლის დროებით შეწყვეტის და ზოგიერთების თქმით, ისინი ახლაც უკვე აღარ უშვებენ ბავშვებს სკოლაში და არ გაუშვებენ, სანამ ვითარება ცოტათი უსაფრთხოდ არ ჩაითვლება. მიზეზად ასახელებენ ძირითადად იმას, რომ სკოლების დიდი ნაწილი არ არის რეალურად მზად მსგავსი შემთხვევებისთვის და თუნდაც ჰიგიენის თვალსაზრისით, რაც პირველ რიგში აუცილებელია ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, არ იმსახურებს ნდობას მშობლების მხრიდან.
აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ვაჟი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გამყრელიძე ასე გამოეხმაურა:
"ჩემი სამივე შვილი, შესაბამისად ამირან გამყრელიძის სამივე შვილიშვილი (უფრო სწორად - ექვსივე, ანუ ჩემი დის შვილებიც) ჩვეულებრივად განაგრძობენ სკოლაში და ბაღში სიარულს, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ აქვთ".