იაკო ნებიერიძე, გერმანია:
"გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. ახლა დაავადებულთა რიცხვი 100-ს აჭარბებს და ახალი შემთხვევები ყოველდღიურად ემატება, მაგრამ ჩვენ რაიმე ზომების გამკაცრებას ვერ ვგრძნობთ. ხალხი აქაც პანიკაშია. მარკეტში არც ფქვილია, არც ბურღულეული და არც ხორცი, აფთიაქებშიც პირბადეების და სადეზინფექციო ხსნარების დეფიციტია. საქართველოსგან განსხვავებით, აქ არც მარკეტებია ბევრი, არც აფთიაქია ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რომ ერთგან თუ არ დაგხვდება რამე, მეორეგან მოიკითხო. ჯანდაცვის მაღალჩინოსნებიდან არავინ გამოდის ტელევიზიით და არ გვაყენებს საქმის კურსში. მხოლოდ საინფორმაციოში ახსენებენ მსოფლიო სტატისტიკასთან ერთად. არც არავინ გვამშვიდებს ყოველ საღამოს ტელეეთერებიდან, რომ იოლი ინფექციაა და არ ვინერვიულოთ. სამაგიეროდ, არც სოციალური ქსელებია აქ გავრცელებული, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გინდ შიში და გინდ - იმედი.
იმის უფლებაც არ მაქვს, ბავშვი სკოლაში არ გავუშვა, სწავლა არც ბაღებში შეწყვეტილა, არც სკოლებში, უნივერსიტეტებზე აღარაფერს ვამბობ. თქვენსავით არც ნაირ-ნაირ ცხელი ხაზის ნომრები გვაქვს შემოთავაზებული, რომ დავრეკოთ და კითხვები დავსვათ, შეიძლება არსებობს ასეთი ცხელი ხაზი, მაგრამ ისე კარგად არ არის გაჟღერებული, რომ ყველამ ვიცოდეთ.
ოჯახს, სადაც მე ვმუშაობ, შვილი ჩამოუვიდა იტალიიდან 2 დღის წინ. ვხედავ, რომ გაციებულია, ახველებს, მაგრამ არც კარანტინშია და არც იზოლირებული. დადის ჩვეულებრივ თავისუფლად. სულ ტყუილად ლანძღავთ მან ექიმებს და მთავრობას. აქ არავინ ატარებს დეზინფექციას ტრანსპორტში და მეტროში, მანდ გაცილებით უკეთ გიცავენ. ისიც კი არ ვიცი, სად უნდა განვაცხადო, რომ კონტაქტი მქონდა იტალიიდან დაბრუნებულ, გაციებულ ადამიანთან.
ქეთი ვარდი, ლონდონში მცხოვრები პიანისტი:
"აქ პანიკა არაა, მხოლოდ ის სკოლები დაკეტეს, სადაც ვირუსი აღმოჩნდა. ისე არავინ დადის პირბადით, მაგრამ ძალიან გამძლავრდა, მხოლოდ ამ ორ დღეში დაემატა 25 შემთხვევა. მოგვწერეს, რომ ხელები ვიბანოთ და ხალხმრავალ ადგილებს მოვერიდოთ. ასევე სკოლებიც გვწერენ. ვინც იმოგზაურა, იმათ თხოვენ მეტ ყურადღებას. ისე, პირბადეები აქაც ძალიან გააძვირეს, 50 ფუნტიაო შეკვრა (200 ლარამდე დღევანდელი კურსით), სადეზინფექციო ხსნარიც ვერ ვიყიდე, აღარაა.
შიომ, სკოლაში შესვლისთანავე გელს გვისმევენ ხელზეო, მერე დღის განმავლობაშიც რამდენიმეჯერმე იმეორებენ. მასტერკლასები აქვთ, როგორ უნდა დაიბანონ სწორად ხელები.
მაია ტურაბელიძე, იტალიაში მცხოვრები მთარგმნელი:
"მე იტალიაში ვცხოვრობ, მართალია, არა წითელ ზონაში, მაგრამ შემიძლია მცირე მონახაზი ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, კორონავირუსის ირგვლივ მაინც გავაკეთო. რამდენადაც ვიცი, ეს ვირუსი ჩრდილო იტალიაში შემოვიდა, კერძოდ, მილანსა და მის შემოგარენში. საშიშროების მიხედვით იტალია წითელ, ყვითელ და მწვანე ზონებად დაიყო. წითელ ზონაში ადამიანებს ძირითადად კარანტინში ყოფნა ევალებათ, თუმცა გარეთ მაინც გადიან, ხალხმრავალ ადგილებს კი ერიდებიან. დახურული ზონიდან გასვლა ვინც მოასწრო, სამხრეთში, ნათესავებთან გაემგზავრა. სასწავლებლები და ოფისები დაიხურა, რაც არ ნიშნავს ტყუილად ჯდომას. ხალხი აქტიურად ყოფნას, სწავლასა და სამუშაოს ელექტრონულად შესრულებას მაინც აგრძელებს. მაღაზიებიც, რა თქმა უნდა, დაცარიელდა. სახლში მყოფ ადამიანს ხომ კვება სჭირდება! ეს რაც შეეხება წითელ ზონას, იტალიის დანარჩენ ნაწილში კი სიმშვიდეა, თუმცა სწავლა და მუშაობა ერთი კვირით შეწყვიტეს და შენობებს დეზინფექცია ჩაუტარეს, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, არსებობდა ვირუსი თუ არა. სურსათის დეფიციტი წითელი ზონის გარდა არსად არ არის. იქაც სოცმომსახურება არსებობს და კარანტინში მყოფთ წამალსა და საკვებს ადგილზე აწვდის. სხვაგან ხალხი მშვიდად გამოდის და ჩვეული ცხოვრების რიტმს მისდევს.
პანიკა, რომელსაც ტელევიზია წარმოშობს, ადამიანს ღუპავს, მე ასე ვიტყოდი. ეს ისეთი ზეწოლაა, რომ შეიძლება შიზოფერენიაც გამოიწვიოს. ჩემი მეგობარი, რომელიც საშიშ ზონაში არც კი იმყოფებოდა და ვირუსიც არ ჰქონდა, ინფორმაციას მხოლოდ ტელევიზიით იღებდა, პანიკის გამო საშინელ დღეში ჩავარდა, კვების სურვილი დაეკარგა და უძილობაც დაეწყო: ღამით იღვიძებდა, საკუთარ თავს ამოწმებდა, თუ სუნთქავდა, ცოცხალი თუ იყო. დიდი დაჟინებით ის მე ტელევიზორს მოვაშორე, საინფორმაციო წყაროებს მოვწყვიტე და ცხოვრების ჩვეულ რიტმში ჩავაჯინე. ვინც არ უყურებს ასეთ გადაცემებს, მშვიდად არის და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში განაგრძობს.
ანი კოლ-შიმშილაშვილი, ისრაელი. ამონარიდი მისი საჯარო პოსტიდან:
ისრაელის აეროპორტში კაპიტანი აცხადებს დაჯდომისას: თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყავით კორონავირუსის ზონის ქვეყნებში, დაუკავშირდით კორონავირუსის ცხელ ხაზს.
სიცხეს არავინ გიზომავს და არც არაფერს გეკითხებიან, სულ ჭლექიანივით რომ ახველო!
კორონავირუსის ცხელი ხაზი კი ცალკე ისტორიაა!
ექიმთან ვერ მიხვალ, კორონას სიმპტომები თუ გაქვს, რეკავ კორონას ცხელ ხაზზე და იქ იღებ რეკომენდაციებს.
პროტოკოლის შეკითხვები საერთაშორისოა: რას გრძნობთ, რამდენია სიცხე და ასე შემდეგ..
9 მილიონ მოსახლეობაზე ჯერ 12 ავადმყოფია.
კარანტინში კი ბევრნი და იმყოფებიან მდგომარეობის მიხედვით ზოგი შინა კარანტინში, ზოგიც კი საავადმყოფოს ეზოში წამოჭიმულ კარვებში და არა 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში.
არც ერთ ქვეყანაში: არც ამერიკაში, არც კანადაში და არც ისრაელში არავინ არ რეცხავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არც მეტროს კედლებს!
არსად ისე არ გხვდებიან ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ესოდენ დაცული პროტოკოლით, როგორც საქართველოში!
არსად ასეთი მობილიზება არაა!“