"არ შეგვეძლო არ გაგვეგრძელებინა ის სიკეთისა და სიყვარულის გზა, რომლის გავლაც ტატამ დაიწყო..." - ანიმაციური გმირი, რომლის მეშვეობითაც თიკო ჩხეიძე შვილის მიერ დაწყებულ საქმეებს აგრძელებს

ფეხ­ბურ­თელ ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლის და მო­დელ თიკო ჩხე­ი­ძის ოჯახ­ში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. მათი 9 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ტატა რე­ვიშ­ვი­ლი უბედური შემთხვევის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ტრაგედიიდან დაახლოებით ორი წლის თავზე ტატას დედამ თიკო ჩხეიძემ და ნათლიამ, ნინუკა გაგუამ ანიმაციური პერსონაჟი შექმნეს და TaTa_official-ის ფეისბუქგვერდზე პროექტის შესახებ ინფორმაციის განთავსება დაიწყეს.
როგორ შეიქმნა ანიმაციური გმირი, რომელიც ტატას ძალიან ჰგავს და რა მიზანს ემსახურება ის, ამის შესახებ, mshoblebi.ge-ს თიკო ჩხეიძე და ნინუკა გაგუა ესაუბრნენ:
mshoblebi
ნინუკა გაგუა:
- ტატა იყო ამ პროექტის ინსპირაციის მიზეზი, თუ ამას შეიძლება

მიზეზი ეწოდოს. ტატამ მოახერხა იმდენი, რომ შექმნა ფასეულობები, დატოვა საკუთარი ფერები. ყველაფერი ის, რაც ჩავთვალეთ, რომ უნდა გაგრძელდეს. დიდხანს არ გვიფიქრია, რა უნდა გაგვეკეთებინა, მარტივად შევქმენით ეს ფორმატი და ტატას სახელით შეიქმნა ანიმაციური გმირი, გოგონა, რომელიც ძალიან ჰგავს მას. ვეცადეთ, რომ მისი ხასიათის შტრიხები მაქსიმალურად მოგვერგო ამ პერსონაჟზე. გოგონა იქნება ქართული ანიმაციური სივრცის წარმომადგენელი, ბავშვების მრჩეველი და მათი გზამკვლევი. პერსონაჟი, რომელიც პრაქტიკულად სხვდასხვა მიმართულებით შეუწყობს ხელს ბავშვებისთვის და მშობლებისთვსი საჭირო ინფორმაციის გადაცემას. ჩვენი ანიმაციური გმირი 6 წლიდან თინეიჯერული ასაკის ჩათვლით მოზარდების ინტერესებზე მორგებული პერსონაჟია. მარტო ანიმაციაზე არ ვიქნებით დამოკიდებული, ეტაპობრივად დაიგეგმება ყველაფერი. ახლა ვართ ჩამოყალიბების პროცესში. ეს არის შემეცნებით-გასართობი ხასიათის ანიმაციური გმირი. ინფორმაცია, რომელსაც ამ
საიტის საშუალებით მიიღებთ, რა თქმა უნდა, იქნება გადამოწმებული და სანდო. რაც მთავარია, პროექტის განმავლოაბში არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება დაიგეგმება, რომლითაც ბავშვებს დავეხმარებით. სამწუხაროდ, მეტ დეტალებზე ვერ ვისაუბრეთ, რადგან აქამდე ამ ტიპის პროექტი არ განხორციელებულა. ეს პროექტი თავიდან ბოლომდე თიკოსთვისაც და ჩვენთვის, არის სხვა კუთხით ძვირფასი და მნიშვნელოვანი.
mshoblebi
- თიკა, რას გაძლევს შენ, როგორც ტატას მშობელს, ეს ანიმაციური გმირი?
- ჩემი ცხოვრების 24 საათი აბსოლუტურად ათვისებული ჰქონდა ტატას. ჩემი მიზანია, რომ დრო გამოვყო და ისევ და ისევ დავუთმო ტატას სახელს, ტატას უკავშირდება ეს ყველაფერი. ჩემთვის ეს პროექტი არის ტატაზე ზრუნვის გაგრძელება. არ სრულდება ტატას ცხოვრება ცუდი ამბით. არ მაქვს სურვილი, რომ იტირონ, პირიქით მინდა, რომ ის ყველაფერი, რაც ტატას გააჩნდა და რისი რეალიზების სურვილიც ჰქონდა, განვახორციელოთ. მისი დატოვებული ჩანაწერების მიხედვით შექვმენით ეს ანიმაციურ გოგონა, რომელშიც ჩადებულია სიყვარული, სიკეთე, მისი ენერგია. წარმოიდგინეთ, ყველაფერი თვითონ ჰქონდა დაწერილი, როგორ უნდა შეიქმნას პროექტი, როგორ უნდა განვითარდეს. ნინუკას დაესიზმრა და უთხრა, რა უნდა გვექნა. რომ მიყვებოდა სიზმარს, ვუთხარი, ჩქარა დახატე და გადმომიგზავნე, როგორი ლოგოა-თქო. ზუსტად აქედან დავიწყეთ ყველაფრის შექმნა.
ნინუკა გაგუა:

- მე როგორც მის ნათლიას, ტატა სულ სხვანაირად მიყვარს. ვფიქრობდით, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაცოცხლოთ. წიგნიც იწერება, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ მისი არსებობის გაგრძელება, სწორედ ეს ანიმაციური გმირი გახდებოდა.

თიკო ჩხეიძე:
- ნინუკას დაესიზმრა და დავალება მისცა. იმ საღამოს ბაკურიანში ვიყავი და ცას რომ ავხედე "ტ" ასო, ის, რაც ლოგოზე არის დატანილი, ვარსკვლავებით იყო გარემოცული. მერე ნინუკამ მითხრა, გადამექექა ტატას ნივთები. ერთად არაერთხელ გადაგვიქექია და რომ დავიწყეთ ძებნა, იმდენი საინტერესო რამ ვნახეთ მის ჩანაწერებში, ეს უკვე იყო ბიძგი, შეგვექმნა ანიმაციური გმირი, რომელიც მას ძალიან ჰგავს.
mshoblebi

- რაზე ოცნებობდა თვითონ, მომავალში ვინ სურდა რომ გამოსულიყო?
- იმდენი რაღაცით იყო დაკავებული, რომ ზუსტად არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომელ სფეროს დაუკავშირებდა ცხოვრებას. ბოლო ერთი წელი არავის დაბადების დღეზე არ ვყოფილვართ, ისე ვიყავით მის სურვილებზე გადართული, ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა. ბალეტზე დადიოდა, ისე კარგად ცეკვავდა, რომ შემოგვთავაზეს უფასოდ ჩარიცხულიყო და პროფესიონალურად გაეგრძელებინა ბალეტის სწავლა. უფრო მეტად განათლებაზე და ცოდნის მიღებაზე იყო ორიენტირებული. წერდა, ხატავდა. წიგნები აქვს, რომელსაც ყდა აქვს, წარწერა აქვს, რის შესახებ უნდა იყოს, მაგრამ წიგნის ყველა ფურცელი არის ცარიელი, მხოლოდ სათაურები აქვს ჩამოწერილი. ამ ანიმაციური გმირის დღიურშიც გადმოვიტანთ იმ თემებს, რომელთა შესახებაც ტატა ფიქრობდა. ძალიან კარგად ითვისებდა უცხო ენებს.... მან შეძლო ყველაზე მთავარი, მიმართულება მომცა, მეკეთებინა სიკეთე, გამეცა სიყვარული, სიკეთის კეთების გზა მაჩვენა. ყველასთან ურთიერთობდა, არ მინდა ცუდად გამიგონ, ქუჩაში მდგარ უპოვრებასც ისეთი სიყვარულით ესალმებოდა და მეგობრობდა მათთან. ასეთი იყო, სიყვარულს გასცემდა დიდი დოზით. მას ჰქონდა ყველაფერი ის, რისი შეძენაც შეუძლებელია. ასეთი ქარიზმატული დაიბადა. ყველასთვის იყო დასახმახსოვრებელი. სკოლაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე ტექსტი უნდა წამეკითხა და ტატამ თავისებურად დაიწყო ამის გადმოცემა - ჟესტებით, იმპროვზაციის გასაოცარი უნარი ჰქონდა. მთელი დარბაზი ხარხარებდა, ისე აკეთებდა ყველაფერს. ძალიან ბევრი სამოსი ჰქონდა, მაგრამ შეეძლო გახეულითაც ევლო, ყოფილა შემთხვევები, "შლოპანცებით", სახლის ჩუსტებით წამოსულა სტუმრად. არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა, რა ეცმეოდა, თავისი სტილი ჰქონდა... ჩემი რჩევა იქნება, რომ მშობელი არ ეკამათოს შვილს, მოუსმინოს მას, ბავშვებს ყველაზე ნამდვილი და მართალი ემოციები აქვთ... ვფიქრობთ, რომ მართლაც ინოვაციურ პროექტს შევთავაზებთ ბავშვებს, ტელეფონითაც იმართება ჩვენი ანიმაციური გმირის დღიური. ეს პერსონაჟი იქნება ბავშვების ძალიან დიდი მეგობარი და არ იქნება მხოლოდ ტატას სამყაროთი შემოფარგლული, ისეთ ინფორმაციაებს მოგვაწვდის, რომელიც ბავშვის ყოველდღიურობაზე იქნება მორგებული.
mshoblebi

- ნინუკა, თქვენი წარმოდგენით, როგორ შეხვდებოდა ამ ანიმაციურ გმირს ტატა?
- მისი დაბადების დღიდან მოყოლებული, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სულის ნაწილი იყო. ამ პროექტით ვთვლი, რომ მას ძალიან ვახარებთ. გვეტყოდა, გოგოებო, რა მაგრები ხართ. ძალიან უყვარდა, როცა სხვებს აქებდა და ნამუშევარს უწონებდა, უფასებდა. კარგი რჩევების მოცემა იცოდა. მასზე ვიყავით ბევრ რამეში დამოკიდებული, მას ვეკითხებოდით აზრს.

არ გვინდა ვინმემ იფიქროს, ვაჭარბებთ, როცა მის შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ. ის იყო შემდგარი პიროვნება. პატარა იყო დიდი შესაძლებლობებით. ზრდასრულებსაც კი გვიჭირს კითხვის დასმა, თუ ვინ ვარ მე... მან თავისი ჩანაწერებით, ნახატებით, ქცევებით გასცა ამ კითხვას პასუხი. არ შეგვეძლო, რომ მისი დანატოვარი არ გაგვეცნო თანატოლებისთვის და არ გაგვეგრძელებინა ის გზა, რომლის გავლაც ტატამ დაიწყო.
mshoblebi
რუსკა კილასონია

878
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები