"დაგვიგროვდა გამოცდილება, რომ კორონავირუსით დაავადებულებს ლაბორატორიული კვლევით სისხლის საერთო ანალიზის ცვლილება აღენიშნებათ, რომელიც ამ დაავადებას ახასიათებს" - აღნიშნულთან დაკავშირებით თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ასევე ძალიან საინტერესო ფაქტი გამოვლინდა და უკვე დაგვიგროვდა გამოცდილება, რომ კორონავირუსით დაავადებულებს ლაბორატორიული კვლევით სისხლის საერთო ანალიზის ცვლილება აღენიშნებათ. ლაბორატორული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ ლეიკოციტების რაოდენობა იკლებს, ვითარდება ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ტრომბოციტოპენია, ამასაც ვაკვირდებით. აღნიშნულს არც ერთ პაციენტთან სახიფათო საზღვრისთვის არ მიუღწევია. ამ დაავადებას ერთი ვერაგი თვისება ახასიათებს, ის შეიძლება დაიწყოს მსუბუქად და შემდეგ გართულდეს, ამიტომ ვიჩენთ ამდენ ყურადღებას", - განაცხადა ცერცვაძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა, სტაბილურია.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ნიკოლოზ გამყრელიძემ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება გამოიჩინა და საავადმყოფოს თავად მიაკითხა.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აქვს მინიმალური სიმპტომები, ტემპერატურა 37. 3. სხვა გადახრები მას არ აღენიშნება. ის თავად მოვიდა აქ, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება გამოიჩინა, ასე უნდა იქცეოდეს ყველა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
"დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა. ჩვენს კლინიკაში პაციენტი იყო შემოსული, მაგრამ მისი გამოკვლევის შედეგი ცნობილი არ იყო. მისი გამოკვლევის შედეგი ახლა ცნობილია. მე-13 პაციენტი დაინფიცირდა იტალიიდან ჩამოსული იმ პირისგან, რომელსაც მანამდე 2 პირი ჰყავდა დაინფიცირებული", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 42 ადამიანი გადის.