სოციალურ ქსელში დღეს ბევრი წერს ქართველ ფალავანზე, რომელიც დღეს 2020 წლის საქართველოს ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორის, თუმცა ამას ტრაგიკული მოვლენა უძღოდა წინ. როგორც ფეისბუქგვერდი "ქართული ჭიდაობა ხალხური" იუწყება, ტრაგიკული ფაქტის შემდეგ სპორტსმენმა გააგრძელა ბრძოლა ჩემპიონობისთვის და მოიგო კიდეც:
"მინდა ყველა იცნობდეთ ამ ოქროს ბიჭს, სულით ხორცამდე ქართველს, ნამდვილ, ჭეშმარიტ - ფალავანს!!!
მეორე დღეა დ. დიღმის ფრენბურთის არენაზე იმართება საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის. მოგეხსენებათ, მეორე წელია ტურნირები ჭიდაობაში 2-დღიანი ფორმატით იმართება, ანუ პირველ დღეს წინასწრი ბრძოლები და ნახევარფინალი, მეორე დღეს - ფინალები. გუშინ 74-კგ. ნახევარფინალში სწორედ ჩვენი გმირი ლუკა მარიამიძე ასპარეზობდა ფინალში გასასვლელად, მისი მშობელი მამა მას დარბაზიდან ქომაგობდა და სამწუხარო ამბავი მოხდა - ქომაგობა-ნერვიულობაში ლუკას მამას გულის შეტევა მოუვიდა და სამწუხაროდ, შემთხვევა ფატალურად დამთავრდა - გულშემატკივარი, მშობელი გოჩა მარიამიძე გარდაიცვალა...
ლუკამ ის შეხვედრა მოიგო, მაგრამ ყველა ფიქრობდა, რომ დღეს ლუკა ფინალის ჭიდაობას ვეღარ შეძლებდა, თუმცა ლუკა მარიამიძე დღეს დარბაზში მოვიდა არა იმიტომ, რომ საქართველოს ჩემპიონი გამხდარიყო (ეს ტიტული და ზოგადად ტიტულები არ აკლია), არამედ მამის ხათრით, საპატივცემულოდ... დღეს ლუკამ ფინალური შეხვედრა წმინდად მოიგო, ცრემლი ვერ შეიკავა ისე, რომ ეს არ უთქვამს, მაგრამ ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ლუკამ ეს გამარჯვება მამის ხსოვნას მიუძღვნა..."