4 წლის ბარბარე გიორგაძეს სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი იცნობს. მისი ვიდეოები უამრავი ადამიანის მოწონებას იმსახურებს. როგორც დედა, სოფიო ბუცხრიკიძე ამბობს, ბავშვს ეს პროცესი ძალიან მოსწონს. სოფიო შვილებისა და მათთან ურთიერთობის შესახებ გვიყვება:
- ორი შვილი მყავს - 4 წლის ბარბარე და ორი წლის ლილე, ველოდებით მესამეს. ბარბარე ერთი წლიდან უკვე ლაპარაკობდა და მას მერე, არ გაჩუმებულა. არის ენაკვიმატი, ძალიან აქტიური, უკომპლექსო, მხიარული.
სიგიჟემდე უყვარს დაიკო, რომელიც ასე არ ლაპარაკობს და ძალიან მშვიდია. ბარბარეს რომ შევატყობდი, რაღაცას უცნაურს და სასაცილოს ამბობდა, რაც, ვფიქრობ, მისი ასაკისთვის ცოტა მულოდნელი და ჩემთვისაც გასაკვირი იყო, მაშინვე ვიღებდი და ჩემს პროფილზე ვტვირთავდი.
- როდის გადაწყვიტეთ, რომ ვიდეოები გაგესაჯაროებინათ?
- მეც და ბარბარეც ვერთობოდით. ორივეს მოგვწონდა. შემდეგ უამრავი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა ამას. წაიღო სხვადასხვა გვერდმა და ძალიან პოპულარული გახდა. თავიდან მხოლოდ ჩემთვის ვტვირთავდი. შემდეგ მთხოვდნენ, რომ გამესაჯაროებინა და გაზიარების უფლება მიმეცა.
- როგორი გამოხმაურება მოჰყვა, უარყოფითი კომენტარებიც იწერებოდა?
- დიახ, დაუწერიათ, რომ აღუზრდელი, ამაზრზენი და დროზე ადრე დაქალებული ბავშვია. მათ, ძირითადად, არ ვპასუხობ. უბრალოდ გული ძალიან მეტკინა. ამ ვიდეოების დადების შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა, რომ გამეკეთებინა ცალკე გვერდი ბავშვისთვის, მეგობრებმაც მირჩიეს. ბევრი ფიქრის შემდეგ, გავაკეთე გვერდი სახელად "ბარბარეს დღიურები". თუმცა, ერთ კვირაში წავშალე. ზოგი ისეთ კომენტარს წერდა, ვერ ვუძლებდი. ბევრი დადებითი კომენტარი იყო, მაგრამ უარყოფითებს ვინც წერდა, შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები ეყენათ პროფილზე. ძალიან მიკვირდა. როცა დედა ხარ, სხვის შვილზე რატომ უნდა თქვა მსგავსი რამ, რაც არ უნდა ამაზრზენი და ცუდი იყოს? როცა არ იცი, როგორ ოჯახში იზრდება და როგორ უყვართ.
- ვიდეოებს წინასწარ გეგმავთ?
- არა, ძირითადად როდესაც იწყებს საუბარს და ვხვდები, რომ რაღაც ისეთი უნდა თქვას, ვიმარჯვებ კამერას და ვუღებ. ხანდახან კიდევ იმეორებს ერთხელ ნათქვამს და მაგ დროსაც შემიძლია გადავუღო. ერთ-ერთ ვიდეოში ბარბარე ამბობს, დედამთილი და მული როგორ უნდა ავიტანოო. ამ ვიდეოს უამრავი გაზიარება და კომენტარი ჰქონდა და ძირითადად წერდნენ, რომ დედამ დაარიგა და მას აქვს პრობლემები მულთან და დედამთილთანო, როცა მული საერთოდ არ მყავს, დედამთილი კი არაჩვეულებრივი ადამიანია. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ წამეშალა გვერდი. შემდეგ ჩემს პროფილზე ავტვირთავ ხოლმე და ძალიან მოსწონთ. ბარბარეს ცეკვა და სიმღერა უყვარს და მეუბნება, გადამიღეო. ძალიან ერთობა ამ პროცესით.
- ბავშვი თუ აქცევს ყურადღებას საზოგადოების გამოხმაურებას?
- სოციალური ქსელიდან არა, მაგრამ მაღაზიაში რომ ჩამყავს, ყველა ცნობს, ეფერებიან და ტკბილეულზე პატიჟებენ, რაც ძალიან მოსწონს ბავშვს. ეუბნება ხოლმე კიდეც, ახალი ვიდეო დავდე და ხომ არ გინახავთო.
- მახსოვს, წლების წინ დედა და შვილები ერთნაირად იცვამდით და ამითაც მიიქციეთ ჩვენი ვებგვერდის ყურადღება, აგრძელებთ ამ ტრადიციას?
- ყოველ ჯერზე არა, მაგრამ, ვაგრძელებთ. ძირითადად, როცა სადმე მივდივართ სასეირნოდ. უფრო დადებითი რეაქცია აქვთ, თუმცა გამიგია "მეტი საქმე არ აქვს?", "რად უნდათ ერთნაირი ტანსაცმელი?" და ასე შემდეგ.
- თქვენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილებთან ურთიერთობისას?
- პირველ რიგში, სიყვარული. ყველა დედას უყვარს თავისი შვილი, მაგრამ უნდა გაუგო შვილს, სულ მის სადარაჯოზე იყო და არასდროს დაიღალო. სიკეთე და სიყვარული უნდა ვასწავლოთ ბავშვებს. მოვუწოდებ სხვა ადამიანებს, რომ ბავშვებზე, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩემი თუ სხვისი, ზიზღით ნუ ილაპარაკებენ, მით უფრო, როცა არ იცით, როგორ იზრდებიან ისინი.
ნახეთ ბარბარეს კიდევ ერთი მხიარული ვიდეო:
Video 'როგორ გამაჩინა ღმერთმა ასეთი ლამაზი...' - 4 წლის ბარბარეს მხიარული ვიდეო
თამარ იაკობაშვილი